ოჯახი ოკუპირებულ ცხინვალში მაისის დასაწყისში გამოცხადებულ ამნისტიაზე დიდ იმედს ამყარებდა - ეგონათ, რომ პატიმარს მალე გაათავისუფლებდნენ.
ივლისის დასაწყისში ერგნეთში ჩატარებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, უკანონო პატიმრობაში მყოფ პირებზეც იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე მამუკა ჩხიკვაძის ბიძას, შმაგი ჭანკვეტაძეს დაუკავშირდა და კიდევ ერთხელ დააიმედა - უთხრა, რომ პატიმრების საკითხის გადაჭრას ევროკავშირიც პრინციპულად ითხოვს.
„[ანთაძემ] მითხრა, მამუკას საკითხი ძალიან პრინციპულად დავაყენეთო. იქ ცხინვალში, ძალოვანებში და პროკურატურაში, რაღაცა საკადრო წმენდა მიმდინარეობსო, გაგლოევმა ყველგან თავისი კადრების დანიშვნა დაიწყო და ფაქტიურად საბუთებზე ხელის მომწერი კაცი აღარ ჰყავთო“, - ეუბნება შმაგი ჭანკვეტაძე რადიო თავისუფლებას და განაგრძობს: „ფაქტიურად ასეთი რაღაცა გვითხრეს, რომ საკითხი გადაწყვეტილიაო, განსაკუთრებით კახა ნათაძეზე, რომელიც ავად არის და მამუკას საკითხიო, უბრალოდ ტექნიკური საკითხებიღა დარჩა მოსაგვარებელი და ამასღა ველოდებითო. მამუკასთან კონტაქტი უკვე აღარ მაქვს, ალბათ იქიდან შეუზღუდეს ამის საშუალება და ის პირობაც მივიღე, რომ მოითხოვენ და დაარეკინებენ იქიდან“.
მანამდე მამუკა ჩხიკვაძე ოჯახის წევრებს და ნათესავებს პერიოდულად უკავშირდებოდა და მდგომარეობასაც ატყობინებდა.
ბოლოს მან დაახლოებით ერთი თვის წინ დასთან, ბათუმში დარეკა და მცირე ხნით ელაპარაკა. გათავისუფლების შესახებ ვერაფერი თქვა. უფრო ადრე ბიძას ცხინვალში გამოცხადებული ამნისტიის შესახებ უამბო. მაშინ მამუკა იმედიანად იყო და ფიქრობდა, რომ ამნისტია მასაც შეეხებოდა. ამჟამად მისი ნათესავებისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ამნისტიის გამოცხადების შემდეგ ციხე ჯერ არავის დაუტოვებია.
ერგნეთის 3 ივლისის შეხვედრის შემდეგ, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვერ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩხიკვაძეს და სხვა პატიმრებს იქ გამოცხადებული ამნისტია შეეხოთ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დადგენილება 8 მაისს გამოსცა. იგეგმებოდა ხუთი პატიმრის გათავისუფლება, ორს კი სასჯელი უნახევრდებოდა და საპატიმროს ისინიც დატოვებდნენ.
ჩხიკვაძე წელიწად-ნახევარია უკვე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იმყოფება. იქაური კანონმდებლობით, პატიმრობის 2 დღე 3 დღედ ითვლება, ამიტომ გამოდის, რომ ჩხიკვაძეს ე.წ. სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს.
მამუკა ჩხიკვაძის გარდა, ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს კიდევ 7 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით არის გასამართლებული.
„ფაქტია, რომ ე.წ. ამნისტიის აქტი ამ პირებზე არ იქნა გათვალისწინებული, ჩვენ ასეთ დასკვნას ვაკეთებთ. მათ არაფერი დაუკონკრეტებიათ. შესაძლოა ჩვენ ვცდებოდეთ. ჩვენთვის ფორმას არა აქვს მნიშვნელობა. კვლავ გრძელდება ინტენსიური კონსულტაციები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ჩვენ ვიბრძვით, რომ ისინი უმოკლეს ვადებში დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი არ დაბრუნდებიან“, - თქვა ირაკლი ანთაძემ 3 ივლისს.
საკადრო წმენდა, რომელიც მან შმაგი ჭანკვეტაძესთან საუბარში ახსება, სავარაუდოდ, ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მიერ ახალი გენერალური პროკურორის გიორგი სობაევის დანიშვნას უკავშირდება, რომელიც ე.წ. პარლამენტმა თანამდებობაზე 5 ივლისს დაამტკიცა.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 12 დეკემბერს დააკავეს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს. ყოფილი ჯარისკაცი მანამდე შინდისის გმირთა მემორიალთან ნახეს, მოგვიანებით კი - ნიქოზის სასაფლაოსთან.
14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.
მამუკა ჩხიკვაძეს 2022 წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ჩხიკვაძის ცხინვალელმა ადვოკატმა ეს გაასაჩივრა. აგვისტოში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა და ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში აუტანელ პირობებზე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ღიად საუბრობენ. მათი ინფორმაციით, სარდაფში მოწყობილ წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრები თვეობით ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასჯელის განსაზღვრის შემდეგ კი გადაჰყავთ ციხეში, სადაც მძიმე და მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულები ერთად იხდიან სასჯელს.