დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირვევლ არხთან საუბარში განაცხადა, რომ კორონავირუსით დაავადებული პაციენტის განკურნებაში რომ სრულად იყოს დარწმუნებული, მისთვის დამატებითი ტესტის ჩატარების რეკომენდაცია გაიცა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველი (ირანიდან შემოსული) პაციენტის ხელახალი ტესტის პასუხი, რომელსაც უნდა დაედასტურებინა მისი საბოლოო გამოჯანმრთელება, სუსტად დადებითი აღმოჩნდა, ამიტომ:
„დამატებით მოვითხოვეთ დღეს კიდევ გადამეორება. ვფიქრობ, კიდევ აიღებენ ანალიზს. მეორე პასუხი ცოტა საეჭვო იყო და ჩავთვალეთ, რომ ჯერ ისევ უნდა იყოს. არ დავადასტურეთ სრული გამოჯანმრთელება. გვინდა, რომ ძალიან მყარად ვიყოთ დარწმუნებული ჩვენს პასუხებში“, - უთხრა ამირან გამყრელიძემ პირველ არხს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ ქვეყანაში არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდების მხრივ და, რაც მთავარია, ფასები საკვებ პროდუქტებზე სპეკულაციურად არ გაიზარდოს.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, უკვე შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.
ჯგუფმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 15 მარტს უკვე გამართა პირველი შეხვედრა, რომელსაც მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„რეგულარული მონიტორინგი და შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება როგორც იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, ასევე მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით გაჩერდება.
საქართველოს მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას დავალებით მისივე სპეციალურიწარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამ საკითხზე უკვე ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის(ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს გრიგორი კარასინს.
„ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს. შეზღუდვებიარ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
15 მარტს, თბილისში, მცხეთაში, კახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს. ჯამში კარანტინში იძულებით გადაყვანილია 42 ადამიანი.
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შსს 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს.
შსს-ს ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ წესებს.