„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე რადიო თავისუფლების ეთერში შუალედურ არჩევნებს აფასებს:
„ასეთი დაძაბული გარემო ზოგადად, ცხადია, არის დამაზიანებელი და არ არის პოზიტიური საარჩევნო პროცესისთვის. არჩევნები არ უნდა იყოს მოქალაქეებისთვის სტრესული გამოცდილება, არამედ პირიქით - ახალი შესაძლებლობების შანნს უნდა იძლეოდეს“.
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელ არჩევნებზე გამოიკვეთა ტენდენცია, როცა საარჩევნო პროცესი უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს:
„ბოლო პერიოდში დაგვჩემდა ასეთი არჩევნები, რომ ერთი მხრივ საარჩევნო უბნებზე, შიგნით, ძირითადად პროცედურების დაცვით მიმდინარეობს პროცესი, მაგრამ ამას ახლავს გარკვეული დაძაბულობები, განსაკუთრებით, უბნების მიმდებარედ, მის გარე და რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდში.
ასეთ პირობებში, როცა გარეთ ასეთი დაძაბულობაა, მობილიზება მოქალაქეების, შესაბამისად, პოლიციის მაღალი მობილიზებაა, პრაქტიკულად, ელემენტარული სიტუაციებიც კი კინკლაობაში, დაძაბულობაში და დაპირისპირებაში გადაიზრდება. ისევ 2020 წლის კონტექსტში თუ შევხედავთ, ეს იქნება ძალიან რთული“.
მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო ხმის მიცემის პროცესი დროებით შეფერხდა კიდეც. დაძაბულობის მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ზუგდიდისა და მარნეულის ოლქები.
სერიოზულ დარღვევებზე საუბრისას გამოყოფს მარნეულის ორ უბანს, რომლის შედეგების გაუქმებასაც მოითხოვს ორგანიზაცია:
„ეს ეხება 68-ე და 84-ე საარჩევნო უბნებს. 84-ე უბანზე, პრაქტიკულად, ხმის დათვლის პროცესში: ყუთი გატეხეს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, შუქი ჩაქრა და ამ ფონზე, ცხადია, ამ კონკრეტული უბნის შედეგების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 68-ე უბანზე პრაქტიკულად არჩევნები არ მიმდინარეობდა. ეს იყო სრული ქაოსი, უამრავი დარღვევა: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რამდენჯერმე ხმის მიცემა, ბიულეტინების ჩაყრა, ამომრჩევლების არასწორი რეგისტრაცია, დამკვირვებლისთვის უფლების შეზღუდვა - ძალიან ბევრი პრობლემა იყო კონცენტრირებული, რაც საერთო ჯამში მიუთითებს, რომ რთულია ვენდოთ ამ უბნის შედეგებს“.
მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, რომ მთლიანად მარნეულის ოლქის შედეგებზე ამ ორი უბნის შედეგების გაუქმება მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდებს, მაგრამ საჭიროა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ დარღვევებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.