ონლაინგაკვეთილს სამი ადამიანი ესწრება, ერთი შვეიცარიიდან, მეორე საფრანგეთიდან, მესამე - საქართველოდან. მეგრულს სწავლობენ. მასწავლებელი ნათია ფონიავა გრამატიკას ხსნის და სავარჯიშოები ეკრანზე ჩანს, თუ პასუხი სწორია, მადლობას იხდის: „მარდი, მარდი“.
„-გომორძგუა, სი მუ ჯოხო?
-გიორგი.
-სკანი მაყალე სონი რე?
-ჩქიმი მაყალე იაპონარი რე“.
(გამარჯობა, რა გქვია? გიორგი. შენი მეგობარი სადაურია? ჩემი მეგობარი იაპონელია).
დღევანდელ მსოფლიოში მცირე ენები ქრება და განვითრებული ქვეყნები ამის შეჩერებას ცდილობენ - კურსები, წახალისებული პროგრამები, სწავლება სკოლაში.
საქართველოშიც გამომცემლობა „არტანუჯმა“ მცირე ენების გადასარჩენად ონლაინკურსები შექმნა, მეგრულისა და სვანურის შესწავლა ახლა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეიძლება.
იმის შესაფასებლად, თუ რამდენად მოწყვლადია ენა, ხუთსაფეხურიანი შკალა არსებობს:
დაუცველი - ბავშვები საუბრობენ ამ ენაზე, მაგრამ, მაგალითად, მხოლოდ სახლში.
გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი - ბავშვებისთვის ეს ენა აღარ არის „დედაენა“.
გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი (მძიმე ფორმით) - ამ ენაზე საუბრობენ ბებიები და ბაბუები, მშობლებს ესმით, მაგრამ ბავშვებს ამ ენაზე უკვე აღარ ელაპარაკებიან.
საფრთხის ქვეშ მყოფი (კრიტიკული დონე) - ყველაზე ახალგაზრდები, ვინც ამ ენაზე საუბრობენ, ბებია-ბაბუები და მათზე უფროსები არიან. ისინიც ამ ენას მხოლოდ ნაწილობრივ იყენებენ.
გადაშენებული - ამ ენაზე აღარავინ ლაპარაკობს.
მეგრულსა და სვანურს ამ შკალაზე მეორე-მესამე ადგილი უჭირავთ - გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი. ეს ენები ახალგაზრდობას ესმის, მაგრამ არ საუბრობენ. თაობებს შორის წყვეტა კი ნიშნავს, რომ მომდევნო თაობა ენას ვეღარც გაიგებს.
„ყველაზე რთული ვითარება არის აბაშაში და ფოთში, აქ მხოლოდ უფროსი თაობა მეტყველებს მეგრულად. ზოგადად ქალაქებში ბევრად უარესი მდგომარეობაა, ვიდრე სოფლებში. ხშირად ამბობენ, ვინ უშლით, ილაპარაკონო, შეიძლება არავინ უშლის, მაგრამ დასცინიან აქცენტის გამო, თან რადგანაც ეს ენა პრესტიჟული არ არის, არ სჭირდებათ და ცდილობენ, სხვა ენები ისწავლონ“, - ამბობს ნათია ფონიავა.
შვეიცარიას რომ შეხედავ, აქაც ხომ იგივე სისტემაა. აქ სახელმწიფო ენებია ფრანგული, გერმანული და კიდევ არის ასევე რეტორომანული ენა, რომელზეც სულ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ლაპარაკობს, მაგრამ ხელისუფლება მაინც აფინანსებს და ზრუნავს ამ ენაზე.
საქართველოში მცირე ენებზე ზრუნვა უფრო კერძო ინიციატივებზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა მეგრულისა და სვანურის კურსებია. მსურველი ცოტაა, მაგრამ მაინც არიან.
21 წლის გიორგი გოგელაშვილი კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტია, ენის ტექნოლოგიებზე მუშაობს, მანქანურ თარგმანებზე, ჩეთბოტებზე...
„მაინტერესებს ქართველური ენები. მეგრულით დავიწყე, რადგან მეგრულის კურსები ჩემთვის უფრო მოსახერხებელ დროსაა. მეგრულის სწავლით ქართული ენის მახასიათებლებზეც ბევრს ვიგებ“.
გიორგი ვაშაკიძე ჟენევაში ცხოვრობს. მან მეგრულის სწავლა ორი მიზეზით გადაწყვიტა, პირველი მეგრელი მეგობრებია და მეორე - ცდილობს ენის გადარჩენაში თავისი წვლილი შეიტანოს.
„ბევრი მეგრელი მეგობარი მყავს და მათ პატივსაცემად მინდა ვისწავლო, მათთან სალაპარაკოდ. თან შვეიცარიას რომ შეხედავ, აქაც ხომ იგივე სისტემაა. აქ სახელმწიფო ენებია ფრანგული, გერმანული და კიდევ არის ასევე რეტორომანული ენა, რომელზეც სულ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ლაპარაკობს, მაგრამ ხელისუფლება მაინც აფინანსებს და ზრუნავს ამ ენაზე. (რეტორომანული ენა საუბრობენ შვეიცარიაში, გრაუბიუნდენის კანტონში. მიეკუთვნება რომანულ ენებს. რ.თ.)“.
ილია ნაჭყებია ფოთში დაიბადა, მის სახლში მეგრულად მხოლოდ ბებია და ბაბუა ლაპარაკობდნენ, ისიც იშვიათად. ბოლო 10 წელია საფრანგეთში ცხოვრობს.
„აქ განსაკუთრებულად მომაწვა [ნოსტალგია] და ვსწავლობ, რომ არ დავკარგო ჩემი ძირი, ქართველობა. რამდენიმე ენა ვიცი, ფრანგული, რუსული, ინგლისური, ადრე გერმანულიც ვიცოდი. მეგრულად რაღაც სიტყვები მესმის, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ და მიზნად მაქვს, კარგად ვისწავლო. ამას წინათ საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში ვიყავით, ბრეტანი ჰქვია, მაგათაც თავისი ენა აქვთ, ფრანგულს საერთოდ არ ჰგავს. იქ წარწერები ქუჩაში ორ ენზეა, ტელევიზიაც აქვთ თავიანთ ენაზე, ხალხიც ცოტას, მაგრამ მაინც ლაპარაკობს“.
მეგრულის და სვანურის კურსები ოთხთვიანია, გაკვეთილები კვირაში ორჯერ ტარდება, ერთი საათით. ენა A1 დონეზე ისწავლება, ბოლოს სერტიფიკატსაც აძლევენ. მთელი კურსი 400 ლარი ღირს.
„ლაზური ჯგუფი წელს ვერ შედგა, მხოლოდ მეგრული და სვანური. ამ კურსის დასრულების შემდეგ მარტივი ურთიერთობა შეეძლებათ, ადგილის აღწერა, გარეგნობის აღწერა, მიმართულების ჩვენება, საათის ცნობა, წელიწადის დროები და ასე შემდეგ“, - ამბობს ნათია ფონიავა.
სვანურის კურსზე ამჯერად სულ ორი მოსწავლეა, პირველ ანკადში ოთხნი იყვნენ, მასწავლებელი მედეა საღლიანი ამბობს, რომ ბავშვები ძალიან მოწადინებულები არიან.
„აინტერესებთ სვანური ენა, მისი კავშირი მეგრულთან, ძველ ქართულთან. გაზაფხულზე მეორე დონეზე გადავალთ, პირველი კურსის მოსწავლეებიც შემოგვიერთდებიან. ახლა მართლა ანა-ბანადან დავიწყეთ, სვანური ბგერების გამოთქმიდან, ქართულში რომ 5 ხმოვანია, სვანურში 18 გვაქვს.
სვანურისა და მეგრულის გაქრობა რასაც მოასწავებს, ყველამ იცის, ამ ენების გარეშე თავად ქართული ენის კვლევაც არ არის შესაძლებელი, არქეტიპების აღდგენა.
ადრე სულ კამათი და ჩხუბი იყო, რატომ უწოდებთ მეგრულს და სვანურს ენებს, დიალექტებიაო. ახლა ამაზე აღარ დაობენ, ახლა უკვე ეშინიათ, ეს ენები საერთოდ არ დაიკარგოს“, - ამბობს მედეა საღლიანი.
გარდა მეგრულისა და სვანურისა, საფრთის ქვეშ არის წოვათუშური, აფხაზური და ოსური ენებიც. 2022 წლის 14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ეგებ მეგრული და სვანური სკოლებში ისწავლებოდესო.
„გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა, რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ პირველ რიგში მეგრულისა და სვანურისათვის“, - თქვა პრეზიდენტმა, თუმცა ამ იდეას არაფერი მოჰყოლია.