საია-ს იურისტი, მარიამ გოგოსაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ სახელმწიფოს მიდგომა ტელეკომპანიების მიმართ უნდა იყოს თანაბარი. ეს არის კოალიციის - „მედიის ადვოკატირებისთვის“ პოზიცია, რომლის წევრი საია-სთან ერთად კიდევ ათი ორგანიზაციაა:
„მნიშვნელოვანია, იყოს ერთგვაროვანი მიდგომა. გარდა ამისა, ვინაიდან საქმე ეხება საგადასახადო საიდუმლოებას, არის გარკვეული სახის შეზღუდვები ინფორმაციის მისაწვდომობის კუთხით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაღაც საკითხები მაინც უნდა იყოს გამჭვირვალე. მაგალითად, იმ ტელეკომპანიებთან მიმართებით როგორ ხდება დღეს გადახდევინება? ანუ, საგადასახადო შეთანხმება დაიდო, როგორც მივხვდი გავრცელებული ინფორმაციით, რაც ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაიცა. მაგრამ არ ვიცით, რა საგადასახადო შეთანხმება შედგა და სრულდება თუ არა თუნდაც ამ შეთანხმების პირობები. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, არის თუ არა ერთგვაროვანი მიდგომა ტელეკომპანიების მიმართ და არა იმაზე, რომ თანხის გადახდა საერთოდ არ უნდა განხორციელდეს“.
მარიამ გოგოსაშვილს არათანაბარი მიდგომის მაგალითად მოჰყავს ტელეკომპანია „პირველი“, რომელსაც უარი ეთქვა გადასახადის გადავადებაზე მცირე ხნით (15 ირანვრამდე) და ისიც აღსანიშნავია, რომ სხვა ტელეკომპანიების ათეულმილიონიანი დავალიანებასთან შედარებით, მისი დავალიანების ოდენობაც უმნიშვნელო იყო.