Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისძვრა ავღანეთში: „პირველივე შერყევაზე ყველა სახლი ჩამოინგრა“


მიწისძვრა ავღანეთში
მიწისძვრა ავღანეთში

2440 ადამიანი დაიღუპა, 10 ათასამდე კი დაშავდა, - ასეთია ავღანეთის კატასტროფების სამინისტროს 9 ოქტომბრის დილის მონაცემები. ავღანეთში შაბათს, 7 ოქტომბერს 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ირანის საზღვართან, ჰერათის პროვინციაში. ამ რეგიონში დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. რეგიონი მთაგორიანია და მიწისძვრებიც ხშირად იცის. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7 ოქტომბერს, ჰერათში 9 მიწისძვრა მოხდა, აქედან ოთხი საკმაოდ ძლიერი - 10:41 საათზე - 6.3 მაგნიტუდა, 10:49 საათზე - 5.5, 11:10 საათზე – 4.7, 11:12 საათზე – 6.3.

ყველაზე მეტად დაზარალდა ის ადგილები, სადაც მოსახლეობა ტალახისგან შელესილ სახლებში ცხოვრობდა.

„პირველივე შერყევაზე ყველა სახლი ჩამოინგრა, - უთხრა ფრანს-პრესს ჰერათის მცხოვრებმა ბაშირ აჰმადმა, - ვინც სახლში იყო, შიგვე ჩაიმარხა. ზოგიერთი ოჯახის შესახებ დღემდე არაფერი ვიცით“.

თალიბანის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 2000 სახლზე მეტი დაინგრა ან დაზიანდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაზარალებულთა რიცხვი 11 000-ზე მეტი უნდა იყოს.

მიწისძვრა ავღანეთში
მიწისძვრა ავღანეთში

ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ სახლების ქვეშ მოყოლილი ადამიანები გამოიყვანონ. ცოცხლად გადარჩენილები ღამეებს ღია ცის ქვეშ ათენებენ. გაერო ვარაუდობს, რომ ჰერათის პროვინციის, ზინდაჯანის რაიონის 11 სოფელში, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი იყო, ყველა სახლი დაინგრა.

„რაც გვქონდა, ყველაფერი ქვიშად იქცა. დავიწყეთ მუშაობა ნიჩბებით და რაც ხელში მოგვხვდა იმით, რომ ნანგრევებიდან ქალები და ბავშვები ამოგვეყვანა. 20-30 კაცი დაგვეღუპა. აღარაფერი დაგვრჩა, არც საბნები, არც სხვა რამ“, - ეუბნება „როიტერსს“ ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ნეკ მოჰამადი.

მიწისძვრის ეპიცენტრში ჩავიდნენ ჰუმანიტარული ორგანიზაციები. მსოფლიო სასურსათო პროგრამის სპიკერი ვაჰიდ ამანი აცხადებს, რომ ჰერათის პროვინციაში უკვე რამდენიმე ათას ადამიანს მიაწოდეს სურსათი: „მზად ვართ, 20 000-მდე ადამიანს დავეხმაროთ“, - თქვა მან და დასძინა, რომ გაეროს სურსათის სააგენტო მზად არის ეს რიცხვი 70,000 ადამიანამდე გაზარდოს.

მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჯგუფებიც. ისინი ადგილობრივებს ნანგრევებში მოყოლილი ხალხის გადარჩენასა და მკურნალობაში ეხმარებიან. მოხალისეებმა ადგილზე სატვირთო მანქანებით საკვები, კარვები, საბნები ჩაიტანეს.

ავღანეთში ხშირია მიწისძვრები, განსაკუთრებით ჰინდუქუშის მთათა სისტების გასწვრივ, რომელიც ევრაზიისა და ინდოეთის ტექტონიკურ ფილებს შორის არის მოქცეული. მძლავრი მიწისძვრა იყო ავღანეთში 2022 წელსაც, მაშინ ფაქთიკის პროვინციაში ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

ავღანეთის მიწისძვრა წლის მესამე ყველაზე ტრაგიკული მიწისძვრაა, მანამდე იყო 6 თებერვლის მიწისძვრა, რომელსაც თურქეთსა და სირიაში 60 ათასამდე ადამიანი შეეწირა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 7.7 მაგნიტუდის იყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით - 7.8 მაგნიტუდის. განმეორებითი მიწისძვრა მოხდა თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალსაც. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა და სამ წუთში მოჰყვა მეორე - 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა.

ასევე ძლიერი, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა 8 სექტემბერს მაროკოში. მისი ეპიცენტრი მარაკეში-საფის რეგიონში, ქალაქ მარაკეშიდან დაახლოებით 72 კილომეტრში, ატლასის მთებში მდებარეობდა. მაროკოს სახელმწიფო ტელევიზიის მიერ 11 სექტემბერს, გამოქვეყნებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG