„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ქალი კომპანიის თანამშრომელია
"საქართველო ბანკი" ადასტურებს, რომ იტალიიდან ჩამოფრენილი ქალი, რომელსაც დღეს კოროვანირუსი დაუდგინდა კომპანიის თანამშრომელია.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „საქართველოს ბანკში“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, საქართველოში შემოსვლა შეეზღუდათ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გარკვეული ვალდებულებები უწესდებათ ნებისმიერი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში და იაპონიაში. ისინი ვალდებულები არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, გაიარონ შემოწმება, დაელოდონ ტესტების პასუხებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას. მათ მედიკოსების რეკომენდაციების სრულად დაცვა მოუწევთ, იქნება ეს კარანტინის რეჟიმი, თვითიზოლაცია თუ უკან დაბრუნება.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ამჟამად კლინიკაში 39 პაციენტი იმყოფება და მათგან 21-ის ტესტი უარყოფითია. მათ საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად ამზადებენ.
დარჩენილ 18 პაციენტიდან ნიმუშები დღის მეორე ნახევარში აიღეს. როგორც ეზუგბაიამ თქვა, პირველ ეტაპზე რვა პირის გამოკვლევის შედეგები იქნება ცნობილი.
მარინა ეზუგბაიამ, აგრეთვე, ილაპარაკა ირანიდან დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის 15-კაციანი ჯგუფის შესახებ.
„მხოლოდ ერთს აღენიშნება ცხელება. თუკი დაავადებათა კონტროლის ცენტრი გადაწყვეტს, მას ინფექციურ საავადმყოფოში მოიყვანენ“, - ამბობს ეზუგბაია.
ორი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.
ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.