კინოაკადემიის წევრებს დღეს, 2 აგვისტოს უნდა დაეფიქსირებინათ უეჭერდნენ თუ არა მხარს აკადემიის მოქმედ პრეზიდენტს ზაზა ურუშაძეს. ეს ყრილობის პირველი საკითხი უნდა ყოფილიყო.
“ყრილობაზე დღის წესრიგის პირველ საკითხად განხილული იქნება ჩემთვის, როგორც კინოაკადემიის მოქმედი პრეზიდენტისთვის მხარდაჭერის საკითხი და იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა უმრავლესობამ კვლავ გამოხატა ჩემს მიმართ ნდობა, დღის წესრიგში მითითებული სხვა საკითხები თავისთავად იხსნება და განხილვას აღარ ექვემდებარება,” - წერდა ზაზა ურუშაძე თავის მიმართვაში 30 ივლისს, როდესაც კინოაკადემიის რიგგარეშე ყრილობა მოიწვია.
თუმცა, დღევანდელი რიგგარეშე ყრილობა კვორუმის არარსებობის გამო გახსნილადაც კი ვერ გამოცხადდა. მოწვეულმა ნოტარიუსმა არალეგიტიმურად ცნო კინოაკადემიის იმ წევრების მინდობილობები, რომლებიც ყრილობას არ ესწრებოდნენ. მისი შეფასებით დოკუმენტები შესაბამისი წესით არ იყო დამოწმებული. სწორედ ეს გახდა მიზეზი კვორუმის არარსებობისა და შესაბამისად ყრილობის ჩაშლილად გამოცხადებისა.
ამ გადაწყვეტილებას აკადემიის წევრების ნაწილის უკმაყოფილება მოყვა. მსახიობი და რეჟისორი, ყოფილი პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი და რეჟისორი ბუბა ხოტივარი ნოტარიუსის არგუმენტების უგულებელყოფას და ყრილობის გახსნილად გამოცხადებას მოითხოვდნენ.
აკადემიის ეს ორი წევრი საკუთარ თავს მოქმედი პრეზიდენტის, ზაზა ურუშაძის პოტენციურ კონკურენტად განიხილავდა აკადემიის პრეზიდენტის პოსტზე. მიუხედავად უკმაყოფილებისა და დავისა, აკადემიის მოქმედმა პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ ყრილობის გახსნა არალეგიტიმურად მიიჩნია.
საქართველოს კინოაკადემიის ოფიციალური განცხადებით 6 აგვისტოს გაიმართება კინოაკადემიის გამგეობის სხდომა,სადაც გადაწყდება მორიგი რიგგარეშე ყრილობის ჩატარების თარიღი.