30 დეკემბერს ახალგორიდან დევნილმა ახალგაზრდებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მშვიდობიანი მანიფესტაცია გამართეს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტის გაურკვეველი ვადით ჩაკეტვას უკავშირდებოდა.
ახალგაზრდებს მანიფესტაციის საშუალებით სურდათ ხმა მიეწვდინათ საზღვრის ორივე მხარეს მყოფი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, მოქალაქეებისთვის და შეეხსენებინათ აქტიური საზოგადოებრივი პროცესების საშუალებით ურთიერთობების დარეგულირების მნიშვნელობა.
ლევან მერაბიშვილი და ეკატერინე ზარიძე ახალგორიდან დევნილები არიან. ისინი წეროვანში ცხოვრობენ. ორშაბათს, რადიო თავისუფლების ეთერში მათ ილაპარაკეს პრობლემებზე, რასაც მიმოსვლის იძულებით შეწყვეტა ქმნის ადამიანებისთვის. ორივე აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომიდან 11 წლის განმავლობაში სისტემატურად ჩადიოდნენ ახალგორში, ვიდრე 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში გამშვები პუნქტი არ ჩაიკეტა.
„ბებია მყავს ახალგორში. თითქმის ყოველდღიურად ვესაუბრები. მეუბნება, რომ დღედაღამ ლოცულობს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს“, - ამბობს ლევან მერაბიშვილი „დილის საუბრებში“:
„2008 წლის კონფლიქტში ორივე მხარემ დაკარგა ადამიანები და გვქონდა ძალიან მძიმე წარსული. ამის დავიწყება უბრალოდ წარმოუდგენელია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ახალგორში არ ყოფილა ეს სიტუაცია და შეძლებისდაგვარად გრძელდებოდა თანაცხოვრება, ვფიქრობდით ხოლმე და დღემდე ვფიქრობთ, რომ ახალგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ერთგვარი ხიდი ამ ყველაფრის დარეგულირებისთვის.
ისეთი რეალობა გვაქვს, რომ თუ ჩვენი - მოსახლეობის მონაწილეობა, ვგულისხმობ როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს, არ მოხდა, საერთო ნაბიჯები არ გადაიდგა მშვიდობიანი მომავლისთვის, დავრჩებით ისევ ასეთ სიტუაციაში. ეს ხისტი მიდგომა და ერთმანეთის არგათვალისწინება თუ გაგრძელდა, დავრჩებით იგივე სიტუაციაში და ამ ყველაფერს შეეწირებიან, როგორც აქამდე ხდებოდა და ხდება, უდანაშაულო ადამიანები“.
ეკატერინე ზარიძე ფიქრობს, რომ საზოგადოებამ თავად უნდა მისცეს ბიძგი გადაწყვეტილების მიმღებებს:
„ვართ ახალგაზრდები, რომლებიც ვიზიარებთ იმ ძირითად მიზანს, რომ საზოგადოების ორივე მხარეს მოხდეს მშვიდობიანი სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბება, საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესებში და უბიძგოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ რაღაც პროცესები აუცილებელია - რაღაც დათმობა რაღაც მომენტებში აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვართ მეგობრები, რომლებიც ერთ აზრს ვიზიარებთ. 15-20 ადამიანი ვართ, ძირითადად დევნილები, მაგრამ გვყავს აგრეთვე გარემოცვა, ვინც იზიარებს ჩვენს იდეებს.
...რომ გითხრათ, აუცილებლად ველოდებით საპასუხო რეაქციას და ძალიან დიდი ამბიციები გვაქვს ამ ჩვენი პატარა აქტივობით, არა, ასე არ არის. უბრალოდ, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი და დამოკიდებულება, რაც ამ ყველაფრის მიმართ გვაქვს და დიდი იმედი გვაქვს, რომ საზღვრის მეორე მხარესაც იქნებიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად გაიზიარებენ ჩვენს ამ შეხედულებას და მიზანს.
...საზოგადოებას ძალიან ბევრი რამ შეუძლია. შეუძლია ბიძგიც მისცეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და საზოგადოება არ უნდა ელოდოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ამ წრეზე სიარულისგან თავის დაღწევის გზა უნდა მონახოს. პოლიტიკური გადაწყვეტილებების დრო მოვა, მაგრამ საზოგადოება მზად უნდა იყოს ამისთვის“.