26 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია ქარდავა, "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" (ICRC) კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა კომიტეტის საქმიანობაზე საქართველოში და კერძოდ, 1992-93 წლების აფხაეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს გაუჩინარებულთა ნეშტების მოძიებისა და ამოცნობის პროცესზე, რომელიც წლებია მიმდინარეობს 2010 წელს შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით. 26 აპრილს კიდევ 22 ადამიანი დაკრძალეს თბილისში დიღმის ძმათა სასაფლაოზე. მუშაობს მეორე მექანიზმი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გასული საუკუნის 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგული ადამიანების მოძიებისთვის მუშაობს. ყველა ამ დაპირისპირების შედეგად 2400-ზე მეტია გაუჩინარებული. მოძიებისა და ამოცნობის პროცესი დროს საჭიროებს. მნიშვნელოვანია დაკარგულთა ოჯახების მონაწილეობა პროცესში. ორგანიზაცია დღემდე მოუწოდებს ადამიანებს, ვისაც აქვს რაიმე ინფორმაცია ამა თუ იმ პირის დაღუპვისა და დაკრძალვის გარემოებების შესახებ, მიაწოდონ ინფორმაცია "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს". დღემდე მოძიებულია 349 ნეშტი და ამოცნობილია 148. ნეშტების ექსპერტიზისთვის წითელმა ჯვარმა სოხუმში ააშენა ლაბორატორია, თბილისში კი პირველადი ექსპერტიზა ტარდება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დნმ-ის ანალიზი კი ტარდაბა ზაგრების ლაბორატორიაში. ICRC-ს მუდმივად აქვს წარმომადგენლობა საქართველოში1992 წლიდან და ყველა კონფლიქტის დროს სხვადასხვა სახით საჭიროებების მიხედვით ეხმარებოდა ადამიანებს. "ომი არ ტოვებს ჰუმანურობისთვის დიდ სივრცეს და აუცილებელია არსებობდეს ვინმე, ვინც ამ სივრცეს შექმნის", - ამბობს მაია ქარდავა. ბევრი პროგრამა ადამიანების სიცოცხლისთვის აუცილებელი იყო, მათ შორის, უფასო სასადილოების პროგრამა. "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს" წვდომა აქვს საპატიმრო დაწესებულებებზე, მათ შორის - ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იმისათვის, რომ საჭიროების მქონე ნებისმიერ ადამიანს გაუწიოს დახმარება, წითელი ჯვარი მოლაპარაკებებში შედის ნებისმიერთან, ვინც მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში კონკრეტულ ვითარებაში იღებს გადაწყვეტილებებს. მაია ქარდავას თქმით, ეს შეიძლება იყოს პარტიზანული ჯგუფებიც კი.