ლიტერატურის მუზეუმში ინახება ერთი უნიკალური წიგნი - გალაკტიონის "ასი ლექსი", რომელიც იმით არის განსაკუთრებული, რომ მას ყველა გვერდზე ახლავს კოლაუ ნადირაძის მიერ წითელი ფანქრით მიწერილი კომენტარები.
კოლაუ ნადირაძე გალაკტიონს ხან მწვავედ აკრიტიკებს, ხან აქებს, ხან აღფრთოვანებულია მისით, ხან კი, აღშფოთებული, ყველა ფრაზას უწუნებს.
ეს წიგნი მუზეუმს თავად პოეტის ოჯახმა გადასცა. მოგვიანებით კი ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ სწორედ ასეთი სახით ხელახლა გამოსცა და ახლა ის ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. ლაშა მოგვითხრობს:
„გალაკტიონის ასი ლექსი, რომელსაც კოლაუ ნადირაძის კომენტარები ახლავს, პოეტის გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა. საინტერესოა, გალაკტიონის სიკვდილის შემდეგაც რამდენს ფიქრობს კოლაუ ნადირაძე სხვა მწერალზე, რომელიც, როგორც ჩანს, მიუხედავად კრიტიკისა, მისთვის მნიშვნელოვანია და მისსავე მინაწერებში ჩანს ეს აღფრთოვანება. ასეთი წიგნები - კომენტარებდართული გამოცემები გერმანიაში ბევრი მინახავს და ამიტომაც ვიფიქრე, რომ აქაც, ფართო საზოგადოებისათვის საინტერესო იქნებოდა ენახა, ერთი არც თუ ცუდი მწერალი რას და როგორ ფიქრობს ავტორზე, რომელიც, ჩემი აზრით, მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი პოეტი იყო“.
წითელი ფანქარი კოლაუ ნადირაძემ ავტორის სახელთანვე გამოიყენა. გალაკტიონი - აწერია წიგნს. ტაბიძე - მიუწერია წითლად კოლაუ ნადირაძეს.
გალაკტიონის "ასი ლექსი" გამომცემლობა „ნაკადულმა“ 1961 წელს დაბეჭდა.
"დაე, დიდი პოეტის ეს ლექსი ფეხბედნიერი იყოს ქუთაისელი მესტამბეებისთვისო",- შესავალში წერს გამომცემლობა. არ დააყოვნა არც კოლაუ ნადირაძის კომენტარმა: „სად არის ეს „დიდი“ პოეტი“. და შემდეგ:
მომდევნო გვერდზე დაბეჭდილია გალაკტიონის ორი პორტრეტი - ერთი უჩა ჯაფარიძის ცნობილი ნახატი, მეორე - გალაკტიონის ფოტო.
კოლაუ ნადირაძეს აქაც რეპლიკა აქვს:
კოლაუ ნადირაძეს არც "ასი ლექსის" პროლოგი მოსწონს.
რა არის ეს, ნუ თუ პოეზია? წერს და ლექსში რამდენიმე ადგილას აქვს ფრაზებს წითელი ფანქარი გასმული.
თავად კრებული გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარით“ იხსნება.
და სწორედ იქ, სადაც იწყება ფრაზა:
„მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს
თუ როგორ ვგრძნობ რომ სულისთვის ამ ზღვამ რომ აღზარდა“...
უცებ ჩნდება კოლაუ ნადირაძის მინაწერი:
ეს რა არის? ვინ? აქ საიდან გაჩნდა ზღვა?
თან წერს, ამ უხეში შეცდომებს გარდა შესანიშნავიაო, მაგრამ საბოლოო დასკვნა მაინც ასეთია:
„მაგრამ შინაგანად ძალიან მსუბუქი, მჩატე ლექსია - აღწერითი, დიდი არაფრის მთქმელი, თავის განდიდების გარდა!
არ ვარგა! - წერს კოლაუ ნადირაძე გალაკტიონის კიდევ ერთ ლექსზე - ცხოვრება ჩემი:
მაგრამ ის, რაც ნადირაძემ „ლურჯა ცხენებს“ უქნა - ეს ცალკე მოსაყოლი ამბავია. აი, რამდენიმე კომენტარი:
რა არ გენანება გრაფომანო? კვდრები არ ტირიან!
აბდაუბდა!
უსულდგმულო დღეები - ამაზე მეტი სისულელე ჯერ კაცს არ წამოსდენია!
Глупость.
რა არის ეს ჩონჩხიანი ტყეები?
გრგვინვა გრიალს ეპითეტი "ჩქარი" არ სჭირდება. ბუშტები უფრო შეეფერება!
ბოლოს კი ასკვნის:
„ვიმეორებ: გ. ტაბიძეს უთუოდ სურდა ბარათაშვილის „მერანის“ დაჩრდილვა, მაგრამ გარითმული აბდაუბდა პოეზიად არასოდეს გასაღდება!
„პოეზია უპირველეს ყოვლისა“ - ვერლენის გადამღერებააო, აწერს თავზე.
მაგრამ პირველი სტროფი მოსწონს - კარგია! უწერს გალაკტიონს კოლაუ ნადირაძე.
უვარგისი სათაური! - დააწერა კოლაუ ნადირაძემ „მშობლიურ ეფემერას“.
მაგრამ შემდეგ პირველი სამი სტროფი ძალიან მოსწონს - უბწყვინვალესია! წერს და სამივე სტროფი შემოხაზული აქვს.
მაგრამ ბოლოში ისევ ბრაზდება. ბოდვა! ბოდვა! უწერს:
ახლა ვნახოთ როგორ აფასებს ლექს „მამულს“ ნადირაძე.
აქ ძალიან უკმაყოფილო ჩანს: საოცარი გაუგებრობაა, ვისზე? ყლორტი და ნერგი ოცნებას მასზე როგორ დაემგვანება?
ლექსზე „სროლის ხმა მთაში“ - ნადირაძე გალაკტიონს უწერს:
სიტყვა სიტყვით მოპარულია (რილკე).
არ ვარგა, არა!
კოლაუ ნადირაძე ძალიან გაბრაზებული ჩანს „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაშის“ კითხვისას:
წარმოუდგენელია და ცრუპოეტური თქმა: „დაჭრილი ოცების ბაღით“.
„ბაღით დაჭრა“ წარმოუდგენელია!
შენიშვნები არ დაუკლია არც ლექსისთვის „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“ - რუსულად: Тарабарщина, бред полуумного графомана!
და ქართულადაც: და ამ ლექსს ვიღაც ვიგინდარა კრეტინი „როლანდი“ ბურჭულაძე ადარებს ვაგნერის ლოენგრინს!
აბსურდი! - ლექსი „ქალავ“ მთლიანად გახაზულია.
„კარალეთის დღეები“ კი მოსწონებია - კარგია! უწერს ძახილის ნიშნით.
ვერ გადაურჩა ვერც ლექსი „13 წლის ხარ“ - "რატომ არა თუთხმეტი?"
დიდად არც „თოვლით“ აღფრთოვანებულა.
სად არის ეს „უდაბნო“ და რა შუაშია საერთოდ ეს უდაბნოები!
„უთოუდ კარგი ლექსია, მაგრამ დეფეკტებით“ - ასეთია „მე და ღამის“ მინაწერი. თუმცა დასაწყისშივე უწერს, გრიშაშვილის გავლენა აქვსო:
კომენტარებით არის აჭრელებული გალაკტიონის „მერიც“
რა არის ეს ლოცვა განუკურნელი? განა ასეთ უმსგავსობას „დიდი პოეტი იტყვის?
რა არის სანდომიანი ცა??
არ მოსწონებია არც „უსიყვარულოდ“
ლექსი არ ვარგა! პროვინციალურ ფილოსოფოსობის უაზრო დასკვნა - წერა კოლაუ ნადირაძე.
ხოლო როცა ლექსი განსაკუთრებით არ მოსწონს ხოლმე, ისე, როგორც მაგალითად „რომელი საათია“ მხოლოდ ასეთი შეფასებებით შემოიფარგლება:
და თუ მაინც რამე მოეწონება, ვარგა, კარგია - დაუწერს.
თუ არადა: ვერავინ გაიგებს რაშია საქმე - დაასკვნის.
მოსწონებია ‘ნიკორწმინდა“ რომელზეც მიუწერია: გ, ტაბიძის საუკეთესო ლექსიო.