21 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი კი - კვლავ შალვა პაპუაშვილი.
მდინარაძის თქმით, კობახიძის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
„მოგეხსენებათ, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი. არ იქნება სიურპრიზი, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა ირაკლი კობახიძე. ის მხარდაჭერილი იქნა სრული შემადგენლობის მიერ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმითვე, ახალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქცია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარადგენს შალვა პაპუაშვილს - პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს.
გარდა ამისა, მდინარაძემ თქვა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს „სხვადასხვა საკითხი წლის ბოლომდე“, მათ შორის:
- სახელმწიფო ბიუჯეტი;
- მთავრობის განმტკიცება;
- პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხი.
"ახალი პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ უნდა დაინიშნოს პრეზიდენტის არჩევნები. მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა პირველი სხდომა დაინიშნება“, - განაცხადა მდინარაძემ.
სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს, უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება.
შემდეგ პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნების გზით აღარ აირჩევენ.
პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელსაც 300 ადამიანი აკომპლექტებს:
- საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი);
- აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი);
- აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი);
- 109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი პარლამენტი პირველად 25 ნოემბერს შეიკრიბება.
ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნები 16 ნოემბერს შეაჯამა. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54% მიიღო, რაც პარლამენტში 89 დეპუტატს ნიშნავს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, - რომელიც, ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, - საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა არჩევნების არაკონსტიტუციურობის საკითხზე.
იგი მიიჩნევს, რომ არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპები დაირღვა და ამიტომ შედეგები უნდა გაბათილდეს.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.
ფორუმი