Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კიევში დაიბადა, მაგრამ აქეთა სახლშიც ჩამოდიოდა" - რა ვიცით უკრაინაში დაღუპულ კონსტანტინე ქურსუაზე


კონსტანტინე ქურსუა
კონსტანტინე ქურსუა

"სულით და გულით ქართველი იყო, იბრძოდა და დაიღუპა უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის", - ეუბნება რადიო თავისუფლებას უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის კონსტანტინე ქურსუას ნათესავი ლია ქვაჩახია.

კონსტანტინე გუშინ, 23 ნოემბერს დონეცკთან ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა. სულ ეს არის, რაც მისმა თბილისში მცხოვრებმა ნათესავებმა იციან.

43 წლის კონსტანტინე უკრაინაში 2014 წელსაც იბრძოდა, თუმცა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ის პირველივე დღეებიდან ძმასთან ერთად წინა ხაზზე იყო.

"მეორე [ძმა] ახლახან გამოუშვეს [ფრონტიდან], ბავშვს ელოდება დღე-დღეზე. კონსტანტინე კი არც დასვენების დღეს [იგულისხმება როტაცია - რ.თ.] მიდიოდა სახლში, პირველი დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა", - ჰყვება მისი ბიძა, გია ქურსუა.

კონსტანტინეს მშობლები აფხაზეთიდან, გალიდან არიან, თუმცა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომამდე უკრაინაში გადავიდნენ საცხოვრებლად. კონსტანტინე კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარიში ცხოვრობდა.

"კიევში დაიბადა, მაგრამ დადიოდა აქეთა სახლშიც, გალში. ბავშვობაში ყოველ არდადეგებზე ზაფხულში გალში იყო. ცოლ-შვილი არ ჰყავდა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას მისი ბიძა.

კონსტანტინეს ოჯახის წევრები - ძმა პაატა, უკრაინელი დედა და ბებია კიევში ცხოვრობენ.

წარმოშობით ქართველი მებრძოლის დაღუპვას გამოეხმაურა უკრაინის საელჩო საქართველოში.

"კონსტანტინე ქურსუა უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვისთვის დაიღუპა. მარადიული ხსოვნა გმირს…", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს ათეულობით უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული მოხალისე იბრძვის.

პირველად ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა.

კონსტანტინე ქურსუა 27-ე ქართველია, ვინც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიღუპა. მისი გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი ხვალ, 25 ნოემბერს კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარიში, უკრაინის გმირების ქუჩაზე არსებულ ღვთისმშობლის ტაძარში გაიმართება. კონსტანტინე ქურსუას კიევში სამხედრო პატივით უკრაინის თავისუფლებისთვისთვის დაღუპულ გმირთა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG