საქართველოში 1 მაისის - „კლასისა და შრომის დღესასწაულის“ - ღიად აღნიშვნა 120 წლის წინ დაიწყო. 1901 წლის 1 მაისს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა არაქელა ოქუაშვილმა, ვლასა მგელაძემ, ზაქარია ჩოდრიშვილმა, გიორგი თათანაშვილმა და სხვებმა პირველად გაშალეს წითელი დროშა თბილისის ცენტრში, იარმუკასთან, დღევანდელი ორბელიანის მოედნის მიდამოებში და პირველებმა დაიტეხეს პოლიციისა და ჟანდარმერიის საპირველმაისო რისხვა (დარბევა-დაპატიმრებების სახით), რაც მომდევნო 15 წლის განმავლობაში ერთგვარ ტრადიციად იქცა. 1 მაისისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 1 მაისის აღნიშვნის ფორმა და შინაარსი ერთნაირი იყო პირველ რესპუბლიკაში, საქართველოს ოკუპაციის პირველ წლებში, გვიანი სოციალიზმის დროს და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. შესაბამისად, განსხვავებული იყო მშრომელთა საპირველმაისო მოთხოვნებიც და ქცევაც.
1 მაისი რევოლუციამდე
„ყოველ ქვეყანაში და ყოველ ერში წელიწადში რამდენიმე დღესასწაულია, ყოველ წელს რამდენიმეჯერ შეაჩერებენ მუშაობას, გამოკეტავენ დუქნებს, დააყენებენ მანქანებს, შეასვენებენ ხარ-ურმებს, დარეკავენ ზარებს და ყველა ღარიბი და მდიდარი, მუშა და ბურჟუა, გლეხი და აზნაური მოსვენებას ეძლევა, მაგრამ არის აგრეთვე ერთი დღე, რომლის დღესასწაულება არ წააგავს არცერთ ამათგანს... ეს საკვირველი დღე არის დღე პირველი მაისისა“, - ასე იწყება 1898 წლით დათარიღებული ქართულ ენაზე შედგენილი პირველი საპირველმაისო პროკლამაცია, რომლის ავტორი ნოე ჟორდანია დაწვრილებით აღწერს 1 მაისის ისტორიას, დაწყებულს 1884 წლის აშშ-ის მუშათა კორპორაციის ჩიკაგოს წლიური კონგრესიდან (სადაც პირველად გაიჟღერა ერთად პირველმა მაისმა და 8-საათიანმა სამუშაო დღემ), ვიდრე ბრიუსელის 1891 წლის კონგრესამდე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ „უნდა მოხდეს ერთი საერთო დემონსტრაცია მთელი ქვეყნის მუშებისა. ამ დემონსტრაციის დღედ დაინიშნოს პირველი მაისი და პირველ მაისის შრომა შეჩერებულ იქნას, სადაც კი ეს შეიძლება“.
პროკლამაცია მთავრდება მოწოდებით, აღინიშნოს პირველი მაისი, როგორც მშრომელთა ერთადერთი დღესასწაული:
„ჩვენია მხოლოდ 1 მაისი! იცოდეთ, ყველა დანარჩენი დღე ჩვენ გვაერთიანებს ჩვენ მტრებთან, ჩვენ გვაკავშირებს კაპიტალისტებთან, ჟანდარმებთან, ბერებთან, ყველა იმ ხალხთან, რომელიც ჩვენ კისერზე ზის და ჩვენ სისხლსა სწოვს. ერთადერთი პირველი მაისი გვაშორებს მათგან, ერთადერთი პირველი მაისი გვაძლევს საკუთარ სახეს, გვაგნებიებს საკუთარ ძალას და საკუთარ მოწოდებას! იცოდეთ, რომ დღეს ბრძოლის ველზეა გამოსული მთელი ქვეყნის პროლეტარიატი! გაუწოდოთ მას ხელი, გავძახოთ ჩვენი ხმა, ჩავდგეთ მის ფერხულში და აი ეს ფერხული, ეს გზაა, რომ ჩვენ შეგვიყვანს აღთქმულ ქვეყანაში!..“
თუმცა ფერხულში ღიად ჩაბმამდე ქართველი სოციალ-დემოკრატები 1 მაისის აღსანიშნავად ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში გადიოდნენ. ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის თქმით, პირველი ორი „მაისობა“, 1899 და 1900 წლებში, აღინიშნა ნაძალადევში, სადაც თბილისელი მუშების ძირითადი ნაწილი ცხოვრობდა:
„გადადიოდნენ ქედს გადაღმა, დღევანდელი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც მაშინ მლაშე ტბები მდებარეობდა. ამ შეკრებებს ჰქონდა როგორც ტრადიციული, ასევე პოლიტიკური ნაწილი: კეთდებოდა პურ-მარილი, იშლებოდა სუფრები, მაგრამ ასევე იყო ლიდერების პოლიტიკური გამოსვლები და წითელი დროშები. ბოლოს, მაისობის მონაწილეები კონსპირაციულად ბრუნდებოდნენ ქალაქში, მაგრამ 1901 წელს, თბილისელი მუშებისა და მუშათა ორგანიზაციების მოთხოვნით, გადაწყდა, რომ გამოსულიყვნენ ღიად და თბილისის ცენტრში აღენიშნათ 1 მაისი, რათა ეჩვენებინათ საკუთარი ძალა“.
ირაკლი ხვადაგიანის თქმით, დემონსტრაციის ადგილად შეირჩა ე.წ. სალდათის ბაზარი (ორბელიანის მოედნისა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორია), თუმცა ორგანიზატორებს ცუდი სამსახური გაუწია კალენდრებს შორის სხვაობამ რუსეთის იმპერიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის:
„სოციალ-დემოკრატების სურვილი იყო, დემონსტრაცია გამართულიყო 1 მაისს ევროპის კალენდრით, როცა ევროპელი მუშები და დანარჩენი მსოფლიო გამოვიდოდნენ ქუჩებში. რუსული კალენდრით 18 აპრილი გამოდიოდა. ევროპულ პირველ მაისთან შეფარდების ძალისხმევისას, როგორც ჩანს, ინფორმაციამ გაჟონა. დემონსტრაციის დღეს თბილისი სავსე იყო პოლიციელებით, რის გამოც ორგანიზატორების ნაწილი უკან დახევას აპირებდა, მაგრამ იმ დღეს დემონსტრაცია მაინც გაიმართა. ეს ყველაფერი კარგად აქვს აღწერილი ძველ ბოლშევიკს, არაქელა ოქუაშვილს თავის მოგონებებში“.
„გავშალე დროშა. ზედ მარქსის, ლასალის, ენგელსის სურათები იყო“, - იხსენებდა არაქელა ოქუაშვილი, - „ქართულ-რუსულ-სომხურად ეწერა: „8 საათის სამუშაო დღე. ძმობა-ერთობა-თავისუფლება“. ახლა ჯოხი უნდა გავუკეთო ბაირაღს... ორატორის სიტყვას ხალხი ვაშას ძახილით შეხვდა. პოლიცია გვეცა. ბოქაულმა ხელი მტაცა. ის ქვეშ ამოივიდე. გოროდოევებმა ხმლები იშიშვლეს. მე მოვასწარი, ბაირაღი ვლასასთვის გადამეცა. აირია ყველაფერი: ხანჯალი, ხმალი, კეტი“.
თბილისში გამართული პირველი საპირველმაისო დემონსტრაცია მასობრივი დაპატიმრებებით დასრულდა. ერთ საკანში 33 კაცი გამოგვკეტეს, დანარჩენები სხვა საკნებში გაანაწილესო, იხსენებდა 1901 წლის 1 მაისის ერთ-ერთი მონაწილე.
1 მაისი I რესპუბლიკაში
თბილისში 1 მაისის დემონსტრაციების დარბევის ტრადიცია 1917 წელს დაირღვა მას შემდეგ, რაც ორიოდე თვით ადრე ე.წ. თებერვლის რევოლუცია მოხდა.
1 მაისი სრული პატივით აღინიშნებოდა მომდევნო წლებშიც, მენშევიკების მიერ მართულ პირველ რესპუბლიკაში, სადაც უქმე დღეების შესახებ ეროვნული საბჭოს 1918 წლის 31 დეკემბრის კანონით, გაუქმდა ყველა ძველი დღესასწაული და დაწესდა ახალი უქმე დღეები:
- ახალი წელი - 1 იანვარი;
- რუსეთის რევოლუციის პირველი დღე - 12 მარტი;
- ინტერნაციონალის დღესასწაული - 1 მაისი;
- საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე - 26 მაისი.
I რესპუბლიკაში მშრომელთა უფლებების დაცვა გარანტირებული იყო კონსტიტუციით, რომლის 38-ე მუხლი ამბობდა, რომ მუშათა გაფიცვა თავისუფალია, ხოლო 123-ე მუხლი პირდაპირ უპასუხებდა 1 მაისის მთავარ მოთხოვნას 8-საათიან სამუშაო დღესთან დაკავშირებით.
მუხლი 123: ნორმალური სამუშაო დრო დაქირავებულთათვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს; ამასთანავე კვირაში ერთხელ მუშა უნდა ისვენებდეს განუწყვეტლივ 42 საათს. გამონაკლისს, სამუშაო დროს შესახებ, განსაზღვრავს კანონი.
მუხლი 127: შრომის დამცველ კანონების დარღვევისათვის დამნაშავენი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით.
1 მაისი ოკუპაციის პირველ წლებში
ეს დღე დაწესდა მუშის ზეიმად,
ეს არის ჩვენი დღესასწაული,
მშრომელთ რიგები ამ დღეს ხარობენ,
ბურჟუაზიას უსკდება გული.
დღევანდელი დღე მუშების დღეა,
ეს დღეა ტურფა და სანეტარო,
ეს ბრძოლის დღეა, მედგარი ბრძოლის,
მაშ, გაგიმარჯოს შენ, პროლეტარო!
ასეთი საეჭვო ღირებულების ლექსი დაწერდა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მოყვარულმა პოეტმა და რიგითმა წითელარმიელმა წ. ნიჟარაძემ, რომელმაც, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, წითელი 1 მაისი გაუთენა საქართველოს ასი წლის წინ, 1921 წელს. საქმე ის არის, რომ 1921 წლის 1 მაისს გაზეთი „კომუნისტი“ დაიბეჭდა წითელ ქაღალდზე და წითელი შრიფტით.
„თავბრუხვევის გარეშე იმ გაზეთის წაკითხვა ახლა ძნელია, თავის დროზეც არ იქნებოდა იოლი“, - ასე აღწერა ამ გაზეთის უცნაური დიზაინი 1992 წელს მწერალმა რეზო ჭეიშვილმა.
თუმცა 1921 წლის 1 მაისს საქართველოში წითელი მხოლოდ მელანი არ დაღვრილა. ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის თქმით, 1 მაისის წინ ბოლშევიკებმა დაიწყეს მასობრივი დაპატიმრებები:
„მარტში დამთავრდა ომი. ოკუპაცია შემდგარია. ახლოვდება 1 მაისი. საოკუპაციო რეჟიმს ეშინია, რომ საპირველმაისო დემონსტრაცია იქნება მასშტაბური და გახდება უკონტროლო. დაპატიმრებები იწყება 30 აპრილს, რათა რეჟიმმა უზრუნველყოს 1 მაისის მშვიდად ჩატარება“.
1921 წლის 15 მაისის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ იმის შესახებ წერდა, თუ როგორ ესროლეს პროვოკაციულად ყუმბარა საგუბერნიო კომისარ საშა გეგეჭკორს იმისათვის, რომ ბოლშევიკებს პოლიტიკურ ოპონენტებზე ნადირობა მოეწყოთ.
„ეს მოხდა დღის 12 საათზე 30 აპრილს. ამ მიზეზით შეუდგენ მენშევიკების პარტიის წევრთა დატუსაღებას. ყველაზე პირველათ დატუსაღებას შეუდგენ დაბა ხონის კომუნისტები. მათ წინასწარ „იგრძვნეს“ ბომბის სროლა და იმავე 30 აპრილს დილის ათი საათიდანვე შეუდგენ მენშევიკების დაჭერას. სულ დატუსაღებულია დაახლოებით 1000 კაცამდე, უმეტესათ მოწინავე მუშები და ინტელიგენტები, მათ შორის: ზაქარია გურული, გოგიტა ფაღავა, გიზო ანჯაფარიძე და სხვ“, - ვკითხულობთ სტატიაში, რომლის სათაურია „პროვოკაციული ბომბა და მენშევიკების დატუსაღება“.
ირაკლი ხვადაგიანის თქმით, სწორედ 1921 წლიდან იღებს სათავეს საპირველმაისო დაპატიმრებების საბჭოთა ტრადიცია, რომ 1 მაისი მშვიდად ჩატარებულიყო, ხოლო 26 მაისზე არც კი ეფიქრათ.
1 მაისი გამარჯვებული სოციალიზმის ქვეყანაში
საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, 30-40-იან წლებში, 1 მაისი კვლავ რჩებოდა „ბარიკადების და რისხვის თარიღად“, თუმცა ქვეყანაში ოფიციალურად აღარ არსებობდა მჩაგვრელი კლასი, ვისაც მუშათა კლასი ბარიკადებზე დაუპირისპირდებოდა. საბჭოთა მშრომელთა მთელი რისხვა ამ დროს მიმართული იყო კაპიტალისტური სამყაროსაკენ, იქ მცხოვრები კაპიტალისტებისა და მჩაგვრელებისადმი.
„დემონსტრანტების მილიონიანი არმიები გამოვლენ პირველ მაისს ნიუ-იორკის, ლონდონის, პარიზის, მადრიდის, პრაღის, ვენის, ბუენოს-აირესის და სხვა ათეულ ქალაქების ქუჩებში, რომ გამოსთქვან ბურჟუაზიული სიძულვილი კაპიტალიზმის მიმართ, თავისი სიმპატიები და ერთგულება საბჭოთა ქვეყნისადმი და თავისი მტკიცე სურვილი - იარონ საბჭოთა კავშირის მუშების გზით. ბურჟუაზია ტყვიამფრქვევებით, მხრჩოლავი გაზებით და პოლიციელთა მათრახებით უპასუხებს საპირველმაისო კოლონების გუგუნზე, მაგრამ ვერაფერი შეაჩერებს ძლევამოსილი პროლეტარული რევოლუციის ზრდას. საზღვრებზე გადაწვდება პროლეტარების დაკოჟრილი ხელები და მსოფლიოს კიდით კიდემდე გაისმის ბურჟუაზიისათვის თავზარდამცემი ყიჟინა: სიკვდილი კაპიტალიზმს! გაუმარჯოს საბჭოთა კავშირს!“, - წერდა 30-იანი წლების ქართული საბჭოთა პრესა.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებით 60-იანი წლებიდან მოყოლებული, „1 მაისი“ რადიკალურად იცვლის ჟღერადობასა და ფორმას. რევოლუციის ექსპორტისა და კაპიტალისტური სამყაროს ბარიკადებზე განადგურების მილიტარისტულ მოწოდებებს ცვლის აყვავებული საბჭოთა სამოთხისა და მშვიდობიანი შრომის უპირატესობის დადგმული დემონსტრირება. 1 მაისი უკვე გაზაფხულისა და ბედნიერების ზეიმია, თუმცა 50-იანი წლების ბოლოს ჯერ ისევ საქმეშია „წითელი არმია“:
„1 მაისი მსოფლიოს ხალხთა ძმობისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეა. ჩვენს დროში ეს ზეიმი მშვიდობის ძალთა დათვალიერების დღედ არის გადაქცეული. მშვიდობა სურთ თბილისელ გოგონებს, რომლებიც საპირველმაისო ზეიმზე მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ნაციონალურ ტანსაცმელში გამოვიდნენ, მშვიდობისათვის იბრძვიან კულტურის მუშაკები - თბილისელი მსახიობები, და ყველა მათგანის - მუშისა და მოსამსახურის, გლეხისა თუ ინტელიგენტის მშვიდობიან ცხოვრების სადარაჯოზე ფხიზლად დგას ჩვენი სახელოვანი საბჭოთა არმია“, - ვკითხულობთ 1958 წლის ჟურნალ „დროშის“ მაისის ნომერში.
„მაისი - სიხარულის და გამარჯვების თვეა. 1 მაისი მსოფლიოს სოციალისტური სისტემის ხალხებმა აღნიშნეს როგორც თავისუფალი შრომისა და მშვიდობის დიადი დღესასწაული. იმპერიალიზმის და კოლონიალიზმის წინააღმდეგ ექსპლუატაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებით გამოვიდნენ ქუჩებში კაპიტალისტური ქვეყნების მშრომელები. საბჭოთა ადამიანები მტკიცედ დარაზმულნი დიდი ლენინის დროშის ქვეშ ახალი წარმატებებით შეხვდნენ დიდ საგაზაფხულო ზეიმს - მთელი მსოფლიოს მშრომელთა სოლიდარობის დღეს“, - ეს უკვე 70-იანი წლების პირველმაისობაა, რომელიც ნელ-ნელა დაიცალა პირვანდელი შინაარსისგან და იქცა სავალდებულო ღონისძიებად, რომელშიც მონაწილეობას აიძულებდნენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ინტელიგენციას და მშრომელებს, თუმცა იყვნენ ისეთი საბჭოთა მოქალაქეებიც, რომლებისთვისაც, საბჭოთა კავშირზე დაწერილი წიგნის „დაბადებული საბჭოთა კავშირში“ ავტორს, ვასილე ერნუს რომ დავესესხოთ, პირველი მაისი იყო ყვავილების, საჰაერო ბუშტების, საცეკვაო მუსიკის და დემონსტრაციის შემდეგ „მეორე განყოფილების“ ანუ მოლხენის დღე.
1 მაისი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ
70-წლიანი საბჭოთა წარსულისა და პირვანდელი შინაარსის დაკარგვის გამო, 1 მაისი ბუნებრივად ასოცირდა საბჭოთა დღესასწაულთან, რომლის კულმინაციას 70 წლის განმავლობაში წარმოადგენდა მაღალ ტრიბუნაზე შემდგარი პარტიული ნომენკლატურისათვის ქედის დაკვრა და მისალმება. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ არჩევნებში ეროვნული მოძრაობის გამარჯვების შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს გამოსცა N58-I დადგენილება, რომელმაც 1 მაისი კალენდრის ერთ რიგით დღედ აქცია.
„იზიარებს რა ქართველი საზოგადოებრიობის აზრს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: „გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე დღემდე არსებული ყველა დღესასწაული და მათთან დაკავშირებული უქმე დღე, გარდა ახალი წლის (1 იანვარი) უქმე დღისა“, - ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდია.
ამავე დადგენილებით ახალ წელს დაემატა 26 მაისი და რამდენიმე რელიგიური დღესასწაული. მოგვიანებით უქმე დღეების ჩამონათვალი 15-მდე გაიზარდა, თუმცა მათ შორის კვლავ ვერ მოხვდა 1 მაისი, არადა, როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, საქართველოში დასაქმებულებსა და პროფკავშირებს ფაქტობრივად დღესაც იმავე პრობლემებთან უწევთ გამკლავება, რისთვისაც თავის დროზე ჩიკაგოელი მუშები იბრძოდნენ.
„სამწუხაროდ, 21-ე საუკუნის საქართველოში ზოგიერთ საწარმოში დასაქმებულებისთვის, აქტუალურია 8-საათიანი სამუშაო დღისა და პროფკავშირების შემქნის საკითხი. კვლავ დაუცველია დასაქმებული, კვლავ ირღვევა კანონით აღიარებული შრომის უფლებები, თუმცა შრომის მოქმედი კანონმდებლობაც დიდი ვერაფერი შვებაა დასაქმებულებისთვის, რადგან მთლიანად ელიტურ ჯგუფებზეა მორგებული, ამიტომ ჩვენი საპირველმაისო მანიფესტი ასახავს როგორც 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნას ანუ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე უსაფრთხოების, ეკოლოგიის, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემებს. 21- საუკუნეში, მით უმეტეს ამ პანდემიის პირობებში, დასაქმებულები და დამსაქმებლები არ უნდა იდგნენ ბარიკადებზე. ეს საკითხები უნდა წყდებოდეს დიალოგის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი მიდგომების შესაბამისად, რაც დამსაქმებლების უმეტესობას აკლია, რადგან მთავრობებისა და პოლიტიკოსების მიერ არიან მხარდაჭერილები. სოციალური დიალოგის, შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და კულტურული ურთიერთობის გარეშე, ჩვენ კვლავ აღმოვჩნდებით იმ პირვანდელ პერიოდში, საიდანაც დაიწყო 1 მაისის აღნიშვნა“, - უთხრა ირაკლი პეტრიაშვილმა რადიო თავისუფლებას.