ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „კონფლიქტი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დრამატურგის, სოფოკლეს, „ანტიგონეს“ მთავარ კონფლიქტზე თებეს მეფე კრეონსა და მის დისშვილსა და სარძლოს, ანტიგონეს შორის. ძვ.წ. 441 წ. დაწერილმა ამ ტრაგედიამ სოფოკლეს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა. რამ განაპირობა ეს წარუშლელი წარმატება? უპირველეს ყოვლისა, ამ წარმატების ფუნდამენტი არის ამ ტრაგედიის კონფლიქტი. რა კონფლიქტია ეს? ესაა შეჯახება სახელმწიფოსა და ოჯახს შორის, საზოგადოსა და კერძოს შორის, საბოლოო ჯამში, ღმერთებსა და ადამიანს შორის, ამავე დროს, ესაა კონფლიქტი რწმენასა და ურწმუნოებას შორის. ადამიანის მიერ გამოცემული ბრძანება, კანონი, ანტიგონეს აზრით, ღვთაებრივ ლეგიტიმაციას მოკლებულია. ოიდიპოსის პატარა ქალიშვილს უზარმაზარი შინაგანი ძალა აღმოაჩნდება და იგი, საბოლოოდ დამარცხებული, გამანადგურებელ გამარჯვებას მოიპოვებს კრეონზე. ამ კონფლიქტში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა: უსუსური, პატარა არსება უპირისპირდება ძლევამოსილ, დიდებულ მეფეს, ჭეშმარიტება უპირისპირდება სიყალბეს...
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: