Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი: ირანსა და საქართველოს შორის ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა


კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით:

  • ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.
  • ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და აღნიშნული მიმართულებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მეზობელ ქვეყნებთან.

„საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგება, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც“, - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანთან დაკავშირებულ შეზღუდვებს საქართველოს მთავრობა იმით ხსნის, რომ „ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში“.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ამ ჯგუფის ანალიზისა და გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება.

საქართველოს მთავრობამ გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში (+989122997726 ცხელი ხაზის ნომერი).

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში, ირანის ხელისუფლების თანახმად, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით, რითაც 8-მდე გაიზარდა ქვეყნის მასშტაბით ამ ტიპის დაავადების მსხვერპლთა რიცხვი.

სახელმწიფო ტელევიზიით საუბრის დროს, ირანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქიანუშ ჯაჰანპურმა, განაცხადა, რომ დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირების ახალი 18 შემთხვევა. აქედან ორი დაფიქსირდა თეირანში, დანარჩენი კი დედაქალქიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ყუმში.

ჯამში 43 კაცი გადის მკურნალობას.

ჩინეთის შემდეგ ირანი მეორე ადგილზე დგას COVID-19-ის ვირუსის გავრცელების დინამიკით და ფატალური შედეგით.

ახალი COVID-19 ტიპის ვირუსი ირანში, პირველად გამოჩნდა 19 თებერვალს. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი სავარაუდოდ ჩინელმა მუშებმა გაავრცელეს, რომლებიც ყუმში მუშაობენ და ჩინეთში დადიოდნენ.

XS
SM
MD
LG