ევროპის მოედანზე ათობით ათასი დემონსტრანტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებმა კვირა საღამოს, 12 მაისს, მორიგი, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაცია და ღამისთევა დააანონსეს.
ორშაბათს, 13 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი. კომიტეტის სხდომა დილის ცხრა საათზეა დანიშნული.
„ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას. ამდენი და კიდევ მეტი უნდა ვიყოთ ხვალ. დავენახოთ მსოფლიოს!“ - მიმართა აქციას ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა 11 მაისს თბილისში, რიყეზე, ევროპის მოედანზე.
გია ჯაფარიძემ, - აქციების ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, - ასევე განაცხადა:
„ხვალ უკლებლივ ყველა, ვინც დღეს აქ ვართ, ვკიდებთ ხელს მინიმუმ ერთ ადამიანს და ვუთენებთ საქართველოს, ვუთენებთ თავისუფლებას, ჩვენს შვილებს, ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს მომავალს, ჩვენს თავისუფლებას“!
გია ჯაფარიძის თქმით, მოთხოვნებს უნდა დაემატოს დაკავებულების გათავისუფლებაც: „ჩვენ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა მათ: უნდა მოვთხოვოთ რუსეთის მარიონეტ ხელისუფლებას, გამოუშვას დაკავებული პოლიტიკური პატიმრები“, - განაცხადა მან.
კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, მწერალმა ლაშა ბუღაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, კვირას საღამოს ათი საათიდან დაიწყონ პარლამენტთან შეკრება, - „ეროვნულ და წმინდა, ანტირუსულ ადგილზე, პარლამენტის წინ“.
„უნდა ჩავხედოთ ამ 83 დეპუტატს თვალებში! არ უნდა მიიღონ რუსული კანონი! ამიტომ ბევრი უნდა ვიყოთ“, - განაცხადა მან.
შაბათს, 11 მაისს, საღამოს ცხრა საათისთვის ათობით ათასი შეიკრიბა თბილისში, რიყეზე, ევროპის მოედანზე, „ქართული ოცნების“ ხელახლა ინიციირებული „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
დემონსტრანტებმა სამი ადგილიდან - რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და 300 არაგველის მეტროდან - დაიწყეს მსვლელობა დევიზით „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“
2024 წლის 3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
ამ ერთი თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან.
გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში, ღამის საათებში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება წარწერები და პოსტერები.
სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში განხორციელებული სატელეფონო და მასთან ერთად, რეალურ სივრცეში განხორციელებული ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
ფორუმი