სომხეთის მთავრობა საქართველოსთან საზღვრის დაკეტვას არ აპირებს
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან საზღვრის დაკეტვა არ იგეგმება.
მინისტრმა უარყო ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. როგორც ტოროსიანი ამბობს, გამოკვლეულია საეჭვო შემთხვევები და ყველა მათგანმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ერთი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, 27 თებერვალს ქართველ კოლეგას [ეკატერინე ტიკარაძეს] ესაუბრა.
„ვფიქრობ, რომ ამ ერთი შემთხვევის გამო ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში არ შეცვლილა“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პაციენტი ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით მიემგზავრებოდა და მას ფაქტორივად მხოლოდ მესაზღვრეებთან ჰქონდა კონტაქტი. ფაშინიანის თქმით, ოთხი ადამიანი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები იყვნენ. ისინი შეამოწმეს და მიიღეს უარყოფითი შედეგი. „შესაბამისად, საქართველოში პრაქტიკულად არ არის ინფიცირების შემთხვევები“, - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.
26 თებერვალს ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 25 თებერვალს ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
ინფექციურ საავადმყოფოში სამართალდამცველი მოათავსეს
თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 21 პაციენტი იმყოფება, მათგან 11 პირი 27 თებერვალს, დილის შემდეგ დაემატა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 11 პაციენტიდან 5-ს უკვე ჩაუტარდა კვლევა და შედეგი უარყოფითია. ხოლო, 5 პაციენტის ტესტის დამთავრების საათი უცნობია.
კიდევ ერთი პაციენტი კი სამართალდამცველია. „თუ არ ვცდები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა“, - ამბობს მარინა ეზუგბაია. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ეზუგბაია ამბობს, „ამ წუთში ტემპეტატურა აქვს და რესპირაციული მოვლენები: სურდო, ხველა, ყელის ტკივილი. აღებულია პირველადი კვლევები და მოგვიანებით იქნება ცნობილი შედეგები".
ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში, სადაც 21 პაციენტი იმყოფება, მარინა ეზუგბაიას თქმით, სულ 20 ბოქსირებული პალატაა. მიუხედავად ამისა, როგორც მან აღნიშნა, საავადმყოფო მალე შეძლებს სხვა პაციენტების მიღებას.
„ჩვენ გვაქვს 20 ბოქსი, მაგრამ პაციენტების ნაწილი არის ცოლ-ქმარი და აქედან გამომდინარე ბოქსირებული განყოფილება გვყოფნის. დღეს 6 ბოქსი გათავისუფლდება და ნეგატიური პასუხის მქონე პაციენტების გადაყვანა გაგრძელდება საკარანტინო სივრცეში“, - განმარტავს მარინა ეზუგბაია.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ბოლო ღია მონაკვეთიც დაკეტა.
დე ფაქტო უშიშროების საბჭოს განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კორონავირუსის აფეთქების აღსაკვეთად მიღებულია გადაწყვეტილება, განსაკუთრებულ მითითებამდე სრულად დაიკეტოს გამარტივებული გაშვების ყველა პუნქტი სამხრეთ ოსეთი-საქართველოს საზღვარზე“.
ამ დრომდე დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნილი ჰქონდა მხოლოდ ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გავლით.
2019 წლის შემოდომიდან დაკეტილია ახალგორის და ჯავის რაიონებთან მდებარე რაზდახანის და სინაგურის ე.წ. გამშვები პუნქტები. მათი ჩაკეტვა იყო დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი პასუხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებაზე.
კორონავირუსის შიშით ჩაკეტილი ენგურის ხიდი და ნიღბების დეფიციტი ზუგდიდის აფთიაქებში
საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე იმ კლინიკებს შორის, რომლებმაც კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში, პაციენტები უნდა მიიღონ, ერთ-ერთი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოა. მისი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კლინიკა სათანადოდ აღჭურვილია. 27 თებერვლის მდგომარეობით, ამ საავადმყოფოში 15 პაციენტი იმყოფება სეზონური გრიპის ვირუსის ნიშნებით. მათ შორისაა ლიეტუვის მოქალაქე, რომელსაც ბოქსირებულ განყოფილებაში აკვირდებიან. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოვიდა ვილნიუსი-ქუთაისის პირდაპირი ავიარეისით.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ნოდარ ჩიქოვანის ინფორმაციით, ლიეტუვის მოქალაქე რეგიონში სტუმრად იმყოფება: „ლიეტუვა არ მიეკუთვნება კორონავირუსის რისკ-ჯგუფს. პაციენტზე დაკვირვება გაგრძელდება და თუ გართულება მოხდა, დამატებითი ანალიზები გაიგზავნება თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში“.
26 თებერვალს, სწორედ ამ ლაბორატორიამ დაადგინა საქართველოში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კარანტინი გამოაცხადა და მდინარე ენგურთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა გადაწყვიტა.