„შევხედოთ ბავშვებს, როგორც სარკეს და დავინახოთ ჩვენი თავები - ყველაფერი, რაც მათ ემართებათ, არის პროდუქტი მათთან ჩვენი არასწორი ურთიერთობის, ემპათიის არქონის“, - ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა რადიო თავისუფლების ეთერში. ის ყველაზე მნიშვნელოვნად თვლის ზრდასრულების მიერ თავიანთი შეცდომების აღიარებას და პასუხისმგებლობის აღებას:
„ეს არის ალბათ მთავარი, რომ ჩვენ თვალი გავუსწოროთ რეალობას და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა გაიაზროს. ეს, პირველ რიგში, აი, ამ სისტემებისთვის იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ, თუ ვინმეს უნდა წინ წავიდეს - იქნება ეს პოლიციის სისტემა თუ განათლების სისტემა - ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები, ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავიწყოთ რაღაცების შეცვლა.
საოცარი უსამართლობის განცდა მაქვს: ჩვენ ჩვენს შვილებთან ურთიერთობაში, მოსწავლეებთან ურთიერთობაში თუ სამართალდამცავ სისტემაში ბავშვებთან ურთიერთობაში ყოველთვის მოვითხოვთ მათგან, რომ თავიანთი პასუხისმგებლობა აღიარონ, თქვან, რომ დააშავეს და რას ხედავენ თვითონ ის ბავშვები? - ხედავენ იმას, რომ ისინი ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს.
მაგალითად, კარგად ისწავლის ხოლმე ბავშვი მშობლისგან იქნება თუ სკოლაში: როგორ დაჩაგროს სხვა, როგორ არ გაითვალისწინოს სხვა ადამიანი, როგორ გააბას მანიპულაციის ხაფანგში და როცა ეს ბავშვი იწყებს ამ ქცევის კოპირებას, მოვუბრუნდებით უფროსი ადამიანები და ვეძახით, რომ ცუდია. ვსჯით სხვადასხვა ფორმით. მგონია, რომ ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა...
მოდით, რა, შევხედოთ, სად ვაცხოვრებთ ამ ბავშვებს, რაში ცხოვრობენ, რას უყურებენ!“.
მაია ცირამუა 15 წლის მოზარდზე, რომელიც თვითმკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა:
„ბოლო ფაქტზე საერთოდ დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ: ეს იყო მართლაც პროტესტი, ყვირილი, რომელიც ჩვენ უნდა გაგვეგონა. ბოლო ხანებში ვხედავ, რომ ბავშვები სხვადასხვა სახით ცდილობენ ხმა გაგვაგონონ, რადგან ჩავკეტეთ კარი ჩვენსა და ბავშვებს შორის. როცა ბავშვს არ ეძლევა საშუალება, ის საჭიროებები, რაც მას აქვს, გამოხატოს ღიად, გულწრფელად, როცა ყველა რესურსი ამისთვის ამოწურულია - არ უსმენენ, არ აღიარებენ, სათანადო პატივს არ მიაგებენ - მათ სიმბოლური, შეიძლება ხშირად უჩნდებათ გაუცნობიერებელი ქცევის ნიშნები - ეს არის რთული ქცევის ჩამოყალიბების მექანიზმი, როცა ბავშვი სიმბოლურად, მეტაფორულად გეუბნება, რაც უჭირს.
ჩვენ არ გვინდა ამის დანახვა, რადგან ძალიან ნარცისულები ვართ და განცდა, რომ რამეში დამნაშავე ხარ, ისე განგრევს, ყველაფერს აკეთებ, რომ თავი დაიცვა ბრალეულობის განცდისგან. ეს ხელს გვიშლის, ბავშვების რეალური ქცევის უკან რაც დგას, იმის დანახვაში“.
რა უშლის ხელს უფროსებს ბავშვის დანახვასა და გაგონებაში?
„ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორშიც ჩვენ ვართ, ძირითადად ვცხოვრობთ „რას იტყვის ხალხის“-თვის. სოციალურ ნორმებს, შეკვეთებს არ უნდა შევწიროთ საკუთარი შვილების ფსიქიკური ჯანმრთელობა. ხშირად ეს ემსახურება არა ბავშვის ბედნიერებას, არამედ ჩვენს ბედნიერებას. ჩვენი სურვილების, ოცნებების აღსრულების ინსტრუმენტად ვაქცევთ. რაღაცას ვძერწავთ, რაც აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რა უნდა ბავშვს...
ჩვენი აღზრდა თავიდან ბოლომდე არის ბავშვისთვის ფრთების შეჭრა. ვაჭრით, ვაჭრით, ვაჭრით და მერე ის გადაიქცევა ან უსუსურ არსებად, რომელიც ამ უსუსურობაში რჩება, ან რაღაც გზას პოულობს იმისთვის, და ეს გზა ხშირად არაადაპტურია, მანკიერია, რომ „იფრინოს“ როგორც მას უნდა, მეტაფორულად ვამბობ ამას...“.