Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამ უბედური კონტექსტით სარგებლობენ პოლიტიკური და ბიზნესელიტები"


კოტე ერისთავი, EMC-ს სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი
კოტე ერისთავი, EMC-ს სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

გასულ კვირაში თბილისში, მშენებლობებზე მომხდარ ორ ინციდენტს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი პირი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება. ის, რომ მოპოვებითი და სამშენებლო სექტორები განსაკუთრებით საფრთხის შემცველად რჩება, აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ბოლო ანგარიშშიც.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი ამბობს, რომ საქართველოში ძალიან მძიმე სტატისტიკაა სამუშაო ადგილზე მსხვერპლის შესახებ. თუმცა, რიგი საკითხების რეგულაციას არ სჭირდება არგუმენტად მძიმე სტატისტიკის მოშველიება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა სექტორების მიხედვით. ერთია, რას არ აღნუსხავს სახელმწიფო და მეორე ის, რას არ თვლიან თავად დასაქმებულები საწარმოო ტრავმად და აღნუსხვის ღირსად:

„არ აღირიცხება ყველა სერიოზული დაზიანება. იგივე ჭიათურაში პროფკავშირების წარმომადგენლებისგან, მაღაროელებისგან გაგვიგია, რომ რაღაც ტიპის დაზიანებები, რომლებიც მძიმედ ითვლება, პროფესიულ-კულტურული გაგებების გამო არ აღირიცხება. თავად მაღაროელიც არ აცხადებს. მაგალითად, თითის დაკარგვა. თუ მაღაროელის ბაბუის ბაბუა გასული საუკუნის დასაწყისში მუშაობდა ჭიათურაში და დაკარგა თითი, ითვლება, რომ 21-ე საუკუნეშიც ეს ნაწილია, თანმდევია მაღაროში საქმიანობის. შესაბამისად, არანაირი პასუხისმგებლობა არ გადადის დამსაქმებელზე“.

EMC-ის წარმომადგენლებიც და სხვა უფლებადამცველებიც აღნიშნავენ პოზიტიურ საკანონმდებლო ცვლილებებს, თუმცა, მიუთითებენ უამრავ პრობლემაზე, რომელიც შრომის უსაფრთხოების დაუცველობას განაპირობებს. კოტე ერისთავი კონკრეტულად ლაპარაკობს იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც შეეხება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ საწარმოს შემოწმებას სასამართლოს თანხმობის გარეშე. ცვლილება მიღებულია, თუმცა, ის მხოლოდ 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება:

„ჩანს, რომ სახელმწიფო ვერ იაზრებს რამდენად პრობლემურია ეს საკითხი. გადადო ამ პრობლემის გადაწყვეტა სექტემბრამდე, როცა რეალურად ხალხი მართლა ცვივა შენობებიდან და ფეთქდება მაღაროებში. ეს პრობლემა მოითხოვს მყისიერ გადაწყვეტას და გადავადებების დრო აღარ არის. ძალიან ბევრი დრო მივეცით ბიზნესებს სიცოცხლის და სისხლის ფასად და დროა, სახელმწიფომ დაიწყოს ზრუნვა მოქალაქეებზე“.

კოტე ერისთავი თვლის, რომ საზოგადოებაში, ყოფით დონეზე არსებობს სოლიდარობა და გვერდში დგომის სურვილი:

„თუმცა, როგორც კი ამის კანონმდებლობაში ასახვასა და ასახულის აღსრულებას ვითხოვთ, უცებ ჩნდება მილიონი პრობლემა, გამოდის ათასი ბიზნესმენი, ექსპერტი, ჩინოვნიკი და ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. შესაძლ;ებელია სათამაშო ბიზნესში წელიწადში 6 მილიარდი ლარის ბრუნვა იყოს და შეუძლებელია, რომ 22 ინსპექტორიდან ქვეყნის მასშტაბით 122-მდე ავიდეთ; შეუძლებელია ის, რომ მარტო თბილისში არ იყოს ინსპექცია და წარმომადგენლობა ჰქონდეს სხვა რეგიონებში“.

EMC-ს წარმომადგენელი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად თვლის შრომის ინსპექციის მექანიზმის ინსტიტუციურ გაძლიერებას. კოტე ერისთავი გადაწყვეტილების მიმღებებს მიუთითებს ქვეყანაში არსებულ კონტექსტზე, რომელშიც დასაქმებულს დაცვა სჭირდება:

„რატომ ხდება, რომ დასაქმებული ვერ იმაღლებს ხმას და ვერ ევაჭრება დამსაქმებელს შრომის კარგ პირობებზე, მაღალ ანაზღაურებაზე და ა.შ.? აქ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი, რომელშიც უწევს ვაჭრობა დასაქმებულს, მუშას, რომელიც ვარდება ამ შენობებიდან. ეს კონტექსტია უკიდურესი სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა, უთანასწორობა და ა.შ.. სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს და ჩვენც უნდა გავიაზროთ, რომ რეალურად ამ უბედური კონტექსტით სარგებლობენ პოლიტიკური და ბიზნესელიტები, რომლებიც მდიდრდებიან ამ მოცემულობით და მერე კიდევ ცალკე გვიგონებენ რაღაც რეგულაციებს ჩვენს გასაღარიბებლად“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG