Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
13:07 14.3.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებსაიტზე Stopcov.ge.

საიტის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.

13:08 14.3.2020

მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული მიწები, მთელი 2020 წლის განმავლობაში იჯარის გადასახადს არ გადაიხდიან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

„დღეს თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი [ღია] კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომელთაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ“, - თქვა კალაძემ.

13:10 14.3.2020

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკის გამო, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოებში მომსახურების წესი დროებით იცვლება.

16 მარტიდან უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილ საკვებს სახლში გაატანენ. საჭიროების შემთხვევაში, მოსარგებლეებს საკვებს სახლში თბილისის მერია მიაწოდებს.

სასადილოს გამცემ პუნქტში ბენეფიციარები შევლენ სათითაოდ და სასადილოს სივრცეში მყოფი ადამიანი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სადეზინფექციო პროცედურა.

საკვების სახლში მისაღებად, მარტოხელა მოხუცებმა, განსაკუთრებული რისკის მქონე და და თვითიზოლაციაში მყოფმა ბენეფიციარებმა უნდა დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე და განაცხადონ, რომ სურთ საკვების სახლში მიტანის სერვისის მიღება.

როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გრძელდება ​ყველა უფასო სასადილოს ყოველდღიური დეზინფექცია, სასადილოს მომსახურე პერსონალი კი დაცული იქნება შესაბამისი აღჭურვილობით.

13:25 14.3.2020

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთიდან, მეზობელ აზერბაიჯანში დილიდან მოქალაქეებს აღარ უშვებენ. საბაჟო გამშები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დგანან და პერიმეტრს აკონტოლობენ.

საქართველოდან აზერბაიჯანში წასვლის მსურველი მოქალაქეები ამბობენ, რომ საზღვრის დაკეტვის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან 13 მარტის საღამოს ორი ქვეყნის საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთეს.

დილიდან საზღვარზე არ ატარებენ აზერბაიჯანიდან საქართველოში მომავალ მგზავრებსაც.

შეზღუდვა 10 დღიანია და არ ვრცელდება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით 14 მარტიდან საქართველომ სახმელეთო საზღვარი ასევე 10 დღის ჩაკეტა სომხეთთანაც. შეზღუდვები კორონავირუსის პრევენციულ ღონისძებებს უკავშრდება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG