Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამ 150-იდან 1 ადამიანიც რომ დაედგინათ, შეეძლოთ ზუსტად ეთქვათ ამ კონკრეტულ სამარხში ვინ იყო"


ლევან ავალიშვილი, IDFI-ს პროგრამების დირექტორი
ლევან ავალიშვილი, IDFI-ს პროგრამების დირექტორი

„ჩემი დიდი ბაბუაც დახვრეტილია და ძალიან მაინტერესებს სად შეიძლება იყოს, სად არის სამარხი მოხვედრილი? მაინტერესებს, რომ მასობრივად დახვრეტის ადგილას პატივი მივაგოთ ამ ადამიანებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას IDFI-ს პროგრამების დირექტორი, ლევან ავალიშვილი, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად წლებია იკვლევს საბჭოთა რეპრესიების ისტორიას. ბევრის მსგავსად, მასაც აშფოთებს პროცესი, რომელიც ბათუმში სამარხების აღმოჩენას უკავშირდება.

5 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას - ბათუმში ოთხ მასობრივ სამარხში 150-მდე ნეშტის აღმოჩენის შესახებ - საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ, ეპარქიის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ :

„აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა”.

გასული საუკუნის 30-იან წლებში რეპრესირებულთა შთამომავლები და რეპრესიების ისტორიის შესწავლით დაინტერესებული ჯგუფები მოითხოვენ მეტ ინფორმაციას და სახელმწიფოს თანმიმდევრულობას პროცესის წარმართვაში.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) წლებია იკვლევს საბჭოთა რეპრესიების ისტორიას. ორგანიზაციის პროგრამების დირექტორი, ლევან ავალიშვილი თვლის, რომ პროცესი არასწორად წარიმართა. ამასთან, ირკვევა, რომ არაერთმა უწყებამ სამი წლის წინ იცოდა სამარხების აღმოჩენის შესახებ:

„ბევრის გაგება შეიძლებოდა. ყოვლად დაუშვებელი იყო ამ 600 ადამიანის სიის გამოქვეყნება. შესაძლებელი იყო შსს-ს არქივის თანამშრომლების ჩართვა. თუნდაც, ერთი მასალა რომ ენახათ ადგილზე, ამ 150-იდან 1 ადამიანიც რომ დაედგინათ, შეეძლოთ ზუსტად ეთქვათ ამ კონკრეტულ სამარხში ვინ იყო. ყველას უნდა, რა თქმა უნდა, წინაპრის მოძიება.

ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა - ნებისმიერ მონეტას, ნებისმიერ მასრას, რომელიც იქ ადგილზე იყო, განლაგებას ამ ადამიანების. რა თქმა უნდა, ამას სჭირდებოდა შესაბამისი მიდგომა, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეს პროცესი უნდა წარემართა.

მასობრივი სამარხების გათხრისას რეალურად არ ხდება ყველა ნეშტის დნმ ანალიზის ჩატარება. თუმცა, ამ 150-დან რამდენიმეს იდენტიფიცირების შემთხვევაშიც კი შეიძლება დადგინდეს ვინ არის დამარხული ამ სამარხში“,

ამის თქმის საფუძველს ლევან ავალიშვილს აძლევს ის მასალები, რომლებიც შსს-ს არქივშია:

„არის დახვრეტის აქტები: ვიცით რომელ დღეს (არასდროს არის მითითებული ადგილი), რომელ საათზე, ვინ იყო დახვრეტილი. შეიძლება ეს იყოს ათკაციანი, ორმოცკაციანი ან სამკაციანი სია. ამიტომ, ერთის იდენტიფიცირების შემთხვევაშიც გვეცოდინება მასთან ერთად ვინ იყო დახვრეტილი. ამის შემდეგ ხდება მემორიალური ადგილის შექმნა, რომ ოჯახის წევრებმა მიაგონ პატივი“.

ლევან ავალიშვილი ყვება მისი და მისი კოლეგების გამოცდილებაზე 1937-38 წლების რეპრესიების ისტორიის კვლევაში:

„ცნობილია, რომ ამ პერიოდში დაიხვრიტა 10 ათასზე მეტი ადამიანი. მათ შორის, ცნობილი მოღვაწეები, ჩვეულებრივი ადამიანები, მთელი საქართველოს მასშტაბით. დღემდე რამდენიმე ადგილია ცნობილი, სადაც ხდებოდა მასობრივი დახვრეტები. ერთი იყო აჭარაში, აფხაზეთშიც ხვრეტდნენ. ცნობილია, რომ ქუთაისში, საღორიის ტყეში სადღაც არის სამარხი. იქ დღემდე არ ჩატარებულა არანაირი კვლევა. არის ინფორმაცია, რომ რუსთავის გზატკეცილზე, მე-16 კილომეტრზე ორთაჭალიდან, არის მასობრივი დახვრეტის ადგილები, სადაც ჩვენ ვაწარმოებდით მოკვლევას, შსს-სთან და პოლონელ კოლეგებთან ერთად, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ, სამწუხაროდ“.

ლევან ავალიშვილი „დილის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას მინიმუმ, კომისია უნდა შეექმნა. სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ მხოლოდ 11 აპრილს გახდა ცნობილი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ლევან ავალიშვილი წუხს დროის დაკარგვის გამოც:

„ჩვენ დრო გავუშვით. ყველაზე მარტივი ამის გაკეთება 1990-იანებში იყო. მეხსიერებაც იყო შემორჩენილი, შესაბამის სტრუქტურებში ვიღაც-ვიღაცებმა იცოდნენ. დღეს საკმაოდ რთულია და ამიტომ არის ეს აღმოჩენა საკმაოდ უნიკალური და მნიშვნელოვანი. ეს არის პირველი მასობრივი სამარხი ამ პერიოდის“.

IDFI-ს მიერ რეპრესიების კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვნად ლევან ავალიშვილი თვლის ე.წ. „სტალინური სიების“ დადგენას:

„მოვახერხეთ, შსს-ს არქივთან თანამშრომლობით, რადგან მათთან არის მონაცემთა ბაზები და დოკუმენტები. შევძელით 3600-ზე მეტი პირის შესახებ კონკრეტული მასალის მოძიება. ისინი უშუალოდ შესულია „სტალინურ სიებში“, რომლებიც დგებოდა საქართველოში, მაგრამ ხელს აწერდნენ და ვიზირებას უკეთებდნენ პოლიტბიუროს წევრები, მათ შორის, სტალინიც. „განსაკუთრებით საშიში“ ადამიანის ლიკვიდაცია მოსკოვის ხელმოწერით ხდებოდა. შევქმენით ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში, ეროვნული ბიბლიოთეკის ვებსაიტზე. ბევრმა არ იცოდა, მეც პირადად, რომ ჩემი დიდი ბაბუაც ამ სიაში იყო“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG