რა გამოწვევებია პენიტენციურ სისტემაში? რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში? პატიმრების რა ნაწილს აქვს წვდომა სერვისებზე, რომლებიც მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, მათი რესოციალიზაციისთვის არის საჭირო? არაერთი მწვავე პრობლემა და საჭიროება გამოავლინა იმ რამდენიმე გამოკვლევამ, რომელიც ჩატარდა პროექტის - „პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში. პროექტის ავტორია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისი. გამოკვლევების ავტორები კი - „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ თავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანი და მედიცინის დოქტორი, მერაბ ქავთარაძე რადიო თავისუფლების ეთერში ყვებიან საპატიმროებში დღეს არსებულ ვითარებაზე და ამ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე. გარდა სამაგიდე კვლევისა (კანონმდებლობის, სხვადასხვა ანგარიშის ანალიზი), პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციის - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ჩატარდა ციხის მონიტორინგი. ავტორთა ყურადღების ცენტრში იყვნენ არა მხოლოდ პატიმრები, არამედ პენიტენციური სისტემის პერსონალიც.
ერთ-ერთი მიმართულება პატიმრების ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფა გახლდათ.
„ამოსავალი წერტილი არის სამედიცინო მომსახურების ეკვივალენტობა - ანუ პენიტენციურ სისტემაში უნდა იყოს იგივე, თანაბარი საშუალებები ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებისთვის, რაც არის სისტემის გარეთ. ამ მხრივ პროგრესი ნამდვილად არის - ის, რაც პენიტენციურ სისტემაშია, ძირითადად არის ამბულატორიული სამსახური და არის ორი სამედიცინო დაწესებულება. მაგრამ, თუ რამე სერვისი არ არის ხელმისაწვდომი ამ ორ დაწესებულებაში, პატიმარი გადაჰყავთ სამოქალაქო სექტორში. ეს სისტემა იდეალურად არ მუშაობს, მაგრამ ის არსებობს. არის ხარვეზები: არ არის ხოლმე ოპერატიული, ან შესაბამისი კვალიფიკაციის შეყვანა ჭირს დაწესებულებაში. იშვიათად, მაგრამ არის პრობლემები მედიკამენტებით უზრუნველყოფაში”.
მერაბ ქავთარაძის თქმით, მედიკამენტთან დაკავშირებული პრობლემა ხშირად ექიმის მიერ დანიშნული წამლის ანალოგით ჩანაცვლებას უკავშირდება. პრობლემაა კადრების რაოდენობა, განსაკუთრებით - ექთნების რაოდენობა.ჯანდაცვის სპეციალისტი ლაპარაკობს ექიმების კვალიფიკაციის პრობლემაზეც. აღნიშნავს იმასაც, რომ ეს ზოგადად სისტემის პრობლემაა მას შემდეგ, რაც მოიხსნა უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულოობა. თუმცა, პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულ ექიმებს კიდევ უფრო მეტი სირთულე ექმნებათ სამედიცინო ინფორმაციის ოპერატიულად გადამოწმებაში:
„ეს ექიმები არიან დახურულ სისტემაში, გარეთ კონტაქტი შემცირებული აქვთ. სამსახურიდან წვდომაც არ აქვთ ინტერნეტთან და ინფორმაცია, რაც შეუძლიათ ოპერატიულად მიიღონ ხოლმე, მხოლოდ სახლშია შესაძლებელი. ერთი წელია, რაც დაუშვეს ჯანდაცვის საიტზე შესვლა, სადაც გარკვეული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი ინფორმაცია“.
„ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ ხელმძღვანელობდა პროექტის კვლევის ნაწილს. ტატო ქელბაქიანის თქმით, თავად პენიტენციურ სისტემაში არის დიდი კონტრასტი. ის ასახელებს 3 დაწესებულებას, სადაც მეტად არის მისაწვდომი სხვადასხვა სერვისი და სადაც ინფრასტრუქტურაც უკეთესია. ამ სამ დაწესებულებაში პატიმრების მთლიანი რაოდენობის 5%-იც არ იმყოფება. პატიმრების უდიდესი უმრავლესობა კი სასჯელს იხდის ძალიან დიდი ზომის დაწესებულებებში:
„ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებულიც კი არ არის. ასეთია, მაგალითად, ქსნის დაწესებულება - #15, რუსთავის - #17, გეგუთის, რომელიც არის ძალიან დიდი ზომის. იქ არის გარკვეული ტიპის აქტივობები, მაგრამ იმდენად მწირია, რომ მათში შეიძლება 5%-იც არ იყოს ჩართული. ამ დაწესებულებებში დაახლოებით არის 1000-1500 პატიმარი. გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურა არ უწყობს ხელს, ადამიანური რესურსებიც არ არის, რომ რაღაც გააკეთო. ანუ, მაგალითად, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში შეიძლება ერთ ცვლაში 40 თანამშრომელი იყოს და პატიმრები იყვნენ 30-მდე და რომ ავიღოთ რუსთავის #17 დაწესებულება, აქ 50 კაცი შეიძლება დღის განმავლობაში 1500 კაცს იცავდეს. გარდა ამისა, არის პრობლემა სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების. ქსნის დაწესებულებაში, როგორც ვიცი, სულ 2 ფსიქოლოგია“.
ტატო ქელბაქიანი ლაპარაკობს გამოწვევაზე, რასაც ქმნის დიდი ზომის დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა, რაც პატიმრების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვაზეც ახდენს ზეგავლენას:
„დიდი ზომის დაწესებულებებში ეს სუბკულტურა არის ძალიან მძლავრი, რასაც შეუძლია პირდაპირ მოახდინოს გავლენა პატიმრების სურვილზე გააკეთონ რაღაც არჩევანი და პროგრამებში ჩაერთონ. ამაზე ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშებშიც, ამაზე ლაპარაკობდა წამების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომიტეტი. ის ხაზს უსვამს, რომ არსებობენ პრივილეგირებული პატიმრები, გარკვეული იერარქიები, რომლებიც შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ დაწესებულების ფუნქიონირებას და ეფექტიან მართვასაც უშლიდეს ხელს“.
ტატო ქელბაქიანი „დილის საუბრებში“ აღწერს აგრეთვე პრობლემებს, რაც უკავშირდება პენიტენციური სისტემის პერსონალს. ამასთან, განმარტავს სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნის მნიშვნელობასაც პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის საქმეში. მისი თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ასეთი პროგრამების განხორციელებისთვის საპატიმრო დაწესებულებაში საკუთრივ საკნების ნაწილის გარდა ერთი იმდენი ფართობი სწორედ სხვადასხვა აქტივობისთვის არის მოწყობილი.
ზოგადად ვითარების შეფასებისას ტატო ქელბაქიანი აღნიშნავს:
„ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მოხდა, არის პატიმრების რაოდენობის შემცირება - 24 ათასიდან დავიდა 10 ათასამდე. ამ კუთხით სახელმწიფოს დიდი ტვირთი მოეხსნა. გაიზარდა ბიუჯეტი მნიშვნელოვნად, მათ შორის - ჯანდაცვის. მიუხედავად ამისა, დიდი ზომის დაწესებულებები დღემდე რჩება. სხვათაშორის, არის გაცხადებული ღიად, რომ მცირე ზომის დაწესებულებების კონცეფციაზე გადასვლა, მაგრამ ეს გრძელვადიანი პროცესია".