COVID-19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდა
„COVID-19-ის საგანგებო კომიტეტი გუშინ მე-15-ედ შეიკრიბა და რეკომენდაცია მომცა, რომ დასრულებულად გამოვაცხადო გლობალური საგანგებო მდგომარეობა“, - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ღებრეიესუსის 5 მაისის ამ ტვიტით დაასრულა მსოფლიომ 1191-დღიანი საგანგებო მდგომარეობა.
როიტერსი წერდა, რომ ამას შეგვიძლია დავარქვათ პანდემიის დასასრული, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიების არც დასაწყისს და არც დასასრულს ცალკე არ აცხადებსო.
პანდემიის დაწყებიდან მის დასრულებამდე COVID-19-ით დადასტურებულად 700 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და 7 მილიონამდე გარდაიცვალა. კორონავირუსის პანდემია ისტორიაში მეხუთე ყველაზე მომაკვდინებელ პანდემიად ჩაიწერა.
ალცჰაიმერის დასასრულის დასაწყისი, ნემსი კიბოს წინააღმდეგ და აბი წონაში დასაკლებად
2023 წელს ერთდროულად ორი მედიკამენტი (ლეკამენაბი და დონანემაბი) დაამტკიცეს, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას აფერხებს. ალცჰაიმერი ხანგრძლივად პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ბევრ ადამიანს უმოკლებს სრულფასოვან სოციალურ ცხოვრებას.
მასობრივი წარმოების პირასაა მედიკამენტები, რომლებიც ჭარბწონიანობას დაამარცხებს. ისინი დაარეგულირებენ ჰორმონს, რომელიც სხეულის მეტაბოლიზმსა და ტვინში მიმავალ შიმშილის სიგნალებს გააკონტროლებენ.
ასევე, წელს პირველად დადგინდა ორსულებში ტოქსიკოზის მიზეზები, რაც ნაყოფის მიერ წარმოებული პროტეინის შედეგი აღმოჩნდა. ეს კი მეცნიერებს საშუალებას მისცემს, მომავალში ბევრი ორსულის პირველი კვირები შეამსუბუქონ.
ინგლისი კი აპირებს, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც სიმსივნის სხვადასხვა სახეობის სამკურნალო ნემსების გამოყენებას დაიწყებს. უკვე არსებული გადასასხმელი მედიკამენტის ნემსის ფორმით შემოღება პაციენტების რაოდენობას გაზრდის. ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე პროცესში 4 ათასამდე პაციენტი ჩაერთვება.
ალიანსების გაფართოება
2023 წელი ალიანსების გაფართოების წელი იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეორე წელს NATO-ს ახალ, 31-ე მოკავშირედ ფინეთი შეემატა.
წლის ბოლო, შემაჯამებელ კითხვა-პასუხზე ვლადიმირ პუტინმა ალიანსის ჩრდილოეთ საზღვრებთან გაფართოებას ფინეთის ნატოში „შეთრევა“ და „სისულელე“ უწოდა. ფინეთისთვის კი ეს კარგი ამბავია. ახლა ის უკვე ალიანსის მე-5 მუხლის საფარველს ქვეშაა, რაც ყველა მოკავშირის ძალის გაერთიანებას გულისხმობს ერთ მოკავშირეზე თავდასხმის შემთხვევაში.
NATO-მ კი ფინეთის სახით მიიღო მოკავშირე, რომელსაც რუსეთთან 1300-კმ-იანი საზღვარი აქვს, მდებარეობს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ბალტიის ზღვაში და სკანდინავიის ნახევარკუნძულზე.
ნატომ ამ გაფართოებით შეიძინა 280-ათასიანი ჯარი, ძლიერი არტილერია და თანამედროვე მოიერიშეებით აღჭურვილი ფლოტი.
ფართოვდება ევროკავშირიც.
14 დეკემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოს კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში გაფართოების სიკეთეები ასეა განმარტებული: გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილური დემოკრატია და ეკონომიკური კეთილდღეობა.
მილიარდდოლარიანი ორი ქალი: ტეილორ სვიფტი და ბარბი
ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი და სათამაშო ბარბი წელს პოპკულტურისა და მსოფლიო ეკონომიკის სფეროს კარგი ამბები გახდნენ. ტეილორ სვიფტმა 2023 წელს თავისი 17-წლიანი კარიერა ერთ შოუში შეკრა და The Eras ტურნე დაიწყო.
შოუმ უკვე დაამყარა რეკორდი, გადააჭარბა რა 1 მილიარდი დოლარის მოგებას. 2024 წელს, დასასრულისთვის ტურნე სავარაუდოდ მხოლოდ აშშ-ში 4.5 მილიარდი დოლარის მოგების ნიშნულს მიაღწევს.
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სვიფტის ფანების პილიგრიმობამ, არაერთ ქალაქში სასტუმროების, რესტორნებისა და ტურიზმის მოგება ნახტომისებურად გაზარდა. წლის ბოლოს კი ტეილორ სვიფტმა უკან ჩამოიტოვა ყველა პოლიტიკოსი და ჟურნალ Time-ის წლის ადამიანი გახდა.
კარგი ამბების სიაშია ფილმი „ბარბიც“. ქალთა გაძლიერების მოტივით გადაღებული სურათი (მარგო რობისა და რაიან გოსლინგის მონაწილეობით), თავად გადაიქცა ქალი რეჟისორის ისტორიულ წარმატებად - გრეტა გერვიგი პირველი ქალი გახდა, რომლის ფილმმაც მილიარდიანი მოგება მოიტანა.
ბარბი ეკონომიკების სტიმულად იქცა. მაგალითად, ბრიტანეთის ეკონომიკას მან 80 მილიონი ფუნტის მოგება მოუტანა.
ბრიტანეთს ახალი მონარქი ჰყავს
ელისაბედ II-ის 70-წლიანი მეფობა ახალმა მეფემ, ჩარლზ III-მ 2023 წლის 6 მაისს გადაიბარა. კორონაცია ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.
ეს იყო ბრიტანეთისთვის ყველაზე მასშტაბური ცერემონია ბოლო 70 წლის განმავლობაში. მსოფლიოს ქვეყნებიდან ჩასული 100-ზე მეტი ლიდერის და მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ, ანგლიკანური ეკლესიის მეთაურმა ჩარლზს თავზე დაადგა 360 წლის ისტორიის მქონე გვირგვინი, თავად მეფე იჯდა მე-14 საუკუნის ტახტზე.
სიკვდილს გადარჩენილი ემილი, რომელიც მამას ჰამასის მსხვერპლი ეგონა
მართალია, ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე ყველაზე ცუდი ამბების სიაშია, თუმცა ადამიანურ ისტორიებში იყო ისეთიც, რომელმაც მსოფლიო შვებით ამოასუნთქა. ეს 8 წლის ემილი ჰენდის ამბავია ბეერიკ კიბუციდან.
თავდასხმის შემდეგ მამას, ტომას ჰენდს უთხრეს, რომ მისი შვილი ცოცხალი აღარ იყო. მსოფლიო მოიარა მგლოვიარე მამის ინტერვიუმ, სადაც ის ამბობდა, რომ სიკვდილი საუკეთესო გამოსავალი იყო ყველა იმ საშინელი სცენარიდან, რაც შეიძლებოდა მის შვილს შემთხვეოდა.
ნოემბრის ბოლოს კი ჰამასსა და ისრაელს შორის მიღწეული ტყვეთა გათავისუფლების შემდეგ ემილი შინ ცოცხალი დაბრუნდა. მას ტყვეობაში შეუსრულდა 9 წელი. ტომას ჰენდმა თქვა, რომ ემილი წონაში დაკლებული, თუმცა ჯანმრთელი დაუბრუნდა ოჯახს.