პარასკევს, ხუთ ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტმატჩების სერიის პირველ შეხვედრას ბათუმში, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ატარებს.
შეხვედრას, რომელიც ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება, სხვა რამდენიმე მორაგბესთან ერთად, გამოტოვებს გუნდის კაპიტანი, ბუკა (მერაბ) შარიქაძე.
„შემადგენლობაში ცვლილებები არის. ბუკა შარიქაძის გარდა რამდენიმე მოთამაშე აკლია. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. მიზეზები სხვადასხვაა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას რაგბის კავშირის პრესცენტრში.
გარდა შარიქაძისა, იმ მორაგბეებს შორის, რომლებიც ფიჯისთან მატჩში არ იღებენ მონაწილეობას, არიან ლუკა ჯაფარიძე და ბექა გიგაშვილი.
„ამ კითხვებზე მწვრთნელმა გასცა პასუხი: რომ [ყველა მოთამაშე] სხვადასხვა მიზეზით გვაკლია. არსებული შემადგენლობა არის საუკეთესო ვარიანტი, ვინც შეიძლება გვყავდეს ამ ეტაპისთვის“, - ამბობენ პრესცენტრში.
წინა დღეს, 4 ივლისს, ბორჯღალოსნების მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა განაცხადა: „რამდენიმე მორაგბე ტრავმირებულია, რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ არის ჩვენთან“.
მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად ვინ არის ტრავმირებული, ან რა არის ეს „სხვადასხვა მიზეზი“.
კაპიტნის არყოფნის დეტალები არ არის დაზუსტებული არც მატჩის წინ რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, სადაც შემადგენლობაა დასახელებული.
დეტალებს არც ახლა აზუსტებენ რაგბის კავშირში.
„ამ ეტაპზე მეტი ინფორმაციის გაცემის უფლება არ გვაქვს. ზოგადად, ყველა მოთამაშის [შესახებ ინფორმაცია] არის კონფიდენციალური“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას პრესცენტრში.
კომუნიკაციებისა და ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას კაპიტნის არყოფნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხეს, რომ „დღევანდელ შეხვედრას ჰყავს კაპიტანი, ერთ-ერთი ვიცე-კაპიტანი, ბექა გორგაძე“.
ბექა გორგაძე მესამედ უკაპიტნებს საქართველოს ნაკრებს.
ბუკა შარიქაძის არყოფნის მიზეზთან დაკავშირებით განმეორებით დასმულ კითხვაზე კი გვითხრეს, რომ თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე შესაძლებელი იქნება კითხვის დასმა.
საქართველოს ნაკრები, აქამდე, ფიჯის 7-ჯერ დაუპირისპირდა და გამარჯვება მხოლოდ ერთხელ შეძლო, ერთი მატჩი კი - ფრედ დასრულდა.
ფიჯისთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები ზაფხულში კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ - 13 ივლისს იაპონიასთან, 20 ივლისს კი ავსტრალიასთან.
ფორუმი