ჯონ სტაინბეკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი მწერალი, საქართველოს პირველად 1947 წელს ეწვია. სამშობლოში დაბრუნებულმა აქ ნანახი და მოსმენილი ვრცლად და ემოციურად აღწერა „რუსულ დღიურში“, რომელიც საქართველოში მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიცა. სტაინბეკის ამ სტუმრობის შესახებ მდიდარი ფოტომასალა დატოვა რობერტ კაპამაც, რომელიც თან ახლდა მწერალს მოგზაურობაში. წლების შემდეგ, 1963 წლის ნოემბერში, სტაინბეკი კიდევ ერთხელ ეწვია თბილისს, ამჯერად ფოტოგრაფის გარეშე. უცნაურია, მაგრამ ამ სტუმრობის შესახებ ბევრად ნაკლებია ცნობილი.
შეხვედრა თბილისის ვაგზალში
თბილისში ჩამოსვლამდე ერთი წლით ადრე, 1962 წელს, ჯონ სტაინბეკს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურაში „მისი იშვიათი რეალისტური და ფანტაზიებით მდიდარი თხრობის სტილისათვის, რომელიც გამორჩეულია იუმორითა და სოციალური გამჭრიახობით“.
წესით, საქვეყნოდ ცნობილ ამერიკელ სტუმარს, რომელსაც საბჭოთა კავშირის მთავრობა და მწერალთა კავშირი მასპინძლობდა, საჩვენებელი ზარ-ზეიმით უნდა დახვედროდნენ თბილისში, მაგრამ, როგორც ყოფილი დიპლომატი, გელა ჩარკვიანი, იხსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, სტაინბეკის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მათ შორის არც მწერალთა კავშირში.
„შეცდომა მოუვიდათ, რაც იშვიათად ხდებოდა მაშინ. გეცოდინებათ, უცხოელებს როგორ დასდევდნენ, მით უმეტეს დასდევდნენ სტაინბეკს. უბრალოდ, არ იცოდნენ, რომ ერევნიდან წამოვიდა მატარებლით“, - ამბობს გელა ჩარკვიანი, რომელიც 1963 წელს 24 წლის იყო და სასტუმრო „ინტურისტში“ (დღევანდელი „თბილისი-მარიოტი“) პრაქტიკას გადიოდა.
„სასტუმროს ფოიეში ვიდექი და ამერიკელ ტურისტს ველაპარაკებოდი. მისი ნაცნობი შემოგვიერთდა და ისე, სხვათა შორის, გვითხრა: „ჩემი მეგობარი ტედი ერევნიდან გუშინ საღამოს მანქანით ჩამოვიდა, სულ ოთხი საათი დასჭირდა. იქ სასტუმროში მწერალი სტაინბეკი შეხვედრია. ისიც თურმე თბილისში მოდის, მაგრამ მატარებლით. ეს რომ გავიგონე, იმწამსვე მომსახურების ბიუროში შევვარდი, სადაც გამგის მაგიდაზე ყოველთვის იდო სია უახლოეს დღეებში თბილისში ჩამომსვლელი ყველა უცხოელის მონაცემებით. სტაინბეკის გვარი იქ ვერ ამოვიკითხე. ერევნიდან მატარებლის ჩამოსვლას თხუთმეტიოდე წუთი აკლდა“.
გელა ჩარკვიანს ეს ამბავი აღწერილი აქვს „ინტელექტის“ მიერ 2018 წელს გამოცემულ წიგნში „იმ დროს - 70 ამბავი“:
„სასტუმროს ადმინისტრატორს ვთხოვე სასწრაფოდ გაემზადებინა ნომერი, მერე ტაქსი დავიჭირე და ვუთხარი მძღოლს, რაც შეიძლება მალე მივეყვანე სადგურში. ბაქანზე ასულმა დავინახე, რომ ერევანი-თბილისის მატარებელი უკვე შემოსულიყო და მგზავრები ვაგონების კიბეებიდან მძიმე ჩემოდნებს აწვდიდნენ დამხვედრებს. ვაგონის ნომერი არ ვიცოდი. ბოლოდან დავიწყე და მივყევი. სტაინბეკი ხელად ვიცანი. მივესალმე, გამოვეცნაურე. პიჯაკის ლაცკანზე წინა დღეს ვიღაცამ ინგლისურენოვანი საბჭოთა გაზეთის, Moscow News-ის, ნიშანი მიმამაგრა. რატომღაც ნობელიანტი მწერალი სწორედ მას დააკვირდა, თითი დაადო და ჩაიბურდღუნა: „არ მიყვარს ეს გაზეთი“. ნიშანი მოვიხსენი, ჯიბეში ჩავიდე და ორივემ გულიანად გავიცინეთ“.
გელა ჩარკვიანი ამბობს, რომ მისი სურვილი, აერიდებინა სტაინბეკი ყოველგვარ დისკომფორტს, დიდწილად იმით იყო განპირობებული, რომ იცოდა, თუ როგორ დაახასიათა მან საქართველო პირველი სტუმრობის შემდეგ, 1948 წელს, გამოქვეყნებულ „რუსულ დღიურში“.
„რუსული დღიურის“ ქართული მარგალიტები
გელა ჩარკვიანს, ინგლისურის ახალგაზრდა სპეციალისტს, „რუსული დღიური“ დედანში ჰქონდა წაკითხული (წიგნი სსრკ-ში მხოლოდ 1990 წელს გამოიცა) და კარგად იცოდა, რომ ემოციური თვალსაზრისით ეს წიგნი ორ ნაწილად იყოფოდა: I - რაც ავტორმა ნახა და აღწერა საქართველოში და II - რაც ნახა და აღწერა დანარჩენ საბჭოთა კავშირში.
„სადაც კი ჩავედით რუსეთში, იქნებოდა ეს მოსკოვი, უკრაინა თუ სტალინგრადი, ყველგან გაისმოდა მაგიური სიტყვა „საქართველო“. ადამიანები, რომლებიც იქ არასდროს ყოფილან, და, შესაძლოა, ვერც ვერასდროს მოხვდებოდნენ, ნატვრანარევი აღტაცებით ლაპარაკობდნენ საქართველოზე… როგორც მეორე სამოთხეზე. თანდათან დავრწმუნდით, რომ რუსების უმეტესობას სჯერა, თუ პატიოსნად და უბიწოდ იცხოვრებენ, სიკვდილის შემდეგ (ამ ათეისტურ სახელმწიფოში) ზეცის ნაცვლად, საქართველოში მოხვდებიან“, - ამას წერს სტაინბეკი საქართველოში ჩასვლამდე, ჩასვლის შემდეგ კი აღფრთოვანებული ამბობს, რომ იმედები არათუ არ გაუცრუვდა, არამედ ნანახმა ყოველგვარ მოლიდინს გადააჭარბა.
“არსებობს მაგიური ადამიანებით დასახლებული გრძნეული მხარე, საქართველო, რომლის კვლავ ხილვა, რა წამსაც დატოვებ, მაშინვე ოცნებად გადაგექცევა. ქართველებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველზე მდიდარი და ლამაზი ქვეყანა აქვთ და შესაფერისადაც ცხოვრობენ. ახლა უკვე კარგად ვიცით, რატომ გვიმეორებდნენ რუსები კვლავ და კვლავ: „თუ თქვენ საქართველო არ გინახავთ, ესე იგი არაფერი არ გინახავთ“.
მაინც რა შეიძლებოდა ენახა სტაინბეკს 1946 წელს საქართველოში?
ალბათ, რუსეთსა და უკრაინასთან შედარებით მეტი მზე და მეტი ღიმილიანი სახე, მეტი ხილის ბაღი, დათოვლილი მთები და ლურჯი ზღვა, მაგრამ, დიდწილად, მაინც ნახა ის, რაც აჩვენეს: შელამაზებული სინამდვილე, მოჩვენებითი კეთილდღეობა, ე.წ. „პოტიომკინის სოფლები“.
1963 წელს კი სტაინბეკს მეტი ცოდნა ჰქონდა საბჭოთა რეჟიმის შესახებ, იოლად აღარ მოტყუვდებოდა, ამისათვის თადარიგიც კი დაიჭირა, როცა ВОКС-ის (საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობის საკავშირო საზოგადოება) მიერ მიჩენილ თარჯიმანს არ დასჯერდა და მოგზაურობაში თან იახლა რუსულის კარგად მცოდნე ამრიკელი დიპლომატი.
თუმცა მცირე ხნით კვლავ დავუბრუნდეთ 1946 წლის მოგზაურობას.
КГБ, ქართველი შოფერი და "პოტიომკინის სსრკ"
და მაინც, იყო თუ არა „პოტიომკინის სოფლების“ გამოძახილი „რუსულ დღიურში“?
ამ კითხვის პასუხად ამერიკელი პროფესორი ალექსანდრ დოლინინი რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას ეუბნება:
„კი და არა!“
ალექსანდრ დოლინინმა ვისკონსინის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მიაკვლია ჟურნალ „ვოლგას“, რომელშიც გამოქვეყნებულია ლიტერატორ ივან ხმარსკის მოგონებები.
"პოტიომკინის სოფლის ელემენტი, ცხადია, იყო და, თანაც, ძალიან დიდი დოზით. ივან ხმარსკი, რომელიც სტაინბეკს უკრაინასა და საქართველოში მოგზაურობის დროს ახლდა, ამის შესახებ წერს თავის მოგონებებში, რომელიც 1991 წელს გამოქვეყნდა სარატოვის ჟურნალ „ვოლგაში“. ის წერს, რომ სტაინბეკს ძალიან მოსწონდა კოლმეურნეები, რომლებიც, როგორც მას ეგონა, გულწრფელად ესაუბრებოდნენ. სინამდვილეში, ისინი, რა თქმა უნდა, დამუშავებულები იყვნენ - ამის შესახებ პირდაპირ ამბობს ხმარსკი. ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო. ხოლო სტუმრის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე, რომელიც თავმჯდომარემ მოაწყო, კოლმეურნეების ნიღბით ისხდნენ რაიონის პარტიული კომიტეტის მდივანი და აპარატის სხვა თანამშრომლები. ისინი ცდილობდნენ საუბრის წარმართვას. იქ სხვა ხალხიც იყო, რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც ნამდვილად კოლმეურნეები იყვნენ, მაგრამ ყველაფერი ზედამხედველობის ქვეშ ხდებოდა“, - ამბობს ალექსანდრ დოლინინი.
და მართლაც, 2018 წელს უკრაინის უშიშროების სამინისტრომ ხელმისაწვდომი გახადა საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი, საიდანაც ირკვევა, რომ ნობელის პრემიის მომავალ ლაურეატს საბჭოთა უშიშროება საგულდაგულოდ უთვალთვალებდა.
„კიევში ყოფნის დროს სტაინბეკსა და კაპას დაუწესდათ ყოველდღიური ფარული და ღია მეთვალყურეობა”, - იუწყება უშიშროების არქივში აღმოჩენილი დოკუმენტი, რომელსაც ასევე ახლავს თვალთვალის ობიექტთა ბიოგრაფიული მონაცემები, დახასიათებები და თვალთვალის ანგარიშები.
КГБ-ში დარწმუნებული იყვნენ, რომ სსრკ-ში სტაინბეკის სტუმრობა ხალხის ცხოვრების გასაცნობად თვალში ნაცრის შეყრა იყო და რომ, სინამდვილეში, მწერალი ასრულებდა ამერიკის მთავრობისა და სპეცსამსახურების დავალებას.
2018 წელს დღის სინათლე იხილა ასევე УОКС-ის (უკრაინის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი) თანამშრომელი ქალისა და შეთავსებით КГБ-ს აგენტის (მეტსახელი „ალექსანდროვა“) რაპორტმა, რომლის მიხედვითაც, ამერიკელ მწერალს მასთან საუბარში სსრკ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ვიაჩესლავ მოლოტოვზე უთქვამს „ხისტი“, ხოლო აშშ-ში საბჭოთა კავშირის ელჩზე, ანდრეი გრომიკოზე, - „უხეში“, დიპლომატები ივან მაისკი და კონსტანტინ უმანსკი კი დიდად შეუქია.
„კორნეიჩუკთან [უკრაინის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე] ვახშმობისას მწერალმა ვანდა ვასილენსკაიამ წარმოთქვა სტალინის სადღეგრძელო, თქვა, რომ სტალინი და ხალხი ერთია“, - გვატყობინებს ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტი, რომელშიც სიტყვა „სტალინი“ შეგნებულად არის გამოტოვებული. - „სტაინბეკმა სადღეგრძელო მიიღო, თუმცა შენიშნა, რომ სვამს „ხალხისთვის“.
სტაინბეკსა და კაპაზე თვალთვალი, ცხადია, საქართველოშიც არ შეწყვეტილა.
პროფესორ დოლინინის თქმით, ივან ხმარსკი იხსენებს, რომ თბილისში სტაინბეკს ძალიან მოსწონდა თავისი მძღოლი, „ერთი თავქარიანი ბიჭი“.
„მან თავის წიგნში დაწერა, რომ ეს მძღოლი იყო ერთადერთი ადამიანი რუსეთში, ვინც იზიარებდა მის, სტაინბეკის, დამოკიდებულებას მილიციისა და პოლიციის მიმართ. ის არ იცავდა მოძრაობის წესებს, ნამდვილი თავზეხელაღებული მოჯირითე („ლიხაჩი“) იყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხმარსკი ამბობს, რომ ВОКС – ის ადგილობრივმა თანამშრომლებმა მიანიშნეს მას, რომ ეს მძღოლი სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომელი იყო და რომ მან ასეთი არხეინი, თავქარიანი ბიჭის როლი სპეციალურად მოირგო, რათა უცხოელების ნდობა მოეპოვებინა. და სტუმრებიც, როგორც წესი, გულღიად საუბრობდნენ მასთან. ხმარსკი პირდაპირ წერს, რომ, სამწუხაროდ, სტაინბეკი და კაპა არაერთხელ აღმოჩენილან არიფების როლში, იღებდნენ რა წმინდა წყლის სიმართლედ იმას, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი და შემდეგ ინსცენირებული“.
ეშვებიანი მგლების ძიებაში
1963 წელს ჯონ სტაინბეკი საბჭოთა კავშირს პრეზიდენტ ჯონ კენედის შეთავაზებითა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ინიცირებული კულტურათა გაცვლის პროგრამის ფარგლებში ეწვია (15 ოქტომბერი-14 ნოემბერი), მეუღლე ელეინთან და დრამატურგ ედვარდ ობლისთან ერთად. ამერიკელ მწერალს თარჯიმნობას უწევდა ფრიდა ლურიე, საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციით, ანგარიშს აბარებდა ВОКС-ს და, შესაბამისად, სპეცსამსახურებს, მაგრამ სტაინბეკიც აღარ იყო ისეთი გულუბრყვილო, როგორიც ხმარსკის დაამახსოვრდა 16 წლის წინ. სტუმრობის პირველ დღეებში სტაინბეკმა დაჟინებით მოითხოვა, რომ მას ყველგან ხლებოდა ამერიკის საელჩოს მეორე მდივანი, პეტერ ბრიჯესი, რომელიც რუსულის კარგი მცოდნე იყო.
საბჭოთა კავშირში არ იყო მიღებული უცხოელი დიპლომატების, რომლებშიც სპესამსახურის წარმომადგენლებს ხედავდნენ, თავისუფალი გადაადგილება, თუმცა სტაინბეკმა დაიჟინა და ბოლომდე გაიტანა თავისი, რაც დიდად გამოადგა შემდგომი ერთი თვის განმავლობაში, რადგან, როგორც სტაინბეკის ბიოგაფი ჯ. ბენსონი წერს, ბრიჯესი ხშირად ერეოდა ხოლმე თარგმანის პროცესში და ავსებდა მას ფრიდა ლურიეს მიერ საგანგებოდ გამოტოვებული ფრაზებითა და კონტექსტით, რაც, თავის მხრივ, დიდ დახმარებას უწევდა ამერიკელ მწერალს ზუსტი ინფორმაციის მიღებასა და ცხადი წარმოდგენების შექმნაში.
1963 წელს სტაინბეკი მეტი ეჭვით იღებდა მოსმენილ ინფორმაციას. ეგ კი არა, მოსკოვში, ჟურნალ „იუნოსტის“ რედაქციაში, საბჭოთა მწერლებთან (ბელა ახმადულინა, ეკვგენი ევტუშენკო და სხვ.) გამართულ შეხვედრაზე მთელი ნახევარი საათი ლანძღავდა და აგინებდა ამერიკის მთავრობასა და საზოგადოებას მხოლოდ იმისათვის, რომ რუს კოლეგებსაც გადასდებოდათ თავიანთი სახელმწიფოს მანკიერ მხარეებზე საუბრის მუხტი.
„ბოლოს მორჩა ლანძღვას, სული მოითქვა, მოიწმინდა ოფლი შუბლიდან და გასამხნევებლად თვალის ჩაკვრით გვითხრა: „აი, ყველაფერი გადმოვალაგე, რაც არ მომწონს ჩემს ქვეყანასა და საზოგადოებაში. ახლა ჯერი თქვენზეა - რა არ მოგწონთ თქვენს ქვეყანაში? აბა, მგლის ლეკვებო, გამოაჩინეთ ეშვები!“ მგლებმა კი, ე.ი. ჩვენ, ეშვები ვერ გამოვაჩინეთ, თითქოს სარძევე კბილების მოცვლის შემდეგ ახლები არ ამოგვსვლოდეს“, - ასე იხსენებს ჯონ სტაინბეკთან შეხვედრას მწერალი ევგენი ევტუშენკო ჩანაწერში „დავარგებული ღვინო „მრისხანების მტევნებისგან“, თუმცა ამერიკელმა მწერალმა მაინც მოძებნა ერთი „ეშვებიანი მგელი“, ვიქტორ ნეკრასოვი, რომელიც კიევში ფაქტობრივ შინაპატიმრობაში ცხოვრობდა.
ბაღი, დუდუკი, მწერლები...
თბილისი იყო ჯონ სტაინბეკის ერთთვიანი სტუმრობის ბოლოსწინა პუნქტი გრძელ მარშრუტში: მოსკოვი, კიევი, ერევანი, თბილისი, ლენინგრადი.
რატომ ჩამოვიდა თბილისი, სადაც ის უკვე ნამყოფი იყო?
როგორც კინომცოდნე და ჯონ სტაინბეკის ცხოვრების მკვლევარი ოლიკო ჟღენტი ეუბნება რადიო თავისუფლებას, დიდ ამერიკელ მწერალს თბილისისა და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.
„საქართველოში პირველი მოგზაურობის შემდეგ მისი მსოფლმხედველობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. სტაინბეკის შემოქმედებაში გაძლიერდა ისტორიული ნარატივი. ის უძღვნის რომანს თავის ქალაქს, იმდენად აღაფრთოვანა თბილისის ისტორიამ, ლეგენდებმა, რომ ეს ყველაფერი თავის წიგნში ჩადო“, - ამბობს ოლიკო ჟღენტი, რომელიც სტაინბეკის ორივე სტუმრობის შესახებ დოკმუნეტურ ფილმს ამზადებს.
რა ვიცით თბილისში სტაინბეკის მეორე სტუმრობის შესახებ გარდა იმისა, რომ რკინიზის ვაგზალზე მას ახალგაზრდა გელა ჩარკვიანი დახვდა?
ჯონ სტაინბეკს ორი დღის განმავლობაში საქართველოს მწერალთა კავშირი მასპინძლობდა. შემორჩენილია რამდენიმე ფოტო, მათ შორის ერთი კოლექტიური, რომელზეც გამოსახული არიან ნიკო ყიასაშვილი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი პეტერ ბრიჯესი, ჯონ სტაინბეკის მეუღლე ელეინი, იოსებ ნონეშვილი, ჯონ სტაინბეკი, სერგი ჭილაია (მწერალთა კავშირის პირველი მდივანი), ვახტანგ ჭელიძე - სტაინბეკის ქართულად მთარგმნელი.
ასევე შემორჩენილია ჯონ სტიანბეკის წერილი (სანობელე სიტყვის ასლთან ერთად), რომლის ადრესატი და, როგორც ჩანს, მისი ერთ-ერთი მასპინძელი პოეტი კოლაუ ნადირაძეა:
ბარათი კოლაუ ნადირაძეს
ძვირფასო მეგობარო: მე და ჩემი მეუღლე ელენი, თქვენთან სტუმრობის შემდეგ, თბილისიდან შინ რომ დავბრუნდით, იქედან მოყოლებული თქვენზე და თქვენს დიდებულ ქალაქზე ფიქრში ვატარებთ. რამდენი თბილი, სააამო და ამაღელვებელი რამ გამოგვატანეთ თან. ისინი ჩვენი მოგონებებიდან არასდროს ამოიშლება. მართალია, ვიკამათეთ, განსხვავებული მოსაზრებანიც გამოვთქვით, თუმცა ყველაფერი ამით ამოიწურა და ჩვენი მეგობრობისათვის ამას ზიანი არ მიუყენებია. მჯერა, ამ აზრთა სხვაობის არსმა დაგვარწმუნა, კეთილ ადამიანებს მიზნები და მისწრაფებები ყველგან ერთნაირი რომ აქვთ. ჩვენ მხოლოდ საშუალებანი წარმოგვიდგენია ოდნავ სხვაგვარად. ამიტომ, ვფიქრობ, მუდმივად უნდა ვიფხიზლოთ, რათა საშუალებებმა მიზანი არ გააბუნდოვნოს. მადლიერების ნიშნად, იმ პატივისათვის, თქვენ რომ დამდეთ, გიგზავნით ერთადერთი სიტყვის ასლს, რომელიც წარმოვთქვი ან მომავალში წარმოვთქვამ. ამ თვალსაზრისით ის უნიკალურია. მე ასე მწამს. მიუხედავად ამისა, ახლა რომ მისი შესწორება შემეძლოს, ალბათ, მწერლის მოვალეობებს იმას დავუმატებდი, რომ სამყაროს ოდნავ მეტი მხიარულება, ოდნავ მეტი სილაღე შესძინოს და ოდნავ მეტი სიცილით აავსოს. ამით არაფერი დაშავდებოდა. ალბათ, ეს იმის დასტურიცაა, რაც ყველას გვწამს: კაცები მაშინ ხდებიან ერთმანეთის უახლოესნი, როცა ერთად იცინიან. მახსენდება, თბილისში ერთად ძალიან ბევრს რომ ვიცინოდით, ვცეკვავდით და ვმღეროდით კიდეც. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე გვესტუმრებით და გაორკეცებულ იმედს გამოვთქვამთ, დაახლოებით მაინც ისეთივე გულუხვი სტუმარ-მასპინძლობა გაგიწიოთ, თქვენი ხელგაშლილობის დარი რომ იქნეს. ელენი ჩემს სურვილებს უერთდება. გისურვებთ ბედნიერებასა და ჯანმრთელობას.
თქვენი მეგობარი ჯონ სტაინბეკი, 9 მაისი, 1964 წ.
ჯონ სტაინბეკის გამგზავრებიდან ერთი თვის თავზე ჟურნალმა „დროშამ“ დეკემბრის ნომერში (1963 წ. N12) გამოაქვეყნა გულნარა ბახტაძის სტატია, სათაურით „კალამი, დუდუკი და სალამური“.
„...და აი, მწერალი ჩვენი სტუმარია. იგი კვლავ ჭუტავს ცალ თვალს და გასაოცარი ყურადღებით აკვირდება ყველაფერს“, - წერს ავტორი და უხვად მოუხმობს მწერლის შთაბეჭდილებებს პირველი მოგზაურობიდან, შემდეგ კი განაგრძობს: „ახლა, როცა იგი კვლავ ნაცნობ ადგილებშია, თიქოს ეძებსო ვინმეს, ისე აკვირდება ქუჩაში გამვლელებს... პირველად 16 წლის წინ ინახულა სტაინბეკმა აქაურობა, ხალხი ისეთივე დარჩენილა, თბილისი კი გამოცვლილა, გასულა უფრო შორს, მკერდი ფართოდ გაუღეღია, ძნელი საცნობი გამხდარა ადრინდელი ქუჩა, ადრინდელი სახლი; იგი სულ უფრო ჭუტავს თვალს, კლდეზე შემდგარ მეტეხის ციხეს გასცქერის, ქვემოთ მტკვარი მიდუდუნებს. იყო აქ ხიდი? ვერ ძალუძს გაიხსენოს რა იდგა ხიდის ახლოს?“
სტატიიდან შევიტყობთ, რომ სტაინბეკი მცხეთაშიც ყოფილა ცნობილ მებაღე მიხეილ მამულაშვილთან („ყვავილებით რომ ქარგავს მოთხრობას ბაღზე“), რომელსაც სტუმრისთვის ულამაზესი ჩალისფერი ვარდი უჩუქებია.
თბლისურ დუდუკსაც მიუქცევია მწერლის ყურადღება. მიხეილ ადამაშვილი, ცნობილი მედუდუკე, ამდგარა და თავისი ინსტრუმენტი მიურთმევია სტუმრისთვის.
„სტუმარს არ სჯერა. როგორ იქნება? ეს ხომ ამ კაცის პროფესიული იარაღია? უთუოდ კიდევ აქვს, ასე ფიქრობს სტუმარი. მასპინძელს კი თუნდაც ერთადერთი ჰქონდეს, სტუმრისთვის არ ენანება. რახან ასეა, მედუდუკემაც გაიხსენოს ჯონ სტაინბეკი. მისგანაც ჰქონდეს სამახსოვრო - კალმისტარი. მედუდუკემ კალამი მოიმარჯვა - არ უნდა წერდეს ცუდად ეს კალმისტარი. დაე, ამის შემდეგ სტაინბეკმა დაუკრას, შენ კიდევ წერე, მიხეილ!“
მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ირაკლი აბაშიძემ, რომელიც თან ახლდა ამერიკელ სტუმარს, სალამური აჩუქა, მანამდე ერთად დაკვრაც სცადეს. ეს ფოტოც შემონახულია, განსხვავებით ნაჩუქარი საგნებისა.
„არა ნახვამდის, არამედ მშვიდობით!“
ოლიკო ჟღენტი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოშიც და ამერიკაშიც საგულდაგულოდ ეძება სტაინბეკის თბილისში სტუმრობასთან დაკავშირებული ნივთები, მაგრამ ვერაფერს მიაკვლია.
„მანჰეტენზე ვიყავი მწერლის სახლში, ასევე მის აგარაკზე - ვერსად ვერაფერი ვნახე, გულმოდგინე ძებნის მიუხედავად. ვეფხისტყაოსანი უნდა ყოფილიყო, დუდუკიც. თბილისშიც არ იძებნება სტაინბეკის კალამი, რომელიც თითქოსდა მუზეუმისთვის გაუტანიათ ადამაშვილების ოჯახიდან. არ არის გამორიცხული, რომ კალამი უშიშროებამ წაიღო. შეიძლება რამე საეჭვოს ეძებდნენ... ისევე როგორც წაიღეს ბევრი ფოტო, რომლებიც დაკარგულად ითვლება“, - ამბობს ოლიკო ჟღენტი.
ჯონ სტაინბეკი თბილისიდან ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი) გაფრინდა. ალბათ, იქ გაუმართეს გამოსამშვიდობებელი საღამო და იქ წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა, თუმცა, როგორც ლია ჟდანოვა (ავტორი ვრცელი მონოგრაფიისა „მწერალი ჯონ სტაინბეკი სსრკ-ში“) ამბობს, ერთთვიანი მოგზაურობისა და ნანახის ერთგვარ შეჯამებად გამოდგება სტაინბეკის მიერ თბილისში გამართულ ბანკეტზე წარმოთქმული სადღეგრძელოს ფინალი, რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული საბჭოთა მწერალთა კავშირის აღმასკომის რეფერენტის მიერ:
„მშვიდობით!“ - არა „ნახვამდის“, არამედ „მშვიდობით!“ - თქვა მან - „იარეთ თქვენი გზით, სადაც არ უნდა მიგიყვანოთ მან. ათეისტი რომ არ ვიყო, გეტყოდით: ღმერთმა გიშველოთ!“