მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მახნიაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 150-ე მუხლის თანახმად, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს, კანონდამრღვევად ცნო. დავით მახნიაშვილი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს და ამტკიცებს, რომ ის კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდა.
15 აგვისტოს გორის მერიის წინ აქცია-პერფორმანსის მოწყობისთვის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, დავით მახნიაშვილს, 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მიიჩნიეს, რომ მახნიაშვილმა მერიის წინ, ასფალტზე, რუსეთის დროშის დახატვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაარღვია, ქალაქის იერსახე დაამახინჯა და ამის გამო 500-ლარიანი ჯარიმის ოქმიც შეადგინეს. საქმე სასამართლომდე მივიდა. მახნიაშვილის ინტერესების დამცველი ლექსო მერებაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
15 აგვისტოს გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, დაბადების დღე იყო. პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გორის მერიის შენობის წინ, ასფალტზე, რუსეთის დროშა დახატეს და КГБ მიაწერეს.
ეს აქცია-პერფორმანსი მიეძღვნა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, რომელსაც 15 აგვისტოს 63 წელი შეუსრულდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გორის მერს ასეთი საჩუქარი პრორუსული განცხადებებისა და საბჭოთა ნოსტალგიური განწყობის გამო შეურჩიეს. მერიის იურისტი, გიორგი ბატონისაშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება. მისი თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ზუსტად არის გაწერილი ასეთი კანონდარღვევა რა სასჯელს ითვალისწინებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლში კი წერია, რომ სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მახნიაშვილი კანონდარღვევას არ აღიარებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობდა და ეს უფლება ყველაფერზე უპირატესია.
2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალი ქართული სოფლებიდან იბომბებოდა, შარშან კი, როცა საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიაანთკარში ახალი ღობეების მონტაჟი დაიწყეს და სოფლის კუთვნილი მიწის ნაკვეთები ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს, მერს არ შეუწყვეტია შვებულება და აჭარის ზღვისპირეთში დასვენება. მოგვიანებით მან ახსნა, რომ რუსებთან მაინც ვერაფერს გააწყობდა.
გორის მერის ამ ქმედებებს მუდმივად იხსენებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავისი აქცია-პერფორმანსით „ევროპული საქართველოც“ ამ ფაქტების გახსენებას ისახავდა მიზნად. განაჩენის თანახმად, დავით მახნიაშვილმა ჯარიმა 7 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, თუმცა მანამდე საქმე სააპელაციო სასამართლოში წავა.