კენიის ხელისუფლება ამბობს, რომ ის, სავარაუდოდ, კოსმოსური რაკეტა-მატარებლის ნაწილია. წესით, ასეთი ობიექტები ან ატმოსფეროში უნდა დაიწვას, ან ოკეანეში ჩავარდეს. ლითონის რგოლი 500 კილოგრამს იწონის, მისი დიამეტრი კი 2,5 მეტრია.
დედამიწის ატმოსფეროში ხშირად ხვდება რაკეტების ნამსხვრევები, მწყობრიდან გამოსული თანამგზავრები, კოსმოსური ხომალდები და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ნარჩენები. უმეტესობა ატმოსფეროს სქელ ფენებში იწვება, თუმცა, ევროპული კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის წელს კოსმოსური ნაგავი თითქმის ყოველ კვირას შემოდიოდა ატმოსფეროში. 2023 წელს დედამიწაზე 1500 ობიექტი ჩამოვარდა, ერთი წლით ადრე - 2500. წინა საუკუნეში გაცილებით ნაკლები იყო - დაახლოებით 500 ერთეული წელიწადში.
ქალაქებს, სოფლებსა თუ დაბებს კოსმოსური ნაგავი იშვიათად აცვივა. კოსმოსური სადგურების სააგენტოები ცდილობენ, მრავალსაფეხურიანი რაკეტა-მატარებლების ვარდნის ტრაექტორია გათვალონ და ნამსხვრევები საცხოვრებელ უბნებს აარიდონ.
„აშშ-სა და ევროპაში არის ნორმები და წესები, რომლებიც გამშვებ-ოპერატორებს ავალდებულებს არა მხოლოდ თანამგზავრებს უთვალთვალონ, არამედ მის სხვა ნაწილებსაც, მაგალითად, რგოლს, რომელიც [ხომალდს] მოშორდა, გათვალონ სად შეიძლება დაცვივდნენ. ლიცენზიას ვერ მიიღებენ გაშვებაზე, თუ ყველა ტრაექტორია არ გათვალეს და არ დაამტკიცეს, რომ ეს უსაფრთხოა“, - ჰყვება დენის ალბინი, ის რედაქტორია ჟურნალისა „ყველაფერი კოსმოსზე“.
ნაგავი დედამიწაზე: რა მოდის ჩვენამდე და არის თუ არა ეს სახიფათო?
კოსმოსური ნაგვისგან უსაფრთხოდ გათავისუფლება ყოველთვის არ გამოდის. 2024 წელს, აშშ-ში, ფლორიდის შტატში სახლს კონტეინერის ნაწილი დაეცა. ის საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ჯერ კიდევ 2021 წელს მოისროლეს. ორ ტონაზე მეტი ნაგვის გადაგდებას ნასა აკონტროლებს. ამერიკული კოსმოსური სააგენტოს პროგნოზით, კონტეინერი ატმოსფეროში უნდა დამწვარიყო, მაგრამ ნაგვის ნაწილი „ატმოსფეროში ხელმეორედ შევიდა“ და კონტეინერის ნამსხვრევმა, რომელიც კილოგრამსაც არ იწონიდა, კერძო სახლის სახურავი და ჭერი გახვრიტა. ნასამ შეცდომა აღიარა და პირობა დადო, რომ ამ საკითხს დეტალურად შეისწავლის.
ეს შემთხვევა უნიკალური არაა. 2003 წელს აშშ-ში, დაშვებისას აფეთქდა კოსმოსური შატლი „კოლუმბია“. დაიღუპა ეკიპაჟის 7 წევრი. ნამსხვრევმა ლუიზიანაში სტომატოლოგიური კაბინეტის სახურავი ჩაამტვრია. მოგვიანებით მიმდებარე ტერიტორიაზე შატლის 84 ათასამდე ნამსხვრევი იპოვეს.
რაკეტების ნამსხვრევები დედამიწაზე ბევრ ქვეყანას „უვარდება“. 2023 წელს ავსტრალიის პლაჟზე ლითონის ცილინდრი გამოირიყა. მისი დიამეტრი სამ მეტრამდე იქნებოდა. ეს იყო ინდოეთში გაშვებული რაკეტის საფეხური. მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ ავსტრალიის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა: „დავასკვენით, რომ ობიექტი სავარაუდოდ უნდა იყოს რაკეტა-მატარებლის Polar Satellite (PSLV)-ის მესამე საფეხური. ეს რაკეტა-მატარებელი საშუალო სიმძიმის ტვირთისთვის გამოიყენება. მართავს ინდოეთის კოსმოსური სააგენტო“.
თანამგზავრის გაშვების შემდეგ ერთჯერადი რაკეტის ნაწილი ატმოსფეროში არ დაიწვა, ოკეანეში ჩავარდა და რაღაც დროის შემდეგ პლაჟზე გამოირიყა. ინდოეთის ხელისუფლებამ ავსტრალიის კოსმოსური სააგენტოს ვარაუდი დაამოწმა.
კოსმოსური ნაგავი კონტინენტზე წინა საუკუნეშიც ჩამოვარდნილა. 1979 წელს რამდენიმე ავსტრალიურ ქალაქში ამერიკული ორბიტალური სადგურის (Skylab) ნამსხვრევები მიმოიფანტა.
კოსმოსური აპარატების ვარდნის ფაქტების აღრიცხვა 1960-იან წლებში დაიწყეს, თითქმის მაშინვე, როცა პირველი თანამგზავრი გაუშვეს. 1962 წელს პირველი საბჭოთა კოსმოსური ხომალდის („ვოსტოკ-1პ“) ნამსხვრევები, სამეცნიერო აპარატურითა და ბორტზე მანეკენით ვისკონსინის შტატში ჩამოვარდა. რამდენიმე ნამსხვრევი ქალაქ მანიტოვოკში იპოვეს. ამ ამბის აღსანიშნავად, 16 წლის წინ ქალაქის მცხოვრებლებმა ყოველწლიური ფესტივალის ჩატარება დაიწყეს - Sputnikfest (თავად როგორც უწოდებენ - „შებერტყილი ფესტივალის“).
მანიტოვოკში ნამსხვრევების ჩამოცვენით არავინ დაშავებულა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, 1969 წელს იაპონელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ რომელიღაც საბჭოთა რაკეტის ნამტვრევები სატვირთო გემს დაეცა და ეკიპაჟის ხუთი წევრი დაჭრა.
1997 წელს ოკლაჰომაში ამერიკული რაკეტის „დელტა ორის“ ათსანტიმეტრიანი ნამსხვრევი ქალს დაეცა.
კოსმოსური ნაგვისგან დაშავების ალბათობა მაინც ძალიან მცირეა. ევროპული კოსმოსური სააგენტოს გათვლებით, ეს შეიძლება მილიარდიდან ერთ შემთხვევაში მოხდეს.
დენის ალბინი: „ვერ იტყვი, რომ ასეთი რამ არასდროს მოხდება, რომ არავინ დაშავდება. ადრე თუ გვიან, ალბათ ასეც იქნება და მაშინ ამ საკითხს უფრო სერიოზულად მოეკიდებიან. მაგრამ ჯერ არაფერია. რგოლებიც ჩამოცვენილა, საფეხურებიც... Falcon 9-ის საფეხურებიც გამოუტანიათ წყლიდან. ხდება, მაგრამ იშვიათად“.
Falcon 9, რომელზეც ალბინი ლაპარაკობს, SpaceX-ის მრავალჯერადი რაკეტა-მატარებელია. განცალკევების შემდეგ მისი პირველი საფეხური სადგურს ან მცურავ პლატფორმას უბრუნდება. Falcon 9-ის „ანგარიშზე“ რეკორდულად ბევრი იღბლიანი გაშვებაა - 300 მეტი.
ნაგავი ორბიტაზე და კესლერის სინდრომი: დროა კაცობრიობა დაფიქრდეს?
2024 წლის შემოდგომას ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის ოდენობის თაობაზე. მისი მონაცემებით, ორბიტაზე მილიონზე მეტი ისეთი ნამსხვრევია, რომლის სიგრძე სანტიმეტრს აღემატება. „საკმარისად დიდია იმისთვის, რომ კატასტროფული ზიანი მოიტანოს“. უფრო დიდი და სახიფათო ნამსხვრევები - ათ- და მეტსანტიმეტრიანი - სადღაც 26 ათასია.
ამ ნამსხვრევებს ყურადღებით აკვირდებიან, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოქმედ თანამგზავრებს რომ არ შეეჯახონ, ამბობს რედაქტორი ჟურნალისა „ყველაფერი კოსმოსზე“.
„გარდა სახელმწიფო ორგანიზაციებისა, კერძო კომპანიებიც არიან. ისინი კონტრაქტებს აფორმებენ, სადგურებს მთელ მსოფლიოში აკეთებენ და ნამსხვრევებს უთვალთვალებენ, მათ შორის იმათსაც, რომელთა დიამეტრი რამდენიმე სანტიმეტრია. თანაც თითქმის ყველა თანამედროვე თანამგზავრს აქვს ძრავა, რომელიც მათ მანევრირების საშუალებას აძლევს. მართლაც არის ასეთი პრობლემა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ათასობით მანევრის გაკეთება უხდებათ თანამგზავრებს, რამეს რომ არ შეეჯახონ. მაგრამ ეს მაინც სხვა საქმეა. „სახიფათო მიახლოებად“ ითვლება მანძილი, როდესაც ობიექტი 5 კილომეტრშია. ეს უზარმაზარი დისტანციაა, მაგრამ უსაფრთხოების გამო, მაინც მანევრებს აკეთებენ.
მართლაც, თანამგზავრები ფეთქდება, ძველებიც კი, რომლებიც თითქოსდა მთლიანად გაუვნებლებულია. რამდენიმე კვირის წინ ამერიკული თანამგზავრი გაურკვეველი მიზეზის გამო აფეთქდა. თითქოს არც ელემენტი იყო დატენილი, არც საწვავი ჰქონდა, მაგრამ 50 ნაწილად დაიშალა. ასეთებიც ხდება. მაგრამ ეს თანამგზავრები დაბალ ორბიტაზე არიან, სადაც ატმოსფერო მკვრივია. რამდენიმე წლის განმავლობაში, შესაძლოა ხუთი-ათი წლის, ეს ნამსხვრევები ატმოსფეროში დაიწვება“.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს აზრით, ორბიტის დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე უარესი სცენარი ე.წ. კესლერის სინდრომია. 1970-იანი წლების ბოლოს, ნასას სპეციალისტმა დონ კესლერმა წამოაყენა თეორია - ერთხელაც კოსმოსური ნაგვის ოდენობა ორბიტაზე იმდენად გაიზრდება, რომ ობიექტების შეჯახება ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რაც კოსმოსის ათვისებას შეუძლებელს გახდის.
დენის ალბერი მიიჩნევს, რომ ახლო მომავალში ეს არ გვემუქრება, რადგან მოქმედი და მწყობრიდან გამოსული თანამგზავრები ერთმანეთს ჯერაც ძალიან დიდი მანძილით არიან დაშორებულები.
„2024 წლის მონაცემებით, ორბიტაზე სადღაც 17 500 თანამგზავრია, მოქმედიც და მწყობრიდან გამოსულიც. ერთხელ დავინტერესდი და გამოვთვალე, რა მოხდება, თუ 300 კილომეტრის სიმაღლეზე 100 ათას თანამგზავრს გავამწკრივებთ? თითოეულ თანამგზავრს 5600 კვადრატული კილომეტრის მოცულობის სივრცე შეხვდა. ანუ მათ შორის დაახლოებით 75 კილომეტრი იქნება. ეს თეორიულად, თორემ თანამგზავრების უმეტესობა გაცილებით მაღლაა განთავსებული“.
ვინ ალაგებს ორბიტას?
დენის ალბერი ხსნის, რომ ამჯერად ორბიტიდან კოსმოსური ნაგვის მოშორების რამდენიმე მეთოდი არსებობს: „არის სამარხების ორბიტა, რომელზეც თანამგზავრები გეოსტაციონარული ორბიტიდან გაჰყავთ. გეოსტაციონარული ორბიტა 35 კილომეტრზეა, სამარხების ორბიტა ცოტათი მაღლა ან დაბლა.
ევროპასა და აშშ-ში არსებობს წესი, რომელიც ავალდებულებს, გამოყენებული თანამგზავრები და რაკეტის ზედა საფეხურები ისე დაშალონ, რომ ისინი ატმოსფეროში დაიწვან ან უდაბურ ადგილებსა და ოკეანეში ნაწილებად ჩამოცვივდნენ.
კოსმოსური ნაგვის მთავარი სამარხი მაინც დედამიწაა - წყნარი ოკეანის ის ნაწილი, რომელიც ხმელეთს მაქსიმალურად სცილდება. ამ „სასაფლაოზე“ აპარატები 1971 წლიდან იგზავნება. თავდაპირველად ამას სსრკ და აშშ აკეთებდნენ, შემდეგ ევროკავშირი და იაპონიაც. 2018 წელს ოკეანეში სულ მცირე 263 კოსმოსური აპარატი ჩაძირეს. ოკეანეში ჩაძირულებიდან ყველაზე დიდი არის სადგური „მირ“. მისი ნამსხვრევები, რომლებიც ატმოსფეროში არ დაიწვა და დედამიწამდე მოაღწია, 12 ტონას იწონიდა.
„ახლა რამდენიმე კომპანია მუშაობს ორბიტალურ გამწევებზე, რომელთა მიზანი ნამსხვრევების მოხელთება და მათი ორბიტიდან გადაყვანაა“, - ჰყვება ალბინი.
„დალაგებაში“ სხვადასხვა ქვეყანა მონაწილეობს. იტალიური კომპანია D-Orbit-ი კოსმოსურ ლოგისტიკაზეა სპეციალიზებული. 2024 წელს მან 131-მილიონდოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან. მიზანი ისეთი კოსმოსური აპარატის შექმნაა, რომელიც თანამგზავრებს ორბიტაზე მოემსახურება, გადაადგილდება და გაარემონტებს. ჟურნალი „ყველაფერი კოსმოსზე“ წერს: „გრძელვადიან პერსპექტივაში GEA [General Expansion Architecture – D-Orbit-ის პროექტი] დიდ როლს შეასრულებს ორბიტაზე არსებული აპარატების კომპონენტების მოხელთებისა და გადამუშავების კუთხით“.
რობოტ-დამლაგებლებს იაპონიაც ამზადებს. კომპანია Astroscale ADRAS-J-ის აპარატი გასული წლის ბოლოს ორბიტაზე არსებული რაკეტის საფეხურს რეკორდული მანძილით, 15 მეტრით მიუახლოვდა. ის ორბიტაზე 2009 წლიდან ტრიალებს. შემდეგი ეტაპი ADRAS-J2 მისიის გაშვებაა. ამ აპარატმა ნაგვის ნარჩენები უნდა მოიხელთოს და ორბიტიდან გაიტანოს.
ორბიტაზე დაგროვილ ნაგავს სხვა მეთოდებითაც ებრძვიან. 2023 წელს აშშ-ში პირველი ჯარიმა გამოწერეს იმის გამო, რომ კერძო კომპანიამ თავისი მწყობრიდან გამოსული თანამგზავრი მუშა თანამგზავრებისგან უსაფრთხო მანძილზე არ გაიყვანა.
სხვადასხვა ქვეყნის კოსმოსურ სააგენტოებს თანდათანობით შემოაქვთ ახალი ნორმები კოსმოსური სივრცის გამოყენების თაობაზე. ასევე არსებობს გაეროს კოსმოსური სივრცის მშვიდობიანი მიზნით გამოყენების კომიტეტი, ასევე სააგენტოებშორისი საკოორდინაციო კომიტეტი კოსმოსური ნაგვის საკითხებში. მან შეიმუშავა „სახელმძღვანელო პრინციპები“, რომელიც ნაგვის შეზღუდულად წარმოქმნასა და ობიექტების შეჯახების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანას გვთავაზობს, ასევე მწყობრიდან გამოსული აპარატების დროულად გაყვანას ორბიტიდან.
შესაძლებელია ორბიტა არ დანაგვიანდეს?
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ შეიმუშავა ქარტია Zero Debris (ნული ნაგავი), რომელიც მოიაზრებს „კოსმოსური ნაგვის წარმოქმნის შეზღუდვას დედამიწისა და მთვარის ორბიტებზე, 2030 წლისთვის ყველა შემდეგი მისიისთვის, პროგრამისთვისა და ღონისძიებისთვის“. ქარტიას ამ დროისთვის 16 ქვეყანა აწერს ხელს, მაგრამ არა აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი.
დენის ალბინი ფიქრობს, რომ მხოლოდ ამ სააგენტოს ძალისხმევა ორბიტას ნაგვისგან ვერ გაწმენდს.
„ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ მოხდება, თუ სხვა ქვეყნებიც არ მიიღებენ მონაწილეობას, ის ქვეყნები, რომლებიც თანამგზავრებსა და რაკეტებს უშვებენ. ევროკავშირი და აშშ კი მიიღებს თავისთვის. ეს უკვე მუშაობს კიდეც. თუმცა, მაინც ხდება ინციდენტები, როგორც, მაგალითად, Ariane-6-ის ბოლო გაშვებაზე, როცა მეორე საფეხური ორბიტიდან ვერ გადავიდა. მაგრამ ასეთი შემთხვევები ერთეულებია.
კიდევ, შეიძლება დააჯარიმო კომპანიები და აიძულო თავიანთი ნამსხვრევები გაიტანონ. რაღაც კოსმოსური გამწევები აამუშაონ, რომლებიც ამ ნამსხვრევებს ორბიტიდან გადაიტანენ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ძვირია. და ჩინეთს როგორ აიძულებ? წელს მორიგი რეკორდი მოხსნეს - 280 თანამგზავრი გაიყვანეს ორბიტაზე. როგორ აიძულებ ეს დაიცვან? შეუძლებელია.
თანაც ახლა ჩინეთი ორ სატელიტურ მეგადაჯგუფებაზე მუშაობს („ათასი იალქანი“). გეგმავენ დაბალ ორბიტაზე 12 000 თანამგზავრი გაიყვანონ. მეორე სახელმწიფო პროგრამაც არის - Gouwang, 15 ათასი თანამგზავრით. რას ვუზამთ ამას? მათი თანამგზავრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება“.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი შეიმუშავებს ნაწილობრივ მრავალჯერად ან მრავალჯერად რაკეტებს, მაგრამ ჯერ გაუგებარია, როდის გაუშვებენ ცაში ამ აპარატებს. 2022 წელს, ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ორბიტაზე თანამგზავრების ჯგუფი გაიყვანა. მათგან ერთი მუხრუჭიანი პარაშუტით იყო აღჭურვილი. ამ მოწყობილობამ მწყობრიდან გამოსული აპარატების ორბიტიდან გადაყვანა უნდა დააჩქაროს. იმავე წელს ერთმა ჩინურმა თანამგზავრმა, მეორე გეოსტაციონარული ორბიტიდან სამარხების ორბიტაზე გადაიყვანა.
ამერიკაში დასალაგებელი აპარატების შესამუშავებელ სტარტაპებს ნასა და აშშ აფინანსებენ. რუსეთში, რომელიც 2013 წელს კოსმოსური ნაგვის დაგროვების ლიდერი იყო, ოფიციალურად არსებობს პროექტი, ნაგვის შემცირების კუთხით. 2022 წელს დააანონსეს ახალი მეთოდიკაც ნარჩენების ორბიტიდან „გადარეკვის“ შესახებ, თუმცა ამ მეთოდის რეალიზებაზე ჯერ არაფერი ისმის.
ფორუმი