მშრალ ხიდზე სხვა ბევრ ძველ ნივთთან ერთად მედლებიც იყიდება. საბჭოთა ჯილდოები, რომლებსაც ომში გამოჩენილი გმირობისთვის, შრომისთვის, განსაკუთრებული დამსახურებისთვის აძლევდნენ, ახლა დახლებზე აწყვია და გამვლელ-გამომვლელი ათვალიერებს, ვისაც თვალში მოუვა, ყიდულობს კიდეც.
საბჭოთა კავშირში განსაკუთრებულ ორდენებად ითვლებოდა ოქროს ვარსკვლავი, წითელი ვარსკვლავი, ლენინის ორდენი...
რანგით უფრო დაბალია მედლები, ისინი ბევრია და სხვადასხვანაირი. მედლის მიხედვით, შეიძლება გაარკვიო, ადამიანს ჯილდო რა დამსახურებისთვის მიეცა, ოდესის დაცვისთვის, ვენის აღებისთვის თუ სტალინგრადის ბრძოლისთვის.
მაგალითად, მედალს „ბუდაპეშტის აღებისათვის“ აძლევდნენ მათ, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს ბუდაპეშტის შტურმში მონაწილეობდა.
მედლით „ოდესის დაცვისთვის“ დაახლოებით 30 ათასი ადამიანია დაჯილდოებული საბჭოთა კავშირში, ისინი ქალაქს 1941 წლის აგვისტო-ოქტომბერში იცავდნენ. „ოდესაში ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა“, - ამბობს გამყიდველი. მას ლენინის ორდენიც აქვს გამოტანილი, ოღონდ: „ეს შრომისთვისაა. იყო, ომისთვის რომ აძლევდნენ, ისეთიც, ოღონდ სხვანაირი. ოქროსი 1800 დოლარი ღირს, მაგრამ ეს ოქროსი არ არის და 150 ლარად ვყიდი“.
მედლის ტარებას თავისი წესი ჰქონდა, მაგალითად, მედალი „კავკასიის დაცვისთვის“ მარცხენა მხარეს უნდა დაგებნია.
თუ ჯილდოს მფლობელი სხვა მედლებსაც ატარებდა, იკეთებდა მედლის „კიევის დაცვისთვის“ შემდეგ. მედალი „ოდესის დაცვისთვის“ მედლის „მოსკოვის დაცვისთვის“ შემდეგ მოდიოდა. მედალს „ოდესის დაცვისთვის“ მოჰყვებოდა მედალი „სევასტოპოლის დაცვისთვის“.
აჯილდოებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელი იმპერიალისტების წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც.
ასევე იყო მაგიდის მედლები, საიუბილეო მედლები, მედლები შრომისთვის და კიდევ სხვა დამსახურებებისთვის.
„მედალი იმდენი და იმდენნაირია, შეიძლება აქ არც დაეტიოს. ბევრი კოლექციონერი ყიდულობს, ქართველიც, უცხოელიც“, - ამბობს ირაკლი ნემსვერიძე და მრავალშვილიანობისთვის დაწესებულ ჯილდოებს გვიჩვენებს.
„გმირი დედის“ ორდენი საბჭოთა კავშირში ქალს 10 შვილის გაზრდისთვის ეძლეოდა. იყო კიდევ სამი ორდენი: „დედის დიდება I“ - ცხრა შვილისთვის, „დედის დიდება II“ - რვა შვილისთვის და „დედის დიდება III“ - შვიდი შვილისთვის.
„ზოგი ალუმინია, ზოგი სპილენძი, ზოგი თითბერი. ოქრო და ვერცხლი ჩემამდე არ მოსულა. ვისაც ოჯახის წევრი ჰყავდა ომის მონაწილე, მათ უკვე არაფერში ადგებათ და მაბარებენ. მედლებს კი არა, ბებიების და ბაბუების სურათებსაც კი ყრიან“.
ეს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეების მედალია „გერმანიაზე გამარჯვებისთვის“. სიძველის გამო ბაფთა უკვე აღარ შერჩა.
„ბევრი აღარაა, ახლა თითო სამკერდე ნიშანი თუ ჰქონდეს ვინმეს. ისიც მოვა და ისეთ ფასს გეტყვის... შეიძლება ასი ლარი მოითხოვოს, არადა, დიდი-დიდი ხუთი ლარი ღირდეს. აქ ძვირფასს ვერც იყიდი, ვერც - გაყიდი. ერთხელ მომიტანეს ლენინის მაგიდის მედალი. ოცდაათ ლარად ჩავიბარე და ორმოცდაათად გავყიდე. ძვირფასი ძნელად აქ ვინმემ რამე მოიტანოს. ძვირფასი ის იქნებოდა, ქანთარიას რომ მისცეს. მაგრამ ის მუზეუმში ინახებოდა, სახლში არ გაატანდნენ. ვისაც გაატანეს, კი გაყიდეს შვილიშვილებმა“, - ამბობს ოთარ ჩხაიძე.
საბჭოთა კავშირში ორდენებითა და მედლებით დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი დააჯილდოვეს.