Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პროგრესი იქნება არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს, არამედ ის, თუ როგორ ჩატარდება პროცესი"


მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი
მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი

შუალედურ არჩევნებამდე 4 დღე რჩება. წინასაარჩევნო გარემოთი თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტად დუღილი ზუგდიდში იგრძნობა, სადაც კიდევ 4 ოლქის მსგავსად 19 მაისს მერს ირჩევენ. ამავე დღეს თბილისის მთაწმინდის ოლქში აირჩევენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატს. საქართველოს სხვადასხვა ოლქში არჩეული იქნებიან საკრებულოს გამოკლებული დეპუტატები.

14 მაისს გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ასახულია ზუგდიდში მერობის ოპოზიციონერი კანდიდატისა და მედიის წარმომადგენლის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ინციდენტი, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მხრიდან. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ „დილის საუბრებში“ განაცხადა:

„ნებისმიერი შემთხვევა, როცა კანდიდატებზე ხდება გარკვეული სახის ძალადობრივი ინციდენტი და კამპანიური ღონისძიების თუ სხვადასხვა ღონისძიების ხელშეშლის მცდელობა, ეს ცხადია, არის პრობლემური, თუმცა, აქ ჩვენთვის ასევე პრობლემურია ის, რომ ჟურნალისტზე და მედიის წარმომადგენელზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი, რაც, რა თქმა უნდა, წარმოადგენს დანაშაულს - ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას და საარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ მედიის წარმომადგენლებს უსაფრთხოდ შეეძლოთ უფლებამოსილებების განხორციელება.

კარგია, რომ დაიწყო გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ სრულყოფილად წარიმართოს გამოძიება“.

მიხეილ ბენიძე ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე ჩანაწერზე, რომელიც მედიით გავრცელდა:

„ასევე გუშინ გავრცელდა მედიით ფარული ჩანაწერი, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი, სავარაუდოდ, ამ ჩანაწერის ავთენტურობის შემთხვევაში, საუბრობს. რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება ამ ჩანაწერში. აქ საუბარია ერთი მხრივ გარკვეულ თათბირზე, სადაც გაიცა თანხმობა, თბილისიდანაც იყვნენ წარმომადგენლები, რომ ნებისმიერი მეთოდით მოიპოვოს ხმები მმართველმა პარტიამ: მოსყიდვაზე, დაშინებაზე, გატაცებაზე იყო ლაპარაკი, ასევე ერთ-ერთ ადგილობრივ მეწარმეზე მუქარის შესახებ. როგორც ვიცი, გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს მოსყიდვის ნაწილზე. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია გამოძიებამ დაადგინოს - ჰქონდა თუ არა ადგილი ასეთ თათბირს და ვინ აორგანიზებს ასეთ ღონისძიებებს, ვინ იძლება ინსტრუქციებს თბილისიდან, მათ შორის“.

ISFED-ი სრულად მოიცავს ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის ოლქებს და აქ პარალელურ დათვლასაც განახორციელებს.

სხვა ოლქებში ორგანიზაციის დამკვირვებლები მობილური ჯგუფებით იქნებიან წარმოდგენილები.

რაც შეეხება ინციდენტებსა და დარღვევებზე გავრცელებულ ინფორმაციას, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ ნებისმიერი ასეთი ქმედება „სერიოზულად უქმნის საფრთხეს არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებას და კონსტიტუციურად გარანტირებულ არჩევნის უფლებას ართმევს მოქალაქეს“. მიხეილ ნებიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ახლანდელი წინასაარჩევნო გარემო ზეგავლენას ახდენს საზოგადოების მოლოდინზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება:

„როცა ასეთი მეთოდების შესახებ გვესმის ისეთ არჩევნებზე, რომელსაც, შეიძლება, არ ჰქონდეს დიდი პოლიტიკური ცვლილებების პოტენციალი, ცხადია, ძალიან დიდი წუხილები და კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩნდეს - რას შეიძლება ველოდეთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან 2020 წლის არჩევნებზე, რომელიც გადაწყვეტს ამ ქვეყანაში ხელისუფლების და ქვეყნის სათავეში მყოფი პირების ბედს“.

მიხეილ ბენიძე რადიო თავისუფლების ეთერში განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა პოლიტიკური შედეგით დასრულდება არჩევნები, არამედ ის, თუ როგორ ჩატარდება საარჩევნო პროცესი:

„პროგრესი იქნება არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს, არამედ ის, თუ როგორ ჩატარდება პროცესი. თუ პროცესი იქნება სამართლიანი, თუ პროცესი მისცემს საშუალებას მოქალაქეებს ხმა მისცენ ზეწოლის, მოსყიდვების, დაშინების, გატაცების და მსგავსი სამართალდარღვევების გარეშე, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს ამ პროცესში. მთავარია, სამართლიანი პროცესით გაიმარჯვოს. ამას უყურებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. არც სხვა ქვეყნებიდან ჩვენი მეგობრებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა კონკრეტულად ვინ გაიმარჯვებს ამა თუ იმ არჩევნებში. მათთვის მნიშვნელოვანია ის, რომ სამართლიანი და დამსახურებული იყოს ეს გამარჯვება. ეს არის მთელი სადამკვირვებლო, მათ შორის, ჩვენი ორგანიზაციების როლი, რომ უზრუნველვყოთ და ხელი შევუწყოთ სამართლიან პროცესს და ის, რომ სადაც რაღაც ირღვევა ან არ მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, ამაზე ვისაუბროთ ხმამაღლა“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG