Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

365 მილიონი დოლარით ნაკლები ინვესტიცია - რამ გამოიწვია და რას გამოიწვევს?


საფონდო ბირჟაზე უმსხვილესი ბანკების აქციების ფასის ვარდნის პირობებში, რთული სათქმელია, წელსაც ყველაზე მეტ ინვესტიციას მოიზიდავს თუ არა საფინანსო სექტორი.
საფონდო ბირჟაზე უმსხვილესი ბანკების აქციების ფასის ვარდნის პირობებში, რთული სათქმელია, წელსაც ყველაზე მეტ ინვესტიციას მოიზიდავს თუ არა საფინანსო სექტორი.

წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები [FDI] 64%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ქვეყანაში 365 მილიონი დოლარით ნაკლები, სულ 201 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო.

პირველი კვარტალი იანვრიდან მარტის პერიოდს მოიცავს, ანუ იმ დროს, როცა მმართველ პარტიას ჯერ არ ეთქვა, რომ “აგენტების კანონის” „დაბრუნებას“ აპირებდა. კანონის მეორედ მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და პოლიტიკური ვნებათაღელვა დედაქალაქის ქუჩებში, რა გავლენას იქონიებს ინვესტიციებზე, ამას უკვე მეორე კვარტლის მონაცემებში გამოაჩენს. თუმცა, “აგენტების კანონის” მიღების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული სამივე ქართული კომპანიის აქციები დაეცა.

საინვესტიციო გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე საუბრობდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი [EBRD], რომლის პრეზიდენტმაც თქვა, რომ კანონი ინვესტორების ნდობას დაარტყამდა. EBRD ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო პარტნიორია, რომელსაც საქართველოში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული.

“აგენტების კანონის” მიღებიდან მალევე აშშ-მა სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მანამდე სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გადაიხედებოდა.

“წარმოიდგინეთ ამერიკელი ინვესტორი, რომელიც საკუთარ ხელისუფლებას უსმენს, ხოლო ისინი ამბობენ, რომ საქართველოსთან პარტნიორობას გადავხედავთ, დავაწესებთ სანქციებს, ამ პირობებში ის ინვესტიციების ჩასადებად საქართველოში არ გამოიქცევა. რაც შეეხება ევროპელ ინვესტორებს, აქ საქართველოს მთავარი მიმზიდველობა იყო ის, რომ გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები [ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება] ევროკავშირთან, მივდივართ ევროპაში და მოდით, ჩამოდით და წვდომა გექნებათ ამხელა ბაზარზე. საქართველოდან ეს იყო მთავარი შეთავაზება. ახლა ეს მოცემულობა ზიანდება, რადგან ევროკავშირის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ მათ ვშორდებით”, - ამბობს თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის [ISET] კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი გიორგი პაპავა და ამატებს, რომ დასავლეთიდან ინვესტიციების შემცირება შესაძლოა მეორე კვარტალშივე [აპრილი-მაისი-ივნისი] დაიწყოს.

ამავდროულად, არსებობს სანქციების გაფართოების რისკიც, ამას ითვალისწინებს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ინიციირებული კანონპროექტები MEGOBARI და „ქართველი ხალხის აქტი”.

“განვითარებული ქვეყნებიდან შემოსულ ინვესტიციებს მოჰყვება ცოდნა, ეს შეიძლება იყოს ტექნოლოგიების კუთხით, ასევე ჩნდება დასაქმების შესაძლებლობა, მათ შორის, შეიძლება უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებიც შეიქმნას. მაგალითად, ევროკავშირზე როცა ვსაუბრობთ, ქართულ ბიზნესს უჭირს იქ გასვლა სხვადასხვა რეგულაციის გამო, ასევე კავშირებია დასამყარებელი. ინვესტორი როცა მოდის, ნიშნავს, რომ უკვე კავშირებში გეხმარება და შესაძლებლობა გაქვს, შენს მიერ წარმოებული პროდუქცია სხვადასხვა ბაზარზე გაიტანო”, - ამბობს ეკონომისტი გიორგი პაპავა.

გიორგი პაპავა
გიორგი პაპავა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამი კომპონენტისგან შედგება:

  • სააქციო ან საწესდებო კაპიტალი;
  • რეინვესტიცია;
  • სავალო ვალდებულებები

საქსტატი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ითვლის იმ საწარმოებში, რომელთა წილის 10%-ზე მეტს უცხო ქვეყნის მოქალაქე ფლობს.

ბევრი უცხოური ინვესტიცია შემოდის საქართველოში?

შარშან ქვეყანაში თითქმის 1.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. იმის დასადგენად, ბევრია თუ ცოტა, ეკონომიკის მოცულობასთან მიმართებით უნდა დაითვალოს. შარშან ინვესტიციების წილი ეკონომიკაში 5%-მდე შემცირდა, მაშინ როცა, მაგალითად, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 8% იყო.

გასულ წლებში ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საფინანსო სექტორი იზიდავდა, შარშან აქ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა. საფონდო ბირჟაზე უმსხვილესი ბანკების აქციების ფასის ვარდნის პირობებში, რთული სათქმელია, წელსაც ყველაზე მეტ ინვესტიციას მოიზიდავს თუ არა ეს სექტორი.

“წინასწარი პროგნოზი რთულია, მაგრამ მგონია, რომ ["აგენტების კანონის" მიღების] გავლენას მაინც დავინახავთ. გარკვეული პერიოდი პოზიტიური დინამიკა გვქონდა, თუმცა, არა მგონია, ინვესტიციების კუთხით 2024 წელი ასე დავასრულოთ. პოლიტიკურად სრული გაურკვევლობაა, საგარეო ვექტორის მკაფიოობა დაკარგულია, მნიშვნელოვან პარტნიორებთან ურთიერთობა გაფუჭებულია, თან არჩევნებია და პოლიტიკური არასტაბილურობაა. ეს ყველაფერი, გამორიცხულია, არ აისახოს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე”, - აცხადებს ISET-ის კვლევითი ცენტრის ეკონომისტი გიორგი პაპავა.

გაუარესებული საკრედიტო რეიტინგი?

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი ფიქრობს, რომ “აგენტების კანონის” მეორედ ინიციირებით საინვესტიციო გარემო უკვე გაუარესდა.

“ინვესტორები მეტი სიფრთხილით მოეკიდებიან ან საერთოდ თავს შეიკავებენ ქვეყანაში ინვესტიციებისგან. მათ შორის, მოსალოდნელია საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუარესება, რომელიც [პირველად] პანდემიის დროს გაუარესდა, მაგრამ შემდგომში ეს პროცესი გადაილახა და პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდა. მსგავს რეიტინგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკური გარემო და მოლოდინები. შესაბამისად, არსებობს იმის რისკი, რომ ამ კუთხითაც გვქონდეს ძალიან ცუდი შედეგი. ეს, თავის მხრივ, გავლენას იქონიებს საკრედიტო რისკების ზრდაზე და ქვეყანაზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, რაც საბოლოოდ ქვეყნის შიგნით ფულს გააძვირებს. შედეგად, თითოეულ ადამიანს გაეზრდება საპროცენტო განაკვეთი”, - ამბობს თუშურაშვილი.

გოგა თუშურაშვილი
გოგა თუშურაშვილი

სუვერენული საკრედიტო რეიტინგი არის ქვეყნის შეფასება, თუ რამდენად რისკიანია ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირება, ან რამდენად რისკიანია ამ ქვეყნის მთავრობასა თუ კერძო სექტორზე ფულის სესხება. რაც უფრო მაღალია საკრედიტო რეიტინგი, ეს ინვესტორებს ეუბნება, რომ ეს სახელმწიფო მარტივად დააბრუნებს ვალს, დაბალი საკრედიტო რეიტინგის პირობებში კი - ვალის დაბრუნების საფრთხე იზრდება.

ამ რისკს ინვესტორები, როგორც წესი, საპროცენტო განაკვეთში ასახავენ და დაბალი საპროცენტო რეიტინგის მქონე ქვეყნების ფასიან ქაღალდებს უფრო მაღალ პროცენტად ყიდულობენ. თავად საკრედიტო რეიტინგი რისკების შეფასებით დგინდება. რისკების შეფასება კი ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკურ ფაქტორებსაც მოიცავს.

“ქვეყანაში დასავლური ინვესტიციების შემცირება ცალსახად გამოიწვევს იმას, რომ არასასტაბილურ გარემოზე ვიქნებით დამოკიდებული. იქნება ეს ჩინეთი თუ რუსეთი, ქვეყნისთვის სტაბილურობის გარანტი ვერ იქნებიან. ამიტომ მერყეობის რისკები ყოველთვის იქნება, რაც არ უნდა დიდი ინვესტიცია წამოვიდეს ამ ორი ქვეყნიდან. მოლოდინი იმისა, რომ რაიმე სახით დაბალანსდეს ის ზიანი, რაც შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნიდან დასავლური ფონდების გადინებამ, ნაკლებად მოსალოდნელია. თუ ვნახავთ ჩინეთის პოლიტიკას ამ კუთხით, “სესხის ხაფანგის” დიპლომატიასაც კი ეძახიან ხოლმე ჩინეთიდან წამოსულ დაფინანსებებს.

იმიტომ, რომ ის გაცემულ დაფინანსებას იყენებს ერთგვარ ბერკეტად იმისთვის, რომ ქვეყანაში საკუთარი ინტერესები გაატაროს. დღეის მდგომარეობით ქვეყანა სრულად აწყობილია დასავლეთიდან წამოსულ დაფინანსებაზე და ასე უცებ ვერ მოხდება ამის გადაყვანა არასტაბილურ გარემოზე, თან ისე, რომ ქვეყნის ეკონომიკამ ეს პროცესი რყევების გარეშე გაიაროს”, - ამბობს IDFI-ის წარმომადგენელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG