დღეს დილით პარკში მისულ ლაგოდეხელებს, საბავშვო კომპლექსის ფასადზე ახალი სტიკერები დახვდათ. ვიღაცამ რუსულ ანბანს ქართული და ლათინური ასოები გადააკრა. ბავშვები ყვებიან, რომ სტიკერები წუხელ გააკრეს, თუმცა ვინ იყვნენ ამ საქმის ინიციატორები და შემსრულებლები არ იციან.
ლაგოდეხის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს მათი ინიციატივა არ არის და სიახლის შესახებ ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა ჩვენგან გაიგო. პრეს-სამსახურში არც ის იციან ვინ მიაკრა სტიკერები სათამაშო მოედნის ფრაგმენტს.
რუსული ანბანით გაფორმებული საბავშვო მოედანი საჯარო განხილვის საგანი რამდენიმე დღის წინ გახდა. მოქალაქეების ნაწილმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ მერიის მიერ 87 ათას ლარად ნაყიდ ატრაქციონზე რუსული ანბანი იყო გამოსახული და ეს ფაქტი პროპაგანდად შეაფასა. მათ მედიაში საჯარო დისკუსია წამოიწყეს და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს ატრაქციონი გადაეღება, რუსულის ნაცვლად კი ქართული ანბანის პოპულარიზაცია დაეწყო.
ლაგოდეხის მერიამ საბავშვო მოედნისთვის ეს კომპლექსი 2019 წელს შეიძინა, იგი რუსეთში ჩუვაშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშია დამზადებული.
ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ატრაქციონზე რუსული ანბანის განთავსება მას ისეთი მნიშვნელობის პრობლემად არ მიაჩნდა, როგორადაც საზოგადოების ნაწილი აღიქვამს.