Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
13:01 12.3.2020

დღეს, 12 მარტს, დღის ბოლომდე შემუშავდება ბიზნესის სტიმულირების ერთიანი კომპლექსური გეგმა. ამის შესახებ საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დავალება პრემიერ-მინისტრისგან მიიღო.

„გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და დღის ბოლომდე მას დავხვეწთ. ყველაფერი დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიის წახალისების ღონისძიებებზე მუშაობით, მაგრამ, კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევიდან გამომდინარე, მზად ვართ, უფრო კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ ეკონომიკას და ბიზნესს. გეგმა არ მოიცავს მხოლოდ ტურიზმს, არამედ შეეხება ზოგადად ბიზნესის სტიმულირებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, ბიზნესის სტიმულირების სამოქმედო გეგმა საჯარო რამდენიმე დღეში გახდება. მისი თქმით, გეგმაში ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი ტურიზმის ინდუსტრიას შეეხება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობა 12 მარტიდან მუშაობის საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში გადავიდა.

13:04 12.3.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანაშემწე თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, მისი თანაშემწე იმ დროს უკვე თვითიზოლაციაში იყო, როცა მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტიკარაძე განმარტავს, რომ დაბალი რისკის მიუხედავად, ეს თანამშრომელი აღარ დადის სამინისტროში.

"ჩემთან მიმართებაში საშიში არ არის", - დასძინა მან.

13:13 12.3.2020

14 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთის ნაკრებს თბილისში, მაყურებლისგან ცარიელ სტადიონზე დაუპირისპირდება.

მიზეზი კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით გამოწვეული ვითარებაა. საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ყოველდღიური კონსულტაციები აქვთ როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან: „არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე“.

შეძენილი ბილეთების საფასური გულშემატკივრებს უკან დაუბრუნდებათ. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

13:53 12.3.2020

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სატელევიზო მიმართვის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის გლობალური პანდემიის შეჩერების მიზნით, 13 მარტიდან 30 დღით შეწყდება „ყველა სახის მგზავრობა“ ევროპიდან.

11 მარტს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტიდან მიმართვის დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ აკრძალვა არ გავრცელდება ბრიტანეთზე და ასევე არ შეეხება ამერიკელ მოქალაქეებსა და „მწვანე ბარათის“, ანუ ბინადრობის უფლების მქონე პირებს, რომლებიც ევროპიდან ბრუნდებიან.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რომელ ქვეყნებზე ვრცელდება შეზღუდვა, მაგრამ მოგვიანებით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ საუბარია შენგენის ზონაში შემავალ ევროპის 26 ქვეყანაზე.

"შეიზღუდება და შეჩერდება აშშ-ში ყველა იმიგრანტისა, თუ არაიმიგრანტის და ყველა უცხოელის შემოსვლა, რომლებიც აშშ-ში გამგზავრების გადაწყვეტილებამდე შენგენის ზონაში იმყოფებოდნენ 14 დღის განმავლობაში“, - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დონალდ ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად ევროპის ქვეყნებში ასე ფართოდ იმიტომ გავრცელდა COVID-19 ის ვირუსი, რომ მათმა ხელისუფლებებმა არ გადადგეს ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა, როდესაც აკრძალა ჩინეთთან მიმოსვლა.

ამერიკის ეკონომიკაზე კორონავრიუსის მავნე გავლენის შემცირების მიზნით დონალდ ტრამპმა გამოაცხადა რამდენიმე ფინანსური ინიციატივა, მათ შორისაა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის გადასახდის გადახდის გადავადება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG