Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი: რესტორანი, ექიმის მოსაცდელი, ტრანსპორტი - სად როგორ მოვიქცეთ


სოციალური დისტანცირების ზრდა (ახლო კონტაქტების შემცირება) წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ და ეფექტიან მექანიზმს, რომელიც ანელებს ვირუსული ინფექციების და მათ შორის - კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ტემპებს.

რეკომენდაციების თანახმად, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ხალხმრავალ ადგილებში:

შეხვედრა და საუბარი

თუკი ერთი თანამოსაუბრე გყავთ, მასთან იცავთ მინიმუმ - 1 და უკეთეს შემთხვევაში - 2-მეტრიან დისტანციას. თუკი რამდენიმე ადამიანს ვესაუბრებით, 1-2-მეტრიანი დისტანციის დაცვა საჭიროა თითოეულ მათგანთან.

თუკი ასე მოვიქცევით, აირ-წვეთოვანი გზით გადამდები კორონავირუსი დაავადებულისგან ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ვერ მოხვდება.

2-მეტრზე მეტი დისტანციის დაძლევა კორონავირუსს არ შეუძლია - და თუკი ამ მანძილზე ადამიანის ორგანიზმში ვერ მოხვდა, ის ძირს დაეშვება და სხვადასხვა ზედაპირზე ის დროის სხვადასხვა მონაკვეთში იღუპება.

შეხვედრისას და დამშვიდობებისას თავი უნდა შევიკავოთ კოცნისა და ხელის ჩამორთმევისგან.

მაღაზიაში, სავაჭრო ცენტრში

მთავარი პრინციპია ისევ 1-2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და განსაკუთრებით - სალაროსთან რიგში დგომის დროს.

როგორც იტალიაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, იქ ამ საკითხს მაღაზიათა მეპატრონეები აწესრიგებენ. კერძოდ, მყიდველებს მცირე ნაკადებად უშვებენ და შედეგად - სალაროსთან დისტანციის დაცვაც იოლდება.

საჭიროა ფრთხილად ვიყოთ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების დროს და ასევე, პლასტიკური ბარათით გადახდისასაც - უმჯობესია თავად მივადოთ ბარათი ტერმინალის ეკრანს და არ შევეხოთ მას.

ტერმინალთან შეხება ხშირად მაინც გარდაუვალია კოდის შეყვანისას - მაგრამ აქ ისევ ხელების დაბანა-გასუფთავების მექანიზმი დაგვიცავს.

რესტორანში, კაფეში, ბარში, ღამის კლუბში, კინო-თეატრში

ამ ტიპის ადგილებში 1-2-მეტრიანი დისტანციის დაცვა შედარებით ძნელია და შესაბამისად, მაღალია ვირუსის გავრცელების რისკიც.

მეტი უსაფრთხოების მიზნით, წესით, მაგიდები და სკამები ერთმანეთისგან 1-2-მეტრიანი დისტანციით უნდა იყოს დაშორებული. საჭიროა ასევე შესაბამისი დისტანციის დაცვა ერთ მაგიდასთან მსხდომებს შორისაც.

თუ დისტანციას ვერ ვიცავთ და გავრცელების საფრთხე არსებობს, ალტერნატივას ბევრ ქვეყანაში ასეთი დაწესებულებების დახურვა წარმოადგენს. პროცესი უკვე დაწყებულია საქართველოშიც.

იტალიაში (სადაც ვირუსი სწრაფად გავრცელდა) დაუშვეს დიდი შეცდომა - სკოლებიდან, უმაღლესი სასწავლებლებიდან თუ სამსახურებიდან დროებით დათხოვილი ადამიანები სულ უფრო ხშირად იკრიბებოდნენ საკვებ თუ გასართობ ადგილებში.

რიგებში ექიმთან

ამ სიტუაციაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო - რადგან ექიმთან ადამიანები ძირითადად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიდიან.

ექიმის ლოდინში საჭიროა, რომ დაცული იყოს 1-2 მეტრიანი დისტანცია რიგში მდგომ ადამიანებს შორის. განსაკუთრებით საყურადღებოა ე.წ. „ცოცხალი რიგები“, რომლებიც ლოდინის ხანგრძლივობით გამოირჩევა.

ევროპასა და ამერიკაში პაციენტთა ორგანიზებულად მართვის მიზნით სხვადასხვა სახის ზომებია დაწესებული. იტალიის მოქალაქეებს მთავრობა აფრთხილებს, რომ - წინასწარი ჩაწერის გარეშე თვითნებურად არ მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებებში.

ბოლო დღეებში უსაფრთხოების ახალ ზომებთან დაკავშირებული შეტყობინება გარკვეული კლინიკებიდან საქართველოს მოქალაქეებმაც მიიღეს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში

1-2 მეტრიანი დისტანციის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ამიტომ - უნდა ვიხელმძღვანელოთ ზოგადი წესებით:

ხელით შევეხოთ რაც შეიძლება ნაკლებ საგანს და ვიდრე არ დავიბანთ, ხელი არ გავაკაროთ თვალს, პირსა და ცხვირს.

ერთჯერადი რეზინის ხელთათმანებით უფრო დაცული იქნებით, მაგრამ ხელთათმანის გახდის შემდეგ აუცილებელია ხელის დაბანა საპნით (მინიმუმ 20 წამის განმავლობაში). ხელების დაბანის ალტერნატივას სპირტით (70%-მდე) ან ანტიბაქტერიული საშუალებებით დამუშავება წარმოადგენს.

თუკი ვინმემ დააცემინა, საშიში არ არის - ცემინება კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომად არ ითვლება. ამ ახალ ვირუსს ძირითადად მშრალი ხველა ახასიათებს.

თუკი თავად ვერ მოიფიქრა, აუცილებლად უნდა მივუთითოთ ნებისმიერ თანამგზავრს, რომ ხველისას პირზე მიიფაროს მოხრილი ხელი (იდაყვის მიმდებარე ადგილი).

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG