Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული არც ერთი პარლამენტი, თუ ასეთი 2020 და 2024 წელს შორის ჩატარდება, არ იქნება ოთხწლიანი პარლამენტი"


მიხეილ ბენიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი
მიხეილ ბენიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი

11 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული ნაწილის განხორციელება.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ 12 მარტის „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ დღევანდელ კონტექსტში მას ამ კანონპროექტის მიმართ შენიშვნები ნაკლებად აქვს:

„ცხადია, ეს არ არის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არსებულ რეალობაში ეს სისტემა არის ერთ-ერთი, ალბათ, საუკეთესო გამოსავალი, რაზეც შეიძლებოდა ყოფილიყო შეთანხმება. ის ინფორმაციაც, რაც კანონპროექტშია შესული, ძალიან დიდ რისკებს არ შეიცავს“.

მიხეილ ბენიძის ვარაუდით, იმ სისტემით, რომელიც ცვლილებათა პროექტშია აღწერილი, გაუნაწილებელი მანდატები არ უნდა დარჩეს:

„მათ, როგორც წესი, წარმოშობს ხოლმე ბარიერის არსებობა. 1% საკმაოდ დაბალი ბარიერია, მაგრამ თუ იქნება რამდენიმე გაუნაწილებელი მანდატი, ის გადანაწილდება სხვადასხვა პარტიაზე“.

რაც შეეხება ე.წ. ჩამკეტის პრინციპს, ISFED-ის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლების აუდიტორიისთვის განმარტავს:

„ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, არის ამ ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც მე-3 პუნქტშია. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჯამური მანდატების წილი - პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების შეჯამებით რასაც მიიღებს პარტია - არ უნდა აღემატებოდეს რეალურად, პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტულ მაჩვენებელს. ფორმულებში რომ არ შევიდეთ, ეს არის ზუსტად ის ე.წ. ჩამკეტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ 40%-იან პარტიას ან ბლოკს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, დააკომპლექტოს მთავრობა. ეს ფორმულა გამოითვლება ისე, რომ პროპორციულით და მაჟორიტარულით მიღებული მანდატების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 150 მანდატიდან, ანუ სრული რაოდენობიდან ნაანგარიშები პროპორციული მაჩვენებლისა და მისი ერთი მეოთხედის ჯამს. ანუ სისტემა თეორიულად უშვებს, რომ მიღებულ პროცენტთან შედარებით ერთი მეოთხედით მეტი ჰქონდეს, მაგრამ არა ამაზე მეტი.

მაგალითად, პარტიამ აიღო 40%, გამოითვლება 150-დან 40%. ეს არის 60 მანდატი. ამ მანდატების ¼ არის 15 მანდატი. 60+15=75, ანუ 40%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, მაქსიმუმ 75 მანდატი შეუძლია მიიღოს პარტიამ“.

მიხეილ ბენიძის შეფასებით, საკუთრივ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესაბამისი სისტემა არც ერთ პოლიტიკურ ძალას ჩააყენებს უპირატეს მდგომარეობაში:

„სისტემა, რომელიც დღეს მივიღეთ, ჩემი აზრით, არც მმართველ პარტიას აყენებს თავიდანვე უპირატეს მდგომარეობაში და გარანტირებული არ აქვს მმართველ პარტიას, რომ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და არც ოპოზიციას აყენებს ისეთ პირობებში, რომ გარანტირებული ჰქონდეს მმართველი პარტიის დამარცხება“.

ინიცირებული ცვლილებების პროექტით, რამდენი რიგგარეშე არჩევნებიც უნდა ჩატარდეს 2024 წლამდე, საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად ჩატარდება 2024 წლის ოქტომბერში:

„ამ ცვლილებების ნაწილია ის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ყველა ვარიანტში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. ანუ, რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული არც ერთი პარლამენტი, თუ ასეთი 2020 და 2024 წელს შორის ჩატარდება, არ იქნება ოთხწლიანი პარლამენტი. მის ბოლო ვადად ყველა ვარიანტში 2024 წელი განისაზღვრება და უშუალოდ 2024 წელს არ იქნება შესაძლებელი რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

მე როგორც ვხვდები, მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანი იყო მსგავსი ჩანაწერი იმისათვის, რომ საერთო შეთანხმებაზე წამოსულიყო“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG