გადამყვანებს [ისინი, ვინც მიგრანტებს მექსიკიდან აშშ-სკენ აცილებენ] უამრავი ადამიანი შეკითხვებით მიმართავს და ბევრიც გამგზავრებისგან თავს იკავებს. გამცილებლები პანიკას არ თესავენ, მაგრამ ექსპერტები არაფერს გამორიცხავენ - აშშ-სა და საქართველოს დაძაბული ურთიერთობების ფონზე, როცა „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ, საქმე ურთიერთობების „ყოვლისმომცველ გადახედვამდეა“ მისული.
„გამოჟონილ“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამერიკული მედია წერს, რომ საქართველოსა და კიდევ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს სრულად წაერთმევათ აშშ-ში მექსიკის გავლით მოხვედრის შანსი. ამ სიაში საქართველოსთან ერთად არიან: მოლდოვა, ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.
პარალელურად, უკვე ძალაში შევიდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 4 ივნისის განკარგულება, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ზე მიგრაციის მასშტაბური წნეხის შემცირებას, წესების გამკაცრების გზით.
რას წერს ამერიკული მედია და რა ხდება ახლა?
ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში Washington Examiner-ი წერს, რომ სამხრეთ კალიფორნიის სასაზღვრო პატრულმა მიიღო ინსტრუქცია - პრობლემები არ შეუქმნან მიგრანტებს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 100-ზე მეტი ქვეყნიდან, 6 ქვეყნის გამოკლებით.
სწორედ ამ გამონაკლის ჯგუფშია საქართველო. Washington Examiner-ის თანახმად, ამ ქვეყნებიდან (მექსიკის გავლით) აშშ-ში ჩასულ მიგრანტებს არც თავშესაფრის მოთხოვნის უფლება ექნებათ და ქვეყნიდანაც სწრაფად გაუშვებენ.
სხვა ათეულობით ქვეყნის შემთხვევაში კი, ამერიკული გამოცემა დეპორტაციას გამორიცხავს და ხაზს უსვამს, რომ - ეს ინსტრუქციები ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ბაიდენის 4 ივნისს გამოცემულ განკარგულებას, სასაზღვრო შეზღუდვებთან დაკავშირებით.
იგივე ინფორმაცია, 9 ივნისს, „New York post“-მაც გაავრცელა. თუმცა ქვეყნების ჯგუფთან დაკავშირებული ეს ცნობები ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება.
მსგავს რეგულაციებს არ მოიცავს აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულება - ის მიგრანტებს ქვეყნების მიხედვით არ ყოფს.
კალიფორნია აშშ-ის ზუსტად ის შტატია, სადაც საქართველოს მოქალაქეები, მექსიკის გავლით, ყველაზე ხშირად გადადიან.
მიგრანტთა ჯგუფებში ზოგი ირწმუნება, რომ აშშ-ის სამხრეთი საზღვარი უკვე ჩაიკეტა და აშშ-ში შესვლის მცდელობებს აზრი დაეკარგა.
გადამყვანები ამბობენ, რომ ეს არ არის სიმართლე.
აშშ-ში მიგრაციის მსურველთათვის კარგად ცნობილი გადამყვანი - ენო ხუტაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯერჯერობით საერთოდ არაფერი შეცვლილა: ბოლო დღეებში საქართველოს მოქალაქეები მექსიკიდან აშშ-ში ძველებურად შედიან და კვლავინდებურად ხვდებიან იზოლირებულ საემიგრაციო ბანაკში, რომელსაც სხვა სიტყვებით ხშირად - ციხესაც უწოდებენ.
ენო ხუტაშვილის თქმით:
- ამ ეტაპამდე საზღვარი არ ჩაკეტილა და არ აღრიცხულა დეპორტაციის ფაქტები;
- საზღვრის სრული ჩაკეტვა წარმოუდგენელია, რადგან გადასვლის არაერთი ალტერნატიული გზა არსებობს;
- შემთხვევები მანამდეც იყო, როდესაც სასაზღვრო პოლიციას მიგრანტები საზღვრის გადაკვეთისას დაუკავებია და გადაუცია ისევ მექსიკისთვის - „თუმცა, როგორც წესი, მექსიკის მხარე ფულს იღებს, მათ ერთ დღეში ათავისუფლებს და მიგრანტებს ისევ ეძლევათ საზღვრის გადაკვეთის საშუალება“.
„ბოლო პერიოდში მიგრაციის ნაკადი იზრდებოდა - ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავდა, მაგრამ ეს ინფორმაციები რომ გავრცელდა, ხალხი შეშინდა... არადა, ამერიკული მედია მხოლოდ „გამოჟონილ“ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს და არასერიოზულია, რომ ფაქტად ჩავთვალოთ ეგ [საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია]. ის ადამიანები მაინც მიდიან - ვისაც ბილეთები ჰქონდა ნაყიდი, ან ვინც ისედაც უკვე გზაში იყო - მაგრამ პრობლემები არ შექმნიათ“, - გვეუბნება ენო ხუტაშვილი.
გადამყვანი არ მოელის, რომ აშშ-ში „ეროვნების მიხედვით“ შეარჩევენ ხალხს და დისკრიმინაციულ მიდგომებს დაუჭერენ მხარს, მით უფრო, რომ „ოფიციალურ განცხადებებში ამაზე არაფერია ნათქვამი“.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროინდელ ამბავს იხსენებს - მუსლიმური ქვეყნებისთვის დაწესებულ სავიზო აკრძალვას და ამბობს, რომ „ზოგადად, ბევრი რამ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, ხოლო თუკი საქართველოს მოქალაქეებს მასობრივი აკრძალვა შეეხება, ეს პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაეკისროს.
„იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ურთიერთობაა ორ ქვეყანას შორის [საქართველო და აშშ], სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ასეთი პოლიტიკური ნება იქნება გამოჩენილი [აშშ-ის მხრიდან], თუკი „ქართული ოცნება“ არ მოეგება გონს და არ შეცვლის ანტიდასავლურ პოლიტიკას, რომელიც მას გააჩნია ახლა“, - გიორგი მელაშვილი გვეუბნება, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკამ შესაძლოა საქართველოს რიგითი მოქალაქეები ამ შემთხვევაშიც დააზარალოს.
ენო ხუტაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-ში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გაასაჩივრებს და ბოლომდე მიჰყვება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, ხოლო „როცა ერთი კარი იკეტება, სხვა იხსნება“.
უკვე ცნობილია გეგმა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლებსაც ის ზედმეტად მკაცრად მიაჩნიათ.
რა წერია აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაში?
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განკარგულებით, რომელიც 5 ივნისს შევიდა ძალაში, მექსიკიდან აშშ-ში უკანონო მიგრანტებისთვის [საზღვრის თვითნებური გადაკვეთა] წესები გართულდა და სწრაფი დეპორტაციის შესაძლებლობა გაჩნდა. თუმცა, განკარგულება საზღვარს სრულად არ კეტავს.
გამონაკლისი კვლავ რჩება ჰუმანიტარული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის და მაგალითად:
- ტრეფიკინგის მსხვერპლისთვის;
- არასრულწლოვნისთვის - თანმხლები პირის გარეშე;
- პირისთვის, რომელიც გამოექცა სიცოცხლისთვის სარისკო ვითარებას, დევნას, შესაძლო წამებას [თუკი დადასტურდა შიშის ნამდვილობა და საფუძველი - შეამოწმებენ გამკაცრებული სტანდარტით];
- სერიოზული სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირისთვის.
საზღვრის თვითნებურად გადაკვეთის შემთხვევაში, მაღალია უკან გაბრუნების რისკი.
პრეზიდენტ ბაიდენის განკარგულების შესაბამისად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგულაციებით, თუკი საზღვარზე უკანონოდ გადასვლისას დამაჯერებელი მიზეზი არ იქნება წარდგენილი:
- ასეთი ადამიანისგან არ მიიღება თავშესაფრის მოთხოვნა;
- ის გაიგზავნება სამშობლოში ან მესამე ქვეყანაში;
- დაუწესდება, სულ მცირე, 5-წლიანი აკრძალვა აშშ-ში შესვლაზე;
- შესაძლოა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
"ჩვენი მესიჯი უცვლელია: მიგრანტებმა სერიოზული რისკები არ უნდა შეუქმნან საკუთარ თავს და თავიანთ ოჯახებს. აშშ-ში შესასვლელად, მათ უნდა გამოიყენონ კანონიერი გზები", - წერია უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელებულ ცნობებში.
და რა ითვლება კანონიერ გზად?
იმისათვის, რომ მიგრაციის მცდელობა კანონიერად ჩაითვალოს, საჭიროა სპეციალური [უფასო] მობილური აპლიკაციის გამოყენება და შესაბამისად - რიგში ჩადგომა.
საჭიროა დარეგისტრირება დისტანციურად - CBP One-ის აპლიკაციის საშუალებით [რომელიც შარშან ამოქმედდა]. პროცესის მცოდნე ადამიანები ამბობენ, რომ ეს აპლიკაცია დღეში 1500-მდე მიგრანტს აღრიცხავს.
ეს არის რიგი - სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთან გასასაუბრებლად, როცა უნდა გადაწყდეს - მოხვდება მიგრანტი ე.წ. ციხეში თუ უკან გამოაბრუნებენ.
ვინც კანონიერ გზას გამოიყენებს, უარის შემთხვევაშიც კი - სასჯელი არ დაეკისრება.
როგორც ჯო ბაიდენის განკარგულებაშია ნათქვამი, სისტემას ამ გზით მიგრანტების სწრაფად გაფილტვრის საშუალება ექნება და საემიგრაციო ბანაკი არ გადაიტვირთება.
ბაიდენის გეგმის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ახალი რეგულაციები მიგრანტთა რიგს გაზრდის და სისტემას გადამუშავება გაუჭირდება.
ენო ხუტაშვილი მიგრანტებს CBP One-ზე რეგისტრირებას ურჩევს და ფიქრობს, რომ თანდათან ყველას მოუწევს ამ პროცესის გავლა.
გადამყვანი გვეუბნება, რომ აპლიკაციას ადამიანები იმიტომ არიდებდნენ თავს, რომ პროცესი დისტანციურია და ხარჯიანი - ეს გულისხმობს დაახლოებით ერთი თვით ცხოვრებას ნიკარაგუაში - გასაუბრებაზე გამოძახების მოლოდინში.
გადამყვანის თქმით, საქართველოდან ყველა ადამიანი აშშ-ში თავშესაფარს ისედაც მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებით ითხოვს და თუკი კარგად მოემზადება და გასაუბრების დროს - "ჩაბარების" მიზეზს საფუძვლიანად დაასაბუთებს, პრობლემები არ შეექმნება.
დასჭირდებათ თუ არა კვლავ გადამყვანთა მომსახურება CBP One-ზე რეგისტრირებულებს?
კი - გადამყვანი ამბობს, რომ აშშ-ის საზღვრამდე მისვლა კვლავ ორგანიზებას მოითხოვს.
სასაზღვრო შეზღუდვა მუდმივი არ არის:
- ამოქმედდება, თუ კვირის განმავლობაში ამერიკა-მექსიკის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისთვის ყოველდღიურად დაკავებული მიგრანტების რიცხვი 2500-ს გადააჭარბებს [7 კალენდარული დღის განმავლობაში].
- ხოლო შემზღუდავი ზომა გაუქმდება, თუ ეს რაოდენობა 1500-ზე ნაკლები იქნება [7 კალენდარული დღის განმავლობაში] .
2023 წლის დეკემბერში მიგრანტების რიცხვმა სარეკორდო მაჩვენებელს - დღეში 10 000-ს მიაღწია; ხოლო CNN-ის ინფორმაციით, ბოლო დროს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად აკავებენ 4000-მდე მიგრანტს.
რამდენი მიგრანტი შედის საქართველოდან?
ენო ხუტაშვილს უჭირს ზუსტი რიცხვის დასახელება, მაგრამ ვარაუდობს, რომ, ყოველთვიურად, ორგანიზებული არხებით, მექსიკიდან აშშ-ში 500-დან 1000-მდე საქართველოს მოქალაქე გადადის, საიდანაც პირადად მისი არხებით, დაახლოებით - 100 ადამიანი.
რა მარშრუტით სარგებლობენ?
მექსიკის გავლით მიგრანტები, ყველაზე ხშირად, აშშ-ის სამ შტატში ხვდებიან, ესენია: ტეხასი, არიზონა და კალიფორნია.
საქართველოს მოქალაქეებისთვის გადამყვანები ძირითადად კალიფორნიის მიმართულებას ირჩევენ, ამ შტატში მიგრანტების მიმართ შედარებით ლოიალური დამოკიდებულების გამო. გადამყვანების პრაქტიკით, უკვე საკმაოდ დიდი ხანია, აღარ ირჩევენ ტეხასს, რესპუბლიკელი გუბერნატორის გამკაცრებული წესების გამო.
- აშშ-ის საზღვარზე მოსახვედრად, საქართველოს მოქალაქეები კვლავ გადიან გზას: ნიკარაგუა-ჰონდურასი-გვატემალა და შემდეგ მექსიკა;
- ნიკარაგუაში ხვდებიან ევროპის რომელიმე ქვეყნიდან, უპირატესად - ესპანეთიდან და საფრანგეთიდან;
- ნიკარაგუასთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს; ხოლო ჰონდურასისა და გვატემალის გავლა [არალეგალურად] 100 დოლარად შეიძლება.
მექსიკიდან აშშ-ში გადაყვანა ზაფხულში უფრო ძვირია, ვიდრე წელიწადის სხვა სეზონზე და 8000-დან 9.5 ათას დოლარამდე მერყეობს. თუმცა ბაზარზე 13-14 000-იანი შეთავაზებებიც არსებობს.
დეპორტაციისთვის თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განმარტებების თანახმად, ჯო ბაიდენის მიერ საგანგებო ზომების გამოცხადება, კონგრესში, რესპუბლიკელების მიერ საემიგრაციო კანონმდებლობის ჩაგდებას მოჰყვა.
„უნდა ვთქვათ მკაფიოდ: ამით ვერ მიიღწევა ისეთივე შედეგი, როგორსაც კონგრესის მოქმედება მოიტანდა და ის ვერ უზრუნველყოფს კრიტიკულად საჭირო პერსონალსა და დაფინანსებას, ჩვენი სამხრეთ საზღვრის შემდგომი დაცვისთვის. კონგრესმა უნდა იმოქმედოს“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
მიგრანტების საკითხი - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ერთ-ერთი მთავარი სადავო თემაა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის.
ჯო ბაიდენმა მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრება გადაწყვიტა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე. ექსპერტები ამ ნაბიჯს იძულებით ნაბიჯად თვლიან.
ფორუმი