Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე - აითაჯი


ავტორი: კატო წიკლაური, 17 წლის

კითხვა, რომელიც რამდენიმე კვირაა თავს არ მანებებს და ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. რამდენიმე კვირის წინ 14 წლის გოგო მოკლეს, გოგოს 28 წლის კაცმა 3 ტყვია ესროლა, კაცმა, რომელსაც მის ქმარს ეძახდნენ კახეთის პატარა სოფელში. აითაჯი რამდენჯერმე გაიქცა - მისი ამბავი იცოდნენ მეზობლებმა, სკოლამ, ოჯახმა, მაგრამ არავინ დაეხმარა. რატომ?

მას შემდეგ, თითქოს აითაჯს გაეჯიბრა ბუნება. აგვავსო მზიანი დღეებით, სინათლით სავსე დღეებით, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გეხმარებიან, იფიქრო შენს მომავალზე, მიზნებზე, გაერთო, მეგობრებს შეხვდე, დააგროვო ემოციები და იყო ბედნიერი. ასეთ დღეებში კიდევ უფრო კარგად გრძნობ, რა მშვენიერია ცხოვრება და კიდევ უფრო მეტად შეუსაბამოა, ტრაგიკული და შემზარავი აითაჯის ისტორია.

აითაჯის ამბის შემდეგ ვნახე რეპორტაჟები, გაბრაზებული უფლებადამცველების ინტერვიუები,რომლებიც ამბობდნენ,რომ "14 წლის გოგო ცოლი არ არის", თითქოს ბევრი ისაუბრეს, განიხილეს, მაგრამ არაფერი შეიცვალა.

აითაჯის ამბის შემდეგ ისევ ტელევიზორებიდან და ონლაინ გამოცემებიდან მომიყვნენ, რომ 14 წლის გოგოს შვილი გაუჩნდა, 15 წლის ძალით გაათხოვეს, - აითაჯის მკვლელობის შემდეგ მაინც არაფერი შეცვლილა.

მეც აითაჯი ვარ - სინამდვილეში კი ვარ მასზე 3 წლით დიდი და ვერაფრით წარმომიდგენია, რა მოხდებოდა წლების წინ, ჩემს ნაცვლად რომ მიეღო გადაწყვეტილება ვინმეს და გავეთხოვებინე.

იქნებ მეტი უნდა გავაკეთო მე, იქნებ მეტი უნდა გააკეთოთ, თქვენ - მშობლებმა და მასწავლებლებმა, სკოლის დირექტორებმა, მეზობლებმა, პოლიციამ, - იმისათვის,რომ მზიანი დღეები შემდეგ აითაჯს ისევ გაუთენდეს.

მეც მოსწავლე ვარ და ვერც კი წარმომიდგენია,რომ აქ სადღაც ჩვენს გვერდით არის სკოლები, რომლებიც მალავენ ბავშვზე ძალადობის წარმოუდგენელ ამბავს. არის სკოლები ასეთი გულგრილი მასწავლებლებით, დირექტორებით და მათი რიცხვი დიდია. აითაჯს არავინ მიეხმარა. არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არავინ დაიცვა ბავშვი, რატომ გაუქვავდა გული ამდენ ადამიანს, რატომ მოკვდა აითაჯი და რატომ დგანან ისევ საფრთხის ქვეშ სხვა მისი თანატოლები.

მიპასუხეთ, მე - აითაჯი გეკითხებით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG