რუსეთის 1008 მოქალაქე ორგანიზაციამ აპრილ-მაისში გამოჰკითხა. საქართველოში ყველანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. ნახევარზე მეტი - მოსკოვიდან (36%) და სანქტ-პეტერბურგიდან (23%).
მათი თითქმის ორი მესამედი კაცია, საშუალო ასაკი 33 წელია, უმრავლესობა (40%) დასაქმებულია IT სფეროში.
რატომ დატოვეს რუსეთი? “პოლიტიკური სიტუაციის” (87%) , “უკრაინასთან ომის” (73%) და “სამხედრო მობილიზაციის” (29%) გამო.
სრული უმრავლესობა (93%) არ აპირებს უკან დაბრუნებას. 49% საქართველოში გაჩერებას ერთ წელიწადზე მეტხანს გეგმავს.
მკაფიო პოლიტიკური პოზიცია
სამიდან ორს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ რუსეთთან, ნახევარი არ ენდობა იქ დარჩენილ თანამოქალაქეებს. სამაგიეროდ, თითქმის ყველა (98%) დადებითადაა განწყობილი საქართველოს მიმართ. სამიდან ორი საქართველოს მოსახლეობას ენდობა.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კვლევის მთავარი ანტიგმირია. რესპონდენტების 94% მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისას - 56%. სამაგიეროდ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოკითხულთა 74%-ის მოწონება დაიმსახურა. საქართველოს მთავრობას 39% ენდობა, 55% კი - არა.
მასპინძელი ქვეყნის შემდეგ, ყველაზე მეტი დადებითი შეფასება უკრაინამ მიიღო - 93%. პუტინის მიერ მთავარ გეოპოლიტიკურ მეტოქედ შერაცხულმა აშშ-მა - 84%. ევროკავშირს დადებითად აფასებს რესპონდენტების 92%, ნატოს - 77%.
75% ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დემოკრატია იყოს და მისი დათმობა არ შეიძლება, თუნდაც წესრიგისა და სტაბილურობის სანაცვლოდ. რუსეთი "საერთოდ არ არის დემოკრატიული", - ამბობს გამოკითხულთა 94%. აი, საქართველო კი დემოკრატიულია, მაგრამ 34%-ისთვის "პატარა პრობლემებით", 56%-ისთვის კი - "დიდით".
კვლევის ავტორი, გივი სილაგაძე ჰყვება, რომ მიგრანტები გამოჰკითხეს პირისპირ, ან ონლაინ. სამიზნე ჯგუფზე რომ გასულიყვნენ, ჰქონდათ ე.წ. ფილტრი კითხვები. მაგალითად, მოქალაქეობა, ასაკი და საქართველოში ჩამოსვლის თარიღი.
შედეგები აჩვენებს, რომ რესპონდენტებს აქვთ მკაფიო პოლიტიკური პოზიცია, - ამბობს მკვლევარი, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ კვლევა არარეპრეზენტატიულია. ანუ მას ვერ განვაზოგადებთ ქვეყანაში ჩამოსულ დანარჩენ რუს მიგრანტებზე.
ნაკლოვანებები
CRRC ასევე ხშირად ატარებს გამოკითხვებს ამერიკული ორგანიზაცია NDI-ისთვის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი). ამ დროს რესპონდენტებს “შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით ვარჩევთ”. ასეთი გამოკითხვები “რეპრეზენტატიულია” და, მცირე ცდომილებით, მთელი მოსახლეობის განწყობებს ასახავს.
გიგა სილაგაძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სრულყოფილი კვლევის ჩატარება შეუძლებელია, რადგან უბრალოდ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია. მაგალითად, შსს დღემდე არ აზუსტებს, რუსეთის რამდენი მოქალაქე ჩამოვიდა და დარჩა ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ. ბოლო მონაცემები - 112 ათასი ადამიანი - ოქტომბრით თარიღდება.
კიდევ ერთი საფრთხე - ხანდახან რესპონდენტები ცდილობენ, “სოციალურად სასურველები” გამოჩნდნენ. ანუ უპასუხონ ის, რისი გაგონებაც, მათი აზრით, უმრავლესობას უნდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე რომ ყოფილიყო, “რატომ არის განსხვავება ღარიბაშვილის და ზურაბიშვილის, ანდაც ნატოსა და ევროკავშირის შეფასებებში?”
კი, კვლევას აქვს შეზღუდვები, - აღიარებს გიგა სილაგაძე. თუმცა ამბობს, რომ ამ ჯერზე მთავარი ამოცანა საინფორმაციო ვაკუუმის ამოვსება იყო. “ბევრი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში, ეს ბევრისთვის არის პრობლემა და არ ვიცით ვინ არიან”.
სხვა კვლევა
ეს არ არის პირველი კვლევა სამხრეთ კავკასიაში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების განწყობებზე. 2022 წელს, ჯერ მარტ-მაისში, შემდეგ კი სექტემბერ-ოქტომბერში (რუსეთში ე.წ. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ), ოთხმა რუსმა მკვლევარმა სომხეთსა და საქართველოში ჩამოსული 1515 ადამიანი გამოჰკითხა.
მათაც CRRC-ს მსგავსი სურათი მიიღეს: საშუალოსტატისტიკური რუსი მიგრანტი 30-ს გადაცილებული პროგრამისტი მამაკაცია. მას უმაღლესი განათლება აქვს და კავკასიაში გადმობარგებამდე, დიდ ქალაქში ცხოვრობდა. მთავარი განსხვავება სომხეთსა და საქართველოში ჩამოსულებს შორის ის იყო, რომ სომხეთში ადგილობრივები გაცილებით უფრო მეგობრულებად მიაჩნდათ.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი ასიათასობით რუსეთის მოქალაქემ დატოვა. ზუსტად რამდენმა, უცნობია. მონაცემები ერთიდან რამდენიმე მილიონამდე მერყეობს.