ის, რაც 1898 წლის 26 ივნისს თბილისში მოხდა, დეტექტიური რომანის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ ნამდვილი ამბავია - ქალაქმა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ცნობილი მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელი აღარსად იყო.
26 ივნისს მაჩაბელთან მისი ცოლისძმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი ჩავიდა. ბანკის საქმეებზე ჰყავდა დაბარებული. სიძე ოთახში რომ არ დახვდა, სასადილოს მიაშურა. მისი და, ანასტასია ამდგარიყო და ყავას ადუღებდა. ივანე სად არისო, ჰკითხა. საძინებლის ერთი კარი ბაღში გადიოდა და ჯერ იქ ეძებეს. მერე მათი ყურადღება იქვე დაწყობილმა ოქროს საათმა და პერანგის ოქროს ღილებმა მიიქცია, მაჩაბელი მათ ყოველდღიურად ატარებდა. პუბლიცისტი თედო სახოკია წერს, რომ სწორედ ამ წუთიდან დაიწყო „განგაში და წუხილი“.
მაშინ ივანე მაჩაბელი 44 წლის იყო. უკვე მოესწრო „დროებისა“ და „ივერიის“ რედაქტორობა, შექსპირის თარგმნა, სათავადაზნაურო ბანკში მუშაობა და იქიდან წამოსვლაც.
„ივანე მაჩაბელი იყო ერთ-ერთი იმ რენესანსური ფიგურებიდან, რომლებიც მე-19 საუკუნეში გამოჩნდნენ და ქართული ცნობიერება „გადააწყვეს“. ერთნაირად კარგად იცოდა სრულიად განსხვავებული სფეროები. ჯერ იურისპრუდენციას და ბუნებისმეტყველებას სწავლობდა, მერე აგრონომიას და ლიტერატურას. თარგმნა „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“, „მაკბეტი“...“ - ამბობს ლიტერატირი გიორგი კეკელიძე.
ივანე პლევრიტით იყო ავად. 15 ივნისს ოპერაცია გაუკეთეს, ნეკნი ამოუღეს. ივლისში აბასთუმანში დასვენებას აპირებდა. 24 ივნისს, რედაქციაში მივიდა და ბოლო თარგმანი დატოვა - შექსპირის ტრაგედია „კორიოლანო“.
„პლევრიტის გამო ძალიან ძლიერი ტკივილები ჰქონდა. ძირითადად მიუთითებენ, რომ სუიციდიც ამან გამოიწვია, ტკივილებს ვეღარ იტანდა. თუმცა, საბოლოოდ მაინც არაფერი არ არის დადგენილი“, - ამბობს გიორგი კეკელიძე.
უკანასკნელი ვახშამი მაჩაბელთან
აკაკი წერეთელი მაჩაბლების ხშირი სტუმარი იყო. ვანოსთან მეგობრობდა, მისი ცოლი ანასტასია კი - უყვარდა. ანასტასია მასზე 29 წლით უმცროსი გახლდათ, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ პლატონური სიყვარული იყო.
აკაკიმ მაჩაბლებს 25 ივნისსაც გაუარა და ღამე მათთან დარჩა. ის საღამო მან, ტასომ და ივანემ ერთად გაატარეს.
მაჩაბლის საქმეში ბევრი ჩვენება ერთმანეთს არ ემთხვევა. არც ამ საღამოზეა საერთო აზრი. თბილისის ჟანდარმერიისადმი წარდგენილ მოხსენებაში (ინახება საქართველოს არქივში) საქმის მწარმოებელი პოლკოვნიკი დ. [გვარი არ იკითხება - რ.თ.] წერს, რომ ანასტასია მაჩაბლის თქმით, წერეთელი ათის ნახევარზე უვახშმელად წავიდა დასაძინებლად. თუმცა, იქვე წერია, რომ ცუდი სიზმრების გამო ის ღამე ტასომაც ფხიზლად გაატარა და აკაკიმაც.
მსახური და გოროდოვოი (დაცვის თანამშრომელი მაშინდელ ჟანდარმერიაში - რ.თ.), რომელიც მაშინ მაჩაბლების სახლთან იდგა, ირწმუნებოდნენ, რომ სუფრას სამივე უსხდა. მეტიც, აკაკი და ივანე 12 საათის მერეც ნარდს თამაშობდნენ, შემდეგ კი აივანზე გამოვიდნენ. გოროდოვოიმ გაიხსენა, მაჩაბელმა მკითხა, აქ რომელ საათამდე იდგებიო, უპასუხა, რომ დილის ექვსამდე.
მაჩაბლის ქალები - ანასტასია ბაგრატიონი
ლამაზი სახე, კარგი ტანი, დიდი მოელვარე თვალები - ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილს მისი თანამედროვეები ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღწერენ. აკაკი მას მაჩაბელზე ადრე იცნობდა და ვანოსთან ხშირად აქებდა ხოლმე. შემდეგ ერთმანეთიც გაიცნეს მეჯლისზე. ივანემ ხელი სთხოვა. ტასო დათანხმდა.
ამ ამბავში უადგილო არაფერი იქნებოდა, რომ არა ის, რომ მაჩაბელს ამ დროს უკვე ჰქონდა ურთიერთობა ლიზა ქართველიშვილთან. ქალი მისგან ბავშვს ელოდებოდა. როდესაც ივანემ სხვა ითხოვა, ლიზამ მისგან ყველანაირი დახმარება უარყო, ბავშვს თავისი გვარი მისცა და თითქმის მარტო ზრდიდა. ივანესა და ლიზას ვაჟი, შალვა ქართველიშვილი ცნობილი იურისტი გახდა, თავადაც წერდა და თარგმნიდა.
მაჩაბლის გაუჩინარების შემდეგ ქალაქში უამრავი ვერსია გავრცელდა, მათ შორის ითქვა ისიც, რომ მაჩაბელმა აკაკიზე იეჭვიანა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ზოგი უფრო შორს წავიდა, ივანე თავად აკაკიმ და ანასტასიამ მოკლესო. დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ მტკვარში. ჯიმშერ რეხვიაშვილი თავის წიგნში „მტკვარი და მისი ორი ნაპირი“ წერს, რომ მაჩაბლის ძებნაში 16 გვამი იპოვეს, ივანეს ცხედარი არცერთი არ აღმოჩნდა.
შემონახულია აკაკი წერეთლის მიერ ტასო მაჩაბლისადმი მიწერილი სატრფიალო ბარათები. 19 წერილი პასუხებითურთ პირველად მხოლოდ 1996 წელს დაიბეჭდა. მანამდე ის ლიტერატურის მუზეუმში, ე.წ. აკრძალულ ფონდში ინახებოდა. ამ ბარათებიდან ჩანს, რომ აკაკის ტასო გაგიჟებით უყვარს, ტასო კი არ თანაუგრძნობს. წერილები, სავარაუდოდ, მაჩაბლის დაკარგვის შემდეგაა დაწერილი.
„მე შენ მიყვარდი... ისეთის აღტაცებით და აღფრთოვანებით, როგორიც შესაძლებელია მხოლოდ რჩეულთათვის! გეტრფოდი სრულის ჩემის არსებით... დიდხანს ვიმარხავდი საიდუმლოს, როგორც წმინდა ლოცვას, იმ გრძნობებს ჩემს გულში, მაგრამ რაი არს საიდუმლო, რომელიც არა გამოცხადდესო, ბოლოს მაინც ძალაუნებურად იჩინა თავი, ან კი რად უნდა დაფარულიყო იმისთანა წმინდათაწმინდა“, - წერს აკაკი ტასოს. ტასო არ იმჩნევს, თბილისის ამბებს უყვება, სოფიო ამირეჯიბი დავმარხეთ, გიგო დიასამიძის მეუღლე კი „მძიმე ავანტყოფიაო“. ხშირად ვანოზე ლაპარაკობენ, ერთგან ტასო წერს: „ღმერთო როგორ ავიტანე ამისთანა კაცის დაკარგვა“.
„აკაკი შეყვარებული იყო ტასო მაჩაბელზე, თუმცა, მათ შორის არც მანამდე და არც მერე არანაირი ინტიმური კავშირი არ ყოფილა. აკაკის ლექსი აქვს დაწერილი: „საფლავშიაც, სიკვდილშიაც, წამომცდება: ტასო, ტასო“... მაგრამ წერილებიდანაც ჩანს, რომ ქალი არანაირად არ თანაუგრძნობდა“, - ამბობს ფილოლოგი, პროფესორი სოსო სიგუა. ის ასევე საუბრობს აკაკი წერეთლის პოემაზე „გამზრდელი“, რომელიც ივანე მაჩაბლის გაუჩინარებიდან ერთ თვეში გამოქვეყნდა. „გამზრდელის“ სიუჟეტი საყოველთაოდ არის ცნობილი: მეგობრის სახლში ღამე დარჩენილი საფარ-ბეგი მის ცოლზე იძალადებს. თუმცა პოემაში თავს ქმარი კი არა, საფარ-ბეგის გამზრდელი იკლავს. - „ძალიან მძაფრი, კომპაქტური, დრამატული პოემაა, ერთბაშად დაწერილი, შესაძლოა ერთ ან რამდენიმე დღეშიც კი. ეს აკაკის ყველაზე კარგი ნაწარმოები მგონია, ეს პოემა ამ ტრაგედიის ანარეკლია და მეგობრის ხსოვნის წინაშე უნებლიე შეცოდებამ დააწერინა“, - ამბობს სოსო სიგუა.
ბრძოლა ილია ჭავჭავაძესთან
ივანე მაჩაბელი და ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკში ერთად მუშაობდნენ, მაგრამ საბანკო საქმეებთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული ხედვა ჰქოდნათ.
„მაჩაბლისტების და ილია ჭავჭავაძის მომხრეების დისკუსია საბანკო მოწყობას ეხებოდა, მაგრამ ეს იყო ძალიან კვალიფიციური და ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებული კამათი“, - ამბობს გიორგი კეკელიძე.
მათი დაპირისპირება საკმაოდ მტკივნეული იყო და საბოლოოდ მაჩაბლის ბანკიდან წამოსვლით დასრულდა. თუმცა, თედო სახოკია მიიჩნევდა, რომ ამის გამო თავს არც ივანე მოიკლავდა და არც სხვა მოუსწრაფებდა სიცოცხლეს.
პუბლიცისტი იაკობ მანსვეტაშვილი წერს, („მოგონებანი, ნახული და გაგონილი“): „...აქეთ ეცნენ, იქით მიეხალნენ, მაგრამ კვალსაც ვერ მიაგნეს. უკვირდათ, რა მოუვიდა კაცსაო: მიწამ ჩაყლაპა, თუ ცამ შთანთქაო. მისმა უფროსმა ძმამ, ვასო მაჩაბელმა, რომელსაც ვანო შვილივით ჰყავდა გაზრდილი და შვილივითვე უყვარდა, მთელი ქალაქი შესძრა, მაგრამ ვერას გახდა. იფიქრეს, მტკვარში თუ გადავარდა და თავი დაიხრჩოვო. დაიქირავეს მენავეები და თითქმის მთელი მტკვარი აჩხრიკ-დაჩხრიკეს: არსად არა სჩანდა რა. აქაც აკაკიმ ვერ მოითმინა და თავისებური ოხუნჯობით კლანჭი გაჰკრა დაღუპულ მაჩაბელს: მენავეები რა საჭიროა. თუ ვანო მართლა მტკვარშია გადავარდნილი, ჭავჭავაძე მოიწვიეთ და კუკიის ხიდზე დააყენეთ: სადაც უნდა იყოს ვანო, იმის დანახვაზე მაშინათვე წყლიდან ამოვარდებაო“.
ტოლსტოის უფროსი ვაჟი
თბილისის ჟანდარმერიისადმი წარდგენილ მოხსენებაში პოლკოვნიკი დ. ახსენებს უცხო პირს, რომელიც ლევ ტოლსტოის უფროს ვაჟს წააგავდა. ის მაშინ დუხობორებთან დაკავშირებული საქმეების გამო თბილისში იმყოფებოდა.
მწერალი ლევ ტოლსტოი დუხობორების დევნის წინააღმდეგ გამოდიოდა. თედო სახოკიაც წერს, რომ დუხობორები „თურმე დიდი ხანია ეპიტიჟებოდნენ ივანე მაჩაბელს თავისთან, თავიანთ მეთაურად, როგორც მცოდნეს რუსულისა და ინგლისურისას“.
მაჩაბლის გაუჩინარებამდე ორიოდე დღით ადრე უცნობი მის სახლთან მივიდა. ვანო აივნიდან ელაპარაკებოდა, ჩანდა, უთანხმოება ჰქონდათ. საქმის გარჩევის შემდეგ მაჩაბელმა მოულოდნელად სახლი დატოვა.
26 ივნისის შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ ივანე მაჩაბელი ლევ ტოლსტოის ვაჟთან ერთად დუხობორებს გაჰყვა კანადაში.
პოლკოვნიკი დ. ფიქრობდა, რომ მაჩაბელს მართლაც არ მოუკლავს თავი. თავის მოხსენებაში ის წერს, რომ რადგანაც მაჩაბელი იძულებული გახდა ბანკი და სხვა საზოგადოებრივი კავშირები დაეტოვებინა, თან ვალებშიც ჩაეფლო, მიმალვა გადაწყვიტაო.
მოწმეების დაკითხვისას მას ასევე შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ანასტასიამ და აკაკიმ მაჩაბლის ადგილსამყოფელი იცოდნენ, ან სულ მცირე იცოდნენ, რომ წასვლას აპირებდა.
„როდესაც გაუჩინარების დღეს კნიგინიას აწყნარებდნენ, დაბრუნდებაო, მან თქვა: არ დაბრუნდება, მარტო ძალით თუ მოათრევენ“, - წერს ის და იქვე წერეთლის ნათქვამიც მოჰყავს: „ადამიანმა საიდუმლო თუ მოგანდო, გააცხადებთ?“
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკარგვამდე ცოტა ხნით ადრე ივანე მაჩაბელმა ცოლს განქორწინება შესთავაზა, და ეს მაშინ, როცა ცოლიც და ორივე შვილიც ძალიან უყვარდა.
ივანე მაჩაბლის გაუჩინარებაზე მსჯელობისას თედო სახოკია საბოლოოდ ასკვნიდა, რომ მას არც თავი მოუკლავს, არც მტკვარში დამხრჩვალა და არც ბანკის გამო გაუმეტებიათ. თუმცა, რა მოხდა, ამ კითხვაზე პასუხი არც მას ჰქონდა.
სოსიკო მერკვილაძის საიდუმლო
ფოლკლორისტი სოსიკო მერკვილაძე ის ადამიანი იყო, ვინც ივანე მაჩაბელი 26 ივნისის დილას, 5 საათზე ნახა: „ახლომდებარე სადგურისაკენ მიმავალი: თავშიშველი, აშფოთებული, ნახევრად ჩაუცმელი, იფიქრებდი სააგურეს ქურაში ჩასავარდნად მიემართებაო“, - წერს თედო სახოკია. აგურების გამოსაწვავი ქურა იქვე მტკვრის პირას იყო.
ამ ამბიდან 37 წლის შემდეგ, უკვე სულთმობრძავმა სოსიკომ თედოს ნახვა მოითხოვა, მნიშვნელოვანი საიდუმლო უნდა ვუთხრაო. თედო მხოლოდ სამი დღის მერე მივიდა. სოსიკო ლაპარკის ხასიათზე აღარ იყო.
„შეიკრა პირი, თითქო ტყვია ჩაიდუღაო. თვალები ძირს დახარა. მე მაინც ვუყურებ, აი, ეხლა იტყვის რასმე, აი ეხლა-მეთქი. სრული ერთი საათი გავატარეთ ამ გაჯიბრებულ დუმილში. ერთი საათი - ერთი საუკუნის სადარი. მეტი ვეღარ გავუძელ ამ მდგომარეობას. ვეღარ გავუძელ მის სულიერ ბრძოლას, მშვიდობით-მეთქი, მშვიდობითო. ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვა, მეტი არაფერი.
ამის შემდეგ ერთმა კვირამ განვლო, რომ სოსიკო მერკვილაძე გარდაიცვალა და, უნდა ვიფიქროთ, თან ჩაიტანა საფლავში თავისი საიდუმლო...“ - წერს თედო სახოკია.
დღეს მთაწმინდაზე ივანე მაჩაბლის პირობითი საფლავია მოწყობილი. იქ ის ძვალი ინახება, რომელიც გაუჩინარებამდე ორიოდე კვირით ადრე, ოპერაციისას ამოუღეს.