Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლევის შედეგები: საქართველოს თავიანთ სამშობლოდ ყველაზე მეტად ოსები და ქისტები მიიჩნევენ


პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა

ეთნიკური უმცირესობებიდან საქართველოს საკუთარ სამშობლოდ ყველაზე მეტად ოსები და ქისტები მიიჩნევენ, ქართულიც ყველაზე უკეთ მათ იციან - სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა კვლევა ჩაატარა.

გამოიკვეთა, რომ სიღარიბე ეროვნული უმცირესობებისთვის უფრო მძიმე პრობლემაა, ვიდრე, ზოგადად, მოსახლეობისთვის. ასევე პრობლემად რჩება ქართული ენის უცოდინრობა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა.

იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილი

„ტექსტის გაგებაა ყველაზე სუსტი რგოლი, ყველაზე დიდი პრობლემა ენის მხრივ არის აზერბაიჯანელებში. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედი მიიჩნევს თავს პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქედ. პოლიტიკური პარტიები გაუცხოებულები არიან ეთნიკური უმცირესობების მიმართ, ხოლო თვითმმართველობებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ღრმა ნაპრალია“, - ამბობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც კვლევა წარადგინა.

ვინ იცის ქართული

  • გამოკითხულთა 65.9 პროცენტს მიღებული აქვს სრული, საშუალო ან უფრო დაბალი განათლება. საშუალოზე მაღალი განათლება მიღებული აქვს მხოლოდ 22.9 პროცენტს, ქალებში ეს რიცხვი კიდევ უფრო დაბალია.
  • ენის ცოდნის ინდექსი ყველზე მაღალია ქისტებში, 25-შკალიანი საზომით, ქისტებმა 22.1 ქულა დააგროვეს, მათ მოსდევთ ოსები - 21.7.
  • აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 88 პრროცენტი საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს. აქაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ოსებსა (99 პროცენტი) და ქისტებთან (92 პროცენტი

​ამავე კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ეთნიკურ ჯგუფებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაახლოებით ისეთივე უნდობლობაა, როგორიც - რუსეთის ხელისუფლებისა. ამასთან, გამოკითხულთა 13 პროცენტი ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებებიდან იღებს.

მეტი სიღარიბე

ეთნიკურ ჯგუფებში 28 პროცენტის შემოსავალი 200 ლარამდეა, რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მაჩვენებელი.

  • 1001 ლარზე მაღალი ხელფასი აქვს მხოლოდ 6. 4 პროცენტს.
  • დასაქმებულია 46.3 პროცენტი და ამ რიცხვში შედის თვითდასაქმებულიც და არაფორმალურად დასაქმებულიც.

კვლევა „ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა“ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ღია საზოგადების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG