„COVID-19 თავისთავად გვაჩვენებს იმას, რომ თავისუფალი გახსნილი საზოგადოება გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჩაკეტილი საზოგადოება, სადაც სახელმწიფო აკონტროლებს ყველას და ყველაფერს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან ასათიანი, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.
რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში, რომელიც ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება. COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული საზოგადოებებისთვის და მათ შორის საქართველოშიც ადვილად უგულვებელსაყოფი აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელშიც არაერთი მნიშვნელოვანი აქცენტია ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
ვიდრე უშუალოდ 2019 წლის ამსახველ ანგარიშზე საუბარს შევუდგებოდით, „დილის საუბრების“ სტუმარს ვთხოვე ახალი კორონავირუსის კონტექსტში ადამიანის უფლებების შეზღუდვის პრაქტიკაზე გაეზიარებინა მოსაზრებები, მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ „ამნესტი ინტერნეიშენალი“ უკვე წერდა კონკრეტულ გამოწვევებზე, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყანაში იჩინა თავი:
“ზოგადად ეპიდემია და პანდემია არის ის შემთხვევა, როცა ადამიანის ზოგიერთმა უფლებამ შეიძლება მოქმედება შეწყვიტოს. ეს ხდება საგანგებო მდგომარეობის დროს და ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო და მსოფლიო აღმოჩნდა, არის ნამდვილად ის შემთხვევა, როცა სახელმწიფოებს შეუძლიათადამიანის ზოგიერთი უფლების მოქმედება შეაჩერონ.
თუმცა, აუცილებელია, როცა საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, უფლებების აკრძალვა არ იყოს ბლანკეტური. ანუ, ჩვენ მოვახდინოთ ერთგვარი იდენტიფიცირება იმ უფლებების, რომელთა შეჩერება აუცილებელია იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ გამოწვევას. ასევე სასურველია, თუკი სახელმწიფოები კონკრეტულად გაწერენ იმ ღონისძიებებს, რა კონტექსტშიც ესა თუ ის უფლება შეიზღუდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რაც შეეხება, ვფიქრობ, ეს თავსებადი იყო საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია უფლებების შეზღუდვის ჭრილში, თუ როგორ უმკლავდება ის COVID-19-ს რეგიონში. პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კონკრეტულად ჩამოწერს მხოლოდ იმ უფლებებს, რომლებიც მეტნაკლებად პირდაპირ კავშირშია COVID-19-ის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან და რაც ასევე მისასალმებელია, არის ის, რომ საგანგებო მდგომარეობა პირდაპირ ეხება იმ კონტექსტს და იმ ღონისძიებებს, როცა ხდება უფლებების შეზღუდვა. მაგალითად, თუკი არის ლაპარაკი საკუთრების უფლების შეზღუდვაზე, იქ კონკრეტულად წერია, რა კონტექსტში ვზღუდავთ საკუთრების უფლებას - ეს არის, მაგალითად კერძო ქონების გამოყენება სამედიცინო მიზნებისთვის, როცა სახელმწიფოს სჭირდება დამატებითი ფართი სამედიცინო მომსახურების გასაწევად
სამწუხაროდ, ვიხილეთ, რომ ძალიან ბევრი სახელმწიფო ევრაზიის რეგიონში და საქართველოს გარშემო იყენებს COVID-19-ის ინფექციას იმისთვის, რომ გარკვეული შეტევა მიიტანოს კრიტიკოსებზე
ცენტრალურ აზიასა და აზერბაიჯანში ხდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
ერთადერთი დიდი პრობლემა, რასაც ვხედავთ, არის COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებბების არათანასწორი განხორციელება. კონკრეტულად ეს ეხება ეკლესიას. ვხედავთ, რომ მოწოდება და რეკომენდაცია არის სამედიცინო პირების მიერ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან, რომ ზოგადად მოვერიდოთ არააუცილებელ თავშეყრას საჯარო ადგილებში. წესით და რიგით ეს ასევე უნდა მოიაზრებდეს რელიგიურ მსახურებას. საქართველოში ეს ასე არ არის და მეორე - არის წუხილი იმაზე, რომ რელიგიური მსახურების ნების დართვა ეხება მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას და სხვა რელიგიური უმცირესობები ამ პრივილეგიით ნაკლებად სარგებლობენ.
მნიშვნელოვანია, როცა უფლებათა სტანდარტებზე ვსაუბრობთ, რომ საგანგებო მდგომარეობით არ მომხდარა რელიგიური მსახურების შეზღუდვა. ამას ახსნა ის შეიძლება ჰქონდეს, რომ კონსტიტუციით არ შეიძლება რელიგიური მსახურება შევზღუდოთ აღმსარებლობის ჭრილში. თუმცა, შეგვიძლია ჩვეულებრივ შეზღუდვაც, ანუ დამატებით შეეძლო ხელისუფლებას შეეზღუდა სამართლებრივად. ანუ, ვართ რეჟიმში, როცა სამართლებრივად ნებადართულია ყველასთვის, ყველა რელიგიისთვის რელიგიური მსახურება, თუმცა ფაქტობრივად რელიგიური უმცირესობები, ასე ვთქვათ, თავს იზღუდავენ ამ კუთხით და ამბობენ, რომ არ ჩაატარებენ საჯარო მსახურებას, რაც თავისთავად მისასალმებელია.
თუმცა, მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მუსლიმთა შეიხი მირტაგ ასადოვი დაიბარეს სუს-ში გამოკითხვაზე მას შემდეგ, რაც მან რელიგიური მსახურების მიმართ მიდგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუკი მართლმადიდებელ ეკლესიას ეძლევა საშუალება ტაძრები გაავსოს, რატომ არ უნდა შეეძლოს მას გააკეთოს ეს. სუს-ის რეაგირება აბსოლუტურად მიუღებელია და აჩენს შთაბეჭდილებას, რომ რელიგიური მსახურების კუთხით დისკრიმინაციულ მიდგომას აქვს ადგილი.
რელიგიური მსახურება შეიძლება ჩატარდეს თუნდაც ონლაინ. იდეალურ შემთხვვევაში რელიგიური მსახურებაც უნდა ყოფილიყო შეზღუდული. თუკი ადამიანს ვუზღუდავთ კულტურულ ღონისძიებაზე დასწრებას, უნდა შევუზღუდოთ რელიგიურ მსახურებაზე დასწრებაც, რადგან თანაბარი საფრთხის გამომწვევია COVID-19-ის გავრცელების მხრივ”.
ლევან ასათიანი თვლის, რომ დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეკლესია არ თამაშობს ჯანსაღ როლს:
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ საქართველოში ხშირია პოლიტიკოსების მხრიდან ერთგვარი რევერანსები ეკლესიის მიმართ, რაც სამწუხარო რეალობაა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ და ყველაფერი არ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს და სამწუხაროდ, რელიგიური ორგანიზაციები, მათ შორის, ყველაზე დომინანტური რელიგიური ორგანიზაცია, არ თამაშობს იმ ჯანსაღ როლს, რასაც უნდა თამაშობდეს. ვგულისხმობ იმას, რომ უნდა შემოიფარგლებოდეს რელიგიური და ჰუმანიტარული საკითხებით და არა პოლიტიკით“.
„ამნესტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი 2019 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ შესული საკითხებიდან გამოყოფს: ივნისის მოვლენებსა და არაპროპორციული ძალის გამოყენებას, სისხლისსამართლებრივი სისტემის გამოწვევებს, მიმდინარე ბორდერიზაციის ფონზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, თბილისის პრაიდთან დაკავშირებულ მოვლენებს, შრომით უფლებებს (საფრთხის შემცველ პირობებში დასაქმებულების პრობლემებს):
„მთავარი მესიჯი 2019 წლის მაინც იყო ივნისის პროტესტი და სისხლისსამართლებრივი სფერო. ივნისის მოვლენები გაშუქდა მსოფლიო მედიის მიერ. ყველაზე მეტი ყურადღება ამ საკითხს ეთმობა. აქ შეფასება არის, რომ საბოლოო ჯამში ქართული პოლიციის პასუხი არ იყო ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან თავსებადი, ანუ პოლიციამ გადააჭარბა ძალას. ზოგადად, თეთრი და შავი ხშირ შემთხვევაში არ არსებობს ხოლმე, როცა რაიმე მოვლენას ვაფასებთ. ის, რომ 20 ივნისის აქციაზე დემონსტრანტთა ნაწილი ძალადობრივ ქმედებებში გადავიდა და ცდილობდა პარლამენტის შენობაში შევარდნას, ეს არ აძლევდა პოლიციას და სპეცრაზმს უფლებას, რომ დაერბია აბსოლუტურად ყველა, მათ შორის მშვიდობიანი უმრავლესობა.
შეგვიძლია შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ივნისის ღამეს უმრავლესობა იყო მშვიდობიანი. უმცირესობა იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს. პასუხი ამ ძალადობრივი მეთოდების მიმართ უნდა ყოფილიყო პროპორციული. რეზინის ტყვიების გამოყენება არის ის, რაც არ ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში და სულ უფრო მეტი ქვეყანა უარს ამბობს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეუძლებელია რეზინის ტყვიებით დაშალო მრავალათასიანი დემონსტრაცია და სერიოზული ფიზიკური დაზიანება არ გამოიწვიო ადამიანების. ანუ, აპრიორი არაპორპორციულია ეს მეთოდი და გვაქვს უფრო მარტივი მეთოდები, რისი გამოყენებაც შეიძლება“.
რაც შეეხება 20-21 ივნისის მოვლენების დროს ძალის გადამეტებაზე პასუხისმგებლობის განსაზღვრას, ლევან ასათიანი ამბობს:
„ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაზეც დგას ადამიანის უფლებები, ეს არის, რომ სახელმწიფო წარმომადგენლის მიერ ჩადენილი ქმედება საბოლოო ჯამში სახელმწიფოს შეერაცხება. ანუ, ეს მაღალ დონეზე გაკეთდა, თუ დაბალ დონეზე, აქ ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე ვილაპარაკოთ, რაც ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ სამართლებრივად, თუკი შედარებით დაბალმა რგოლმა დააშავა, საბოლოოდპასუხისმგებელი მაინც არის სახელმწიფო და შეიძლება მინისტრამდე გავიდეთ სამართლებრივი პასუხისმგებლობის კუთხით.
რაც შეეხება პოზიციას, რომ ეს ბრძანება არ იყო გაცემული და ადგილზე გადაწყდა სპეცრაზმის მეთაურების მიერ, მთელი არსიც ეს არის. ეს გვაჩევენებს, რომ აუცილებელია იმ ადამიანების, ვინც წესრიგის დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები და მათ შორის დემონსტრაციების კონტროლზე, ტრეინინგი მოხდეს.
ეს ვალდებულება პირდაპირ აქვს საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებების არაერთი კონვენციის ხელმომწერს. შეკრების თვისუფლების დაცვის კუთხით აუცილებელია შესაბამისი ტრეინინგები ჩაუტარდეთ პოლიციელებს და სპეცრაზმის წარმომადგენლებს, რომ იცოდნენ რა არის პროპორციული და რა არა, როცა მათ ემუქრება რაიმე საფრთხე ან საზოგადოებრივ წესრიგს ემუქრება რაიმე საფრთხე“.
„ამნესტი ინტერნეიშენალის“ 2019 წლის ანგარიშში მოხვდა აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანში პატიმრობაში აღმოჩენის საქმე, როგორც გამოუძიებელი შემთხვევის მაგალითი:
„მუხთარლის საქმე გვქონდა იმის წარმოსაჩენად, რომ გახმაურებული საქმეები გამოუძიებელი რჩება. რამდენიმე წელია იძიებენ და არანაირი სიახლე არ გვაქვს, წარმოუდგენელია, როცა ადამიანის გაუჩინარება ხდება საზღვრის გადაკვეთით.
მუხთარლისა და ბევრი სხვა საქმე, რომელიც ანგარიშშია, წარმოჩენილი გვაქვს იმ სამწუხარო რეალობის ამსახველად, რამაც გამოიწვია სისხლის სამართლის ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო შემცირება.
რაც შეეხება აფგან მუხთარლის შემთხვევას, მას აქვს პრეტენზიები და ძალიან ლოგიკური ქართული მხარის მიმართ. მის კითხვებს პასუხები ჯერ არ გასცემია. ბევრს შეიძლება არ სჯერა, რასაც აფგან მუხთარლი ამბობს, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი: ასეთ შემთხვევებში, როცა ადამიანის გაუჩინარება ხდება და აღმოჩნდება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებული, მტკიცების ტვირთი აკისრია საქართველოს სახელმწიფოს, საიდანაც ის გაუჩინარდა. ანუ, ამ ადამიანმა კი არ უნდა ამტკიცოს, რომ ნამდვილად ქართული მხარის ხელი ურევია ამაში ან აზერბაიჯანული მხარის, არამედ ქართულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაგავანახოს სწორია თუ არა ეს ადამიანი.
აფგან მუხთარლის აქვს საქმე საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში. თუკი ეს საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდა, საერთაშორისო სასამართლო დაადგენს საქართველოს მიერ დარღვევას დასაქართველოს დააკისრებს კომპენსაციის გადახდას“.
„ამნესტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს სხვა გახმაურებულ საქმეებზეც:
„სხვა საქმეებიც რომ გავიხსენოთ, რაც ანგარიშშია ნახსენები, ესენია მაჩალიკაშვილის და სარალიძის საქმეები. როცა ვთქვი, რომ საპროკურორო და საგამოძიებო სტრუქტურების აღქმა საზოგადოების მიერ კიდევ უფრო გაუარესდა, ეს საქმეები არის ერთ-ერთი სახე დღევანდელი საგამოძიებონ სტრუქტურების, რაც ნამდვილად სამწუხაროა.
იგივე მაჩლიკაშვილთან დაკავშირებით რაც ვიხილეთ, როცა აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ წარიმართა საგამოძიებო პროცესი და როგორც ოჯახს, ასევე პანკისის ხეობის თემს და ზოგადად ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს დარჩა შეკითხვები და არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს საქმე სწორად და ამომწურავად იყო გამოძიებული.
ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ გვქონდეს ისეთი გამართული საგამოძიებო და საპორკურორო სტრუქტურები, რომ ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ კონტექსტში, როცა საქმეში გარეულია პოლიცია, სპეცრაზმი ან სახელმწიფოს ძალოვანი უწყებები, ოდნავი ეჭვი და კითხვები არ გაჩნდეს გამოძიების მიმართ“.
გახმაურებული საქმეების შესახებ ქვეთავში ე.წ. "ხორავას ქუჩის საქმეზე" აღნიშნულია:
"მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების მიუხედავად თანამდებობის პირების მიერ გამოძიებისთვის ხელის სავარაუდო შეშლაზე გამოძიება არ დაწყებულა. საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში 10 თანამდებობის პირი გამოავლინა, რომლებმაც გამოძიებას სავარაუდოდ ხელი შეუშალეს".
საუბრის დასასრულს ლევან ასათიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აპირებს მოამზადოს ანგარიში, რომელის შეეხება სახელმწიფოების მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებულ ზომებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებზე:
„გავაკეთებთ შეფასებას რა პრაქტიკები გამოიკვეთა რეგიონში ამ მხრივ. გარდა ამისა, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება პირდაპირ COVID-19-ს, თუმცა, გვინდა ამ ჭრილში დავინახოთ ბევრი რამ.
COVID-19-მა დაგვანახა, რა მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და რამდენად უკეთესად უმკლავდებიან ამ გამოწვევას ის ქვეყნები, სადაც ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტია დაცული“.