დეკემბრის დასაწყისში „საქსტატმა“ გამოაქვეყნა მონაცემები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ. ერთ-ერთი მონაცემი, რომელსაც უწყების საიტზე ნახავთ, არის იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლას ტოვებენ:
„2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% - ბიჭი“.
ამასთან, გრაფიკზე ნაჩვენებია, რომ მოსწავლეების მიერ სკოლის დატოვების პიკი მე-10 კლასზე მოდის.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ სტატისტიკის ცოდნა უკვე მიღწევაა და ახლა იმის გაანალიზებაა საჭირო, რა მიზეზებით ტოვებენ მოზარდები სკოლას. UNICEF-ის წარმომადგენელი ყვება უწყებებთან თანამშრომლობაზე, რომლის შედეგადაც შეიქმნა სტატისტიკა:
„ამ საკითხზე სტატისტიკის შეგროვების კომპეტენცია „საქსტატშიც“ და განათლების და მეცნიერების სამინისტროშიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა UNICEF-თან თანამშრომლობით. ჩვენ მათ შევთავაზეთ ინდიკატორები, რომლებიც მისცემს სისტემას საშუალებას, რომ განსაზღვროს და დაითვალოს, რამდენი ბავშვი ტოვებს სკოლას სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს არის მიღწევა, რომ დღეს ვიცით და ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ახლა ჩვენ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, იგივე „საქსტატთან“ ერთად ვდგავართ ახალი გამოწვევის წინაშე, რომ გავაანალიზოთ ვინ არიან ეს ბავშვები და რა მიზეზებით ტოვებენ ისინი სკოლას“.
მაია ყუფარაძე აღნიშნავს, რომ დღეს მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმაზეც, სად მიდიან მოზარდები სკოლის დატოვების შემდეგ. ერთს კი დარწმუნებით ამბობს, რომ საგანმანათლებლო სისტემის დატოვება არამომგებიან მდგომარეობაში აყენებს მოზარდებს.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა საპილოტე პროექტზე, რომელიც სკოლიდან გასული ბავშვებისთვის სწავლის მეორე შანსის მიცემას გულისხმობს. პროექტი განათლების სამინისტროსა და ბულგარეთის მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება.