1 ივლისს საქართველოს პარლამენტში კენჭი უყარეს დადგენილებას „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“. დადგენილება ჩავარდა: მას მხარი დაუჭირა 19-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 7 და ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 91-მა დეპუტატმა.
დადგენილების პროექტის ინიციატორები იყვნენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და ნატო ჩხეიძე. დოკუმენტის ავტორები კი „დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფი“.
დოკუმენტში აღწერილია სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები 2004 წლიდან დღემდე. მის დადგენილებით ნაწილში წერია, რომ აღიარებული უნდა იყოს „სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემა კლანური მმართველობის სახით“, რომ უნდა შექმნილიყო სასამართლოსისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობაში უნდა შესულიყვნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მას უნდა შეესწავლა სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით, კლანური მმართველობის კუთხით და წარმოედგინა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გეგმა, ასევე საკანონმდებლო წინადადებები კლანური მმართველობის და მისი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ორი განცხადებით გამოეხმაურა დადგენილებაზე კენჭისყრის შედეგებს. პირველში გამოხატა შეშფოთება დოკუმენტის ჩავარდნის გამო და მეორეთი შეკითხვებით მიმართა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" იმ დეპუტატებს, ვინც მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს.
დადგენილების პროექტის თანაავტორი, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ პროექტის კოორდინატორი, კახა წიქარიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„არასამთავრობო სექტორის მოვალეობა არის სწორედ, რომ „იყივლოს“ მიუხედავად იმისა, როდის შეიძლება გათენდეს. შეიძლება, გათენდეს ხვალ, ზეგ ან საერთოდ არ გათენდეს. ამის მიუხედავად, ჩვენი ვალდებულებაა ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი.
სასამართლო სისტემაზე საუბარი შავ და თეთრ ფერებში ცოტა რთულია, მაგრამ რადიკალიზებას ვახდენთ და ვამბობთ, რომ „კლანი არის შავი!“.
მტკიცებულება კლანის არსებობის შესახებ ძალიან ბევრია და შემიძლია მარტივად ვთქვა ვინ არის ჯგუფი, რომელიც მართავდა სასამართლო სისტემას 2007 წლიდან. ეს არის ჩინჩალაძის ჯგუფი, რომელიც ფლობს მმართველობით ბერკეტებს სასამართლო სისტემაში. ეს არის ყოფილი პროკურორების ჯგუფი, რომელიც მთლიანად დაეპატრონა სასამართლო სისტემას, აითვისა ყველა სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა. შემდეგ აითვისეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ისიც ძირითადად პროკურატურამ დააკომპლექტა. შემდეგ ხელში ჰყავდათ უზენაესი სასამართლო. კერძოდ, ჩინჩალაძე იყო კუბლაშვილის მოადგილე და ის აკონტროლებდა ადმინისტრაციულ პალატას. ვასილ როინიშვილი იყო სამოქალაქო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც აკონტროლებდა სამოქალაქო პალატას და სისხლის პალატაზე კონტროლი ჰქონდა თავისი მოსამართლეების და პალატის მეშვეობით.
რეალურად ეს ჯგუფი მთლიანად აკონტროლებდა მართლმსაჯულებას წინა ხელისუფლების დროს და იგივე სახელები და გვარებია, რომლებიც აკონტროლებენ სასამართლოს დღესაც. ნახეთ ვინ არიან თავმჯდომარეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები“.
კახა წიქარიშვილის თქმით, სასამართლო კლანის მოქმედება შეიცვალა - თუკი უწინ ურჩების დასჯას ეფუძნებოდა, დღეს მორჩილების დასაჩუქრების მეთოდს იყენებს:
„წინა ხელისუფლების დროს კლანის საქმიანობა ძირითადად ეყრდნობოდა მათრახის პოლიტიკას. ურჩ მოსამართლეებს აგდებდა სასამართლო სისტემიდან, სჯიდა დისციპლინური წესით, სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა, აშანტაჟებდა მათ. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, კლანის პოლიტიკა უფრო „სტაფილოზე“ ორიენტირებული გახდა. ანუ კლანი შეპირდა მოსამართლეს უვადოდ გადანიშვნას, თუ ის ხმას მიცემდა კლანის წევრების იუსტიციის საბჭოში დანიშვნას. ასევე, პოლიტიკურ ხელისუფლებასთან დაამყარა კავშირი ამ კლანმა და უთხრა - თუ მხარს დაგვიჭერთ, ნებისმიერ საქმეზე მიიღებთ შედეგს, რაც თქვენ გინდათ“.
„დილის საუბრების“ სტუმრის შეფასებით, „ქართული ოცნება“ თავდაპირველად მოწადინებული იყო კლანი დაესრულებინა და ეს მის გადაწყვეტილებებშიც ჩანდა:
„კრიტიკული მომენტი იყო 2015 წლის ივნის-ივლისში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნახევარ-ნახევარზე იყო გადანაწილებული ძალები. არც კლანს ჰქონდა უმრავლესობა და არც ხელისუფლებას. 2015 წლის ივნისში რაღაც მოხდა და ხელისუფლების სამივე შტოში წავიდა სიგნალი - „უნდა ვითანამშრომლოთ კლანთან“. წულუკიანთან მივიდა სიგნალი და მან უარი თქვა სასამართლოების თავმჯდომარეების ვადამდე გათავისუფლებაზე. სიგნალი მივიდა იუსტიციის საბჭოში - გოცირიძემ, სოფრომაძემ, თორდიამ შეიცვალეს პოზიცია.
გვენეტაძესთან მივიდა იგივე სიგნალი და მანაც თქვა - მეც აღარ ვუჭერ მხარს თავმჯდომარეების გათავისუფლებასო.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს სიგნალი დაიწყო „კაბელების საქმიდან“.
„კაბელების საქმე“ იყიდა ხელისუფლებამ კლანთან გარიგებით. ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ეს გარიგება.
ხელისუფლებამ კაბელების და შეიძლება კიდევ რამდენიმე საქმეში გაყიდა ის ბრძოლა, რაც იყო კლანის წინააღმდეგ.
ხელისუფლებას არ ეყო იმის რწმენა, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღება შეიძლებოდა და გადავიდა მოკლე გზაზე - კონტრაქტზე კლანთან“.