Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პოლიტიკურმა პარტიებმა მთავრობას მისცეს კარტ-ბლანში. კრიტიკა არის, მაგრამ ისეთი დონის კრიტიკაც არ არის, როგორც ეს პანდემიის დაწყებამდე იყო"


კახა გოგოლაშვილი, "რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი
კახა გოგოლაშვილი, "რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

„რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ COVID-19-ის პანდემიამ ბევრ რამეზე დააფიქრა ადამიანები და არ შეიძლება ამან პერსპექტივაში შედეგი არ მოიტანოს. რადიო თავისუფლების ეთერში ის ლაპარაკობს ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის სოლიდარობისა და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისთვის მზადების მნიშვნელობაზე:

„ნამდვილად ძალიან ბევრ რამეზე დაფიქრდნენ ადამიანები მთლიანობაში. თითქოს, გაჩერდა, დაპაუზდა მსოფლიო და გადავიდა მედიტაციურ მდგომარეობაში, ანუ ფიქრისა და ანალიზის მდგომარეობაში. დაახლოებით ისეა, ადამიანი დეპრესიაში როცა ხვდება და იწყებს რეტროსპექტიულად ფიქრს იმაზე: ცხოვრებაში რა გაიარა, რა შეცდომები დაუშვა, რატომ მივიდა ამ მდგომარეობამდე. ახლა ასე ფიქრობს საზოგადოება მთლიანად და ამან არ შეიძლება, რომ რაღაც ახალი ხარისხი, ახალი იდეები არ მოგვიტანოს. საზოგადოებაც, იმედია, უფრო გამოიღვიძებს და სხვა რაღაცებს მოსთხოვს თავის მთავრობებს.

მე რაც შევამჩნიე ამ პანდემიის დროს, არის ის, რომ დემოკრატია ასეთ ვითარებაშიც თავისას შვება - მთავრობები ანგარიშს უწევენ, რას იტყვის ხალხი, როგორ რეაგირებას მოახდენს. ხშირად რაღაცნაირად დამაბრკოლებელიც არის ეს პროცესების მართვაში, მაგრამ საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივის კონტექსტში ეს თავისთავად დადებითი მოვლენაა. დემოკრატიის შესაძლებლობები ამ კრიზისის მდგომარეობაშიც გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისზე მყისიერი პასუხი დემოკრატიებს უჭირთ, როგორც ვხედავთ. სამაგიეროდ, გამოჩნდა, რომ ხალხს აქვს მართლა რაღაცის უფლება და აქვს გავლენა თავიანთ მთავრობებზე. აქედან თვითონ ხალხს უჩნდება მეტი პასუხისმგებლობა“.

პასუხისმგებლობის გამოვლენის მხრივ კახა გოგოლაშვილი საქართველოს მოსახლეობის ქცევას დიდწილად დადებითად აფასებს:

„საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა იჩენს ძალიან დიდ პასუხისმგებლობის გრძნობას და ვხედავთ კიდეც, რომ კომენდანტის საათია თუ დისტანცირების შესახებ რეგულაცია, ადამიანების უმრავლესობა მკაფიოდ მიყვება ამ რეკომენდაციებს, რომლებიც მიღებულია და ესმის, რომ ეს არის მისი საკუთარი გადაწყვეტილება და არა ვინმეს მიერ ნაბრძანები. ახალი ცნობიერება ყალიბდება, რაღაც თვალსაზრისით, და მგონია, რომ ეს არის მთავარი, რაც იცვლება ისეთ ქვეყნებში, როგორიც ჩვენ ვართ“.

არავისთვის არის საკამათო, რომ COVID-19-ის პანდემია გარდაუვლად გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს. კახა გოგოლაშვილი იმედოვნებს, რომ COVID-19-ის შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობები შესაძლოა არსებულზე უკეთესი იყოს:

„რამდენიმე პროცენტული პუნქტით შემცირდება მთლიანი შიდა პროდუქტები ქვეყნების - მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არ იქნება უმეტეს ქვეყნებში, თუ არა შემცირება. თავისთავად ეს საზოგადოებისგან მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, რომ მოხდეს სტაბილიზაცია და აღდგეს ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ ალბათ უნდა აღდგეს ახალ ხარისხში, შესაძლოა, უკეთესი მიდგომებით, ვიდრე აქამდე იყო.

რომ ავიღოთ, როგორ ვითარდებოდა გლობალური ეკონომიკა მთლიანობაში, განსაკუთრებით დემოკრატიული სახელმწიფოების ეკონომიკა ვითარდებოდა უფრო ლიბერტარიანული და უფრო ულტრალიბერალური მიდგომებით, მაგალითად, საგარეო ვაჭრობაში.

ლიბერალიზმი უდიდესი მიღწევაა კაცობრიობის, მაგრამ ლიბერტარიანიზმი და ულტრალიბერალური მიდგომები საგარეო ვაჭრობაში გულისხმობს სრულ თავისუფლებას ინვესტიციების განხორციელების, ვაჭრობაში არადისკრიმინაციას, რამაც გამოიწვია შესაძლოა ის, რომ მაგალითად უმეტესობა საწარმოებისა ევროპიდან და აშშ-დან გადავიდა სხვა ქვეყანაში - ჩინეთში. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქეყანაში მოხდებოდა ამის კონცენტრაცია, მაგრამ ფაქტია, რომ მთლიანობაში ეს ქვეყნები დარჩნენ საკუთარი წარმოების გარეშე და როგორც კი მოხდა ასეთი კრიზისი (პანდემია ერთია და შესაძლებელია, ომი დაწყებულიყო ან რაღაც სხვა ტიპის კრიზისი მომხდარიყო და დაჭირვებოდათ მეტი იზოლაცია ერთმანეთისგან), ვხედავთ, რომ ქვეყნები აბსოლუტურად არ არიან თვითკმარი მინიმალურ დონეზეც კი. ისეთი ძლიერი ქვეყანა, როგორიც შეერთებული შტატებია, ვერ აწარმოებს ელემენტარულ პირბადეებს“.

9 აპრილს გავრცელდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენელთა ღია წერილი საქართველოს მთავრობისა და ხალხისთვის, რომელშიც არის დაპირება, რომ საქართველო მარტო არ დარჩება ეკონომიკური გამოწვევების პირისპირ:

„რომ არ გვქონდეს იმის იმედი, რომ მივიღებთ საბიუჯეტო მხარდაჭერასაც და სხვადასხვა სახის ინვესტიციებს, რომლებიც აუცილებელი იქნება ჩვენი ეკონომიკის აღსადგენად და ჩვენი ბიუჯეტის შესავსებადაც მათ შორის, ძალიან ძნელი იქნებოდა მთავრობის მიერ ხარჯების ფართოდ გაღება. ასე რომ, მომავალში ფონდების შემოსვლის ეს მოლოდინი, რა თქმა უნდა, ამაგრებს და აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებებს“.

მიუხედავად ამ დაპირებისა, ჯერჯერობით უცნობია, რა მოცულობის იქნება საერთაშორისო დახმარება. ის, რაც პანდემიით შექმნილ ვითარებას სხვა ტიპის კრიზისებისგან განასხვავებს, არის ის, რომ ის ყველას შეეხო, ყველა დააზარალა და რესურსების მობილიზაცია ყველასთვის აქტუალურია. ამდენად, საჭიროა ყველა ინსტრუმენტის გამონახვა, რამაც შეიძლება საქართველო საჭირო ფინანსური რესურსით უზრუნველყოს:

„ტრანსფორმაციის პერიოდში შეჩვეულები ვიყავით, რომ ყოველთვის გვერდით გვყავდა ევროკავშირი, აშშ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საიდანაც ისევ ევროკავშირის და ამერიკის მხარდაჭერით გვაძლევდნენ დიდ კრედიტებს, იქნებოდა ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია და უცებ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როცა შეიძლება ეს წყაროები არ არსებობდეს და ჩვენ კი არ ვართ განვითარების იმ დონეზე, როცა საკუთარი რესურსები საკმარისად გვაქვს აკუმულირებული.

ეს უნდა გავიგოთ, რომ მარტივი არ არის. მაგრამ საჭიროა მეტი გადაწყვეტილებების უკვე ჩამოყალიბება, წინსწრებით ხედვა. ჯერ რეაქტიულ რეჟიმშია მთავრობა. როგორც ვხედავ, მაინც რეაგირებს სიტუაციაზე, რომ არ ჩამოიშალოს, არ მოხდეს გავრცელება, რასაც თავს, შეიძლება ვთქვათ, ართმევს ნამდვილად და ამ თვალსაზრისით შეიძლება ვთქვათ, რომ იმ რესურსების, მომზადებისა და არსებული საკადრო რესურსის ფარგლებში, კარგად ართმევს მაინც თავს ამ სიტუაციას ჯერჯერობით. ღმერთმა ქნას, რომ გაართვას თავი. ჩვენც ეს გვინდა.

სახელმწიფოს მოუწევს, რა თქმა უნდა, ვალების აღება, სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება და თუ დაგვეხმარებიან იმაში, რომ ევრობანკმა მაგალითად შეისყიდოს ჩვენი ობლიგაციები და სხვა... ანუ, ჩვენ დაგვჭირდება რესურსების მობილიზება. რადგან ჯერ არ არსებობს ეს გარანტიები, ალბათ, უჭირს მთავრობას თავისი პროგრამის ჩამოყალიბება. თუმცა, იყო საუბარი იმაზე, რომ ორი მილიარდი ლარი დაგვჭირდება იმისთვის, რომ მცირე ბიზნესი და უმუშევრობის/სოციალური პაკეტები დაფინანსდესო. ამ მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ საჭიროა მოსახლეობამ მეტი კითხვა დასვას და რეაგირება იყოს ადეკვატური, ახლავე, რადგან ევროპაში, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მოსახლეობა სვამს ამ კითხვებს.

ჩვენნაირ სიტუაციაში მარტო მთავრობა ვერ მოახერხებს, რა თქმა უნდა, ამის დაფინანსებას. მეტი სოლიდარობა უნდა მოხდეს თვითონ მოქალაქეებს შორის, ანუ შედარებით შეძლებული და სტაბილური ფინანსური შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები უნდა შეეცადონ, რომ რაღაც ფონდები შექმნან, რაღაც დახმარების ბალიში შექმნან მთავრობის გარეშე და მოხდეს შიდა გადანაწილება. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მაგალითად, ახლა არის ძალიან კარგი ასპარეზი, რომ ქველმოქმედება აწარმოონ და მობილიზება მოახდინონ ადამიანების ამ მიმართულებით“.

რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს COVID-19-ის ფონზე, კახა გოგოლაშვილი არ ფიქრობს, რომ საქართველოს სურათი დიდად განსხვავდება სხვა ქვეყნებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობებისგან:

„პოლიტიკურმა პარტიებმა [საქართველოში] მთავრობას მისცეს, შეიძლება ითქვას, კარტ-ბლანში. კრიტიკა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი დონის კრიტიკაც არ არის, როგორც ეს ხდებოდა პანდემიის დაწყებამდე.

გუშინ ვუცქერდი ზუსტად ესპანეთის პარლამენტში დებატებს, სადაც კანტიკუნტად ისხდნენ წარმომადგენლები, დაახლოებით 20-30 დეპუტატი იჯდა დარბაზში, უმრავლესობა ონლაინ უცქერდა. იქაც საკმაოდ მწვავე კრიტიკა მიდიოდა და ოპოზიციური სახალხო პარტიის წარმომადგენელმა, რომელიც სოციალისტების უმთავრესი კონკურენტია, პირდაპირ თქვა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ტონი არ იყო ისეთი კატეგორიული და გაღიზიანებული. იქაც თავს იკავებენ ამისგან.

უბრალოდ, ეს პოლიტიკურ პარტიები, რა თქმა უნდა, მომავალზეც ფიქრობენ, რომ არ დაკარგონ თავიანთი არგუმენტები ამ პროცესში. ეს ნორმალური პოლიტიკური ბრძოლაა, რომელიც არ შეიძლება ოდესმე გაჩერდეს. მხოლოდ შეიძლება არსებობდეს რაღაც „ზავი“, რომ არ მოხდება ერთმანეთის მიმართ ძირგამომთხრელი განცხადებების გაკეთება და არც მოქმედებები.

არავინ გააკეთებს ახლა მიტინგის ორგანიზებას, რომელიც დააზიანებს მოსახლეობასაც და მთავრობას დიდ პრობლემებს შეუქმნის, ან ექიმების გაფიცვას და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენთან ასე თუ ისე ნორმალიზებულია და არ განსხვავდება საერთაშორისო კონტექსტისგან, საერთაშორისო მაგალითებისგან. ასეთივე პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენზე უფრო რთული მდგომარეობაც კი არის“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG