Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მასშტაბის შესახებ რთულია საუბარი, რადგან სახელმწიფო ჯერ ვერ შეთანხმდა რას ვუწოდებთ უსახლკაროს... ერთიანი სტატისტიკა სახელმწიფოს არ აქვს“


მარიამ ჯანიაშვილი, EMC-ს პროექტების კოორდინატორი
მარიამ ჯანიაშვილი, EMC-ს პროექტების კოორდინატორი

უსახლკარობა არის გამოწვევა არაერთი ადამიანისთვის საქართველოში. ასე ზოგადად, ციფრების გარეშე გვიწევს ამ პრობლემაზე მსჯელობა, რადგან სტატისტიკა არ არსებობს. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) პროექტების კოორდინატორი, იურისტი, მარიამ ჯანიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ხაზს უსვამს სახელმწიფოს ვალდებულებას აღიაროს უსახლკარობის პრობლემა, სათანადო საცხოვრებლის უფლება და გაატაროს შესაბამისი ზომები. მარიამ ჯანიაშვილი არის ავტორი "ღია საზოგადოების ფონდის" მიერ ახლახან წარმოდგენილი ერთ-ერთი გამოკვლევის - "გამოსახლების სტანდარტები და საუკეთესო გამოცდილება":

„პირველად სწორედ კონსტიტუციაში ცვლილებებით, 2018 წელს განიმარტა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ერთ-ერთ ელემენტად მოიცვა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით მხოლოდ პრინციპების დონეზე არ იყოს დარეგულირებული სახელმწიფოს ეს ვალდებულება და ნათლად გაიწეროს კონკრეტული ელემენტები: სათანადო საცხოვრებლის ცნება, რომელიც არ გვაქვს, მთელი რიგი სტანდარტები, მათ შორის გამოსახლებასთან მიმართებით რა უნდა განახორციელოს სახელმწიფომ, როგორი უნდა იყოს გამოსახლება, რა ვალდებულებები აკისრია სახელმწიფოს, რა ტიპის საცხოვრისი უნდა უზრუნველყოს გამოსახლების წინაშე მყოფი პირებისთვის, უსახლკაროდ დარჩენილი პირებისთვის და ა.შ. …

ამ ეტაპზე კანონმდებლობა არის ძალიან ფრაგმენტული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 1994 წელს შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარა გაეროს პაქტი, რომელიც ეხება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. ამ პაქტის ერთ-ერთი მუხლი ეხება სათანადო საცხოვრებლის უფლებას. ამის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობა არ არის დაახლოებული ამ საერთაშორისო სტანდარტებთან.

კანონმდებლობა არის ფრაგმენტული და ძირითადად მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობების, მუნიციპალიტეტების მიერ უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის ვალდებულებას, რაც არის უკიდურესად ვიწრო ვალდებულება.

საერთაშორისო სტანდარტებით სახელმწიფომ უნდა გაატაროს მთელი რიგი ზომები საკანონმდებლო პოლიტიკის, ინსტიტუციონალური განვითარების, უსახლკარობის პრევენციის, სტატისტიკის წარმოების კუთხით და ა.შ.“.

მარიამ ჯანიაშვილის თქმით, პრობლემურია უსახლკარო პირის განმარტებაც:

„კანონმდებლობაში უკიდურესად ვიწროდ არის განმარტებული უსახლკარო პირის ცნება და ასეთად თვლის პირს, რომელსაც არ აქვს მუდმივად განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ არის რეგისტრირებული უსახლკაროდ. ორივე ელემენტი გამოირჩევა ხარვეზიანობით“.

ხარვეზიანობა კი ის არის, რომ პირველი კრიტერიუმით განსაზღვრა არ მოიცავს ბევრ უსახლკარო ან უსახლკარობისთვის განწირულ ადამიანს. მუნიციპალიტეტები კი საკმაოდ შეზღუდულად აწარმოებენ სტატისტიკას. როგორც „დილის საუბრების“ სტუმარი აღნიშნავს, მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტს აქვს წარდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის უსახლკაროების სტატისტიკა, რაც თავისთავადაც არასრული და არარელევანტურია:

„მასშტაბის შესახებ რთულია საუბარი, რადგან სახელმწიფო ჯერ ვერ შეთანხმდა რას ვუწოდებთ უსახლკაროს.

ვიცით უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რაც არ ასახავს რეალობას.

...მხოლოდ თბილისში ათასობით ადამიანს აქვს თვითნებურად დაკავებული ესა თუ ის ფართი. თუმცა, ესეც არის ერთ-ერთი ჯგუფი“.

EMC-ს მიერ 2015-2016 წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უსახლკარობის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის ჯანმრთელობის მდგომარეობით გაპირობებული ხარჯები, აგრეთვე მწირი ანაზღაურება, უმუშევრობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებითი გადაადგილება, ოჯახური ძალადობა.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG