Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური ცინცაძე - დავიწყებული ვარსკვლავის ციმციმი


იური ცინცაძე - ფოტოილუსტრაცია
იური ცინცაძე - ფოტოილუსტრაცია

იური ცინცაძე, რომლის ცეკვამ ინტერნეტი დაიპყრო, „სუხიშვილების“ სოლისტი იყო - გურული კაცი ბათუმიდან, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა, 46 წლის, გარდაიცვალა.

„ის იყო ბუმბულივით მოცეკვავე. არ ჭიდაობდა სცენაზე. რასაც ცეკვავდა, ნაღდად ცეკვავდა. ძალიან დიდი იყო“, - ამბობს ანსამბლ „ციმციმას“ ხელმძღვანელი გენო ჭელიძე.

იური ცინცაძეს „ციმციმა“ ცისფერი, ციმციმა თვალების გამო შეარქვეს. ის 1938 წლის 15 დეკემბერს დაიბადა, სტალინური რეპრესიების პერიოდში.

ერთი თვისაც არ იყო, რომ მამამისი, სამხედრო ოფიცერი დავით ცინცაძე დააპატიმრეს და ორიოდე წლის შემდეგ დახვრიტეს - ოფიციალური მიზეზით, სამხედრო დანაშაულისთვის.

სანამ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დავითმა ციხიდან მშობლებს მისწერა, ეს ბიჭი გამიზარდეთ, მეტს არაფერს გთხოვთო. სწორედ ამ დანაბარებმა აიძულა იურის ბებია-ბაბუა, სიცოცხლე გაეგრძელებინათ. ბებიას ელენე ტუღუშს დავითის გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავდა დაღუპული და თავის მოკვლა სცადა. მეუღლემ გადაარჩინა.

იური ცინცაძე, ფოტო ეკა ცინცაძის არქივიდან
იური ცინცაძე, ფოტო ეკა ცინცაძის არქივიდან

ბათუმში, კარლ მარქსის N68-ში ცხოვრობდნენ, დღევანდელ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. იური მე-9 ვაჟთა სკოლაში სწავლობდა, საკმაოდ კარგადაც, მაგრამ ათი წლისა ცეკვით დაინტერესდა და სწავლაზეც აიცრუა გული. სკოლას აცდენდა, ტოლებს ცეკვის გაკვეთილებზე დაჰყვებოდა რეპეტიციების საყურებლად. კარგი სმენის მქონემ ცეკვის ილეთებს მაშინვე აუღო ალღო. შეამჩნიეს. ბებიამ პირობა წაუყენა, ცეკვაზე მხოლოდ მაშინ ივლი, თუ სწავლას არ ჩამორჩებიო.

19 წლის იყო, ბათუმში ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი რომ ჩამოვიდნენ. ნიჭიერი ბიჭი ძალიან მოეწონათ. ჯარში წასაყვანად გამზადებულსა და თავგადაპარსულს ხელი მოკიდეს და თბილისში, თავიანთ ანსამბლში წაიყვანეს.

ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ერთხელაც, როდესაც ანსამბლი საფრანგეთში უნდა წასულიყო გასტროლებზე, იურის წაყვანაზე „ზემოდან“ თქვეს უარი, მამამისი პოლიტიკური პატიმარი იყოო. ამ დროს იურის სახელი, როგორც სოლისტის, უკვე აფიშებზე ეწერა. იური ცინცაძეს ეს იმდენად ეწყინა, რომ აღარც ანსამბლში დარჩენილა, აღარც - თბილისში. ბათუმში დაბრუნდა, იქ აჭარის სახელმწიფო ანსამბლში გააგრძელა ცეკვა.

„მისი მეგობრები, მისი პლეადის მოცეკვავეები რომ მხვდებოდნენ, უამრავ ისტორიებს მიყვებოდნენ მასზე, ძალიან მეგობრული იყოო, იუმორის გრძნობის მქონე. სცენაზეც გამოდიოდა იუმორისტული ნომრებით, მღეროდა“, - ჰყვება იურის შვილი ეკა ცინცაძე.

იური ცინცაძემ ცოლად იზოლდა აბაიშვილი მოიყვანა. ორი შვილი შეეძინათ - დავითი და ეკა. დავითი 1992 წელს, 24 წლის გარდაიცვალა ავადმყოფობით.

იური ცინცაძე ვაჟთან ერთად, ფოტო ეკა ცინცაძის არქივიდან
იური ცინცაძე ვაჟთან ერთად, ფოტო ეკა ცინცაძის არქივიდან

„მამა ძალიან მოწესრიგებული იყო. მუდმივად გამართული, მხრებში გაშლილი, ქამარი მოჭერილი, როგორც მოცეკვავეებს აქვთ. თმას უკან გადაივარცხნიდა და წყლით ისველებდა ხოლმე. ხშირად ვსეირნობდით ბულვარში, მანამდე თმას მეც თავად დამვარცხნიდა ხოლმე. დიდი ხათრი მქონდა მისი და მეამაყებოდა, რადგან სულ მეუბნებოდნენ, კარგი მამა გყავსო“, - იხსენებს ეკა ცინცაძე.

1996 წელს ქორეოგრაფმა გენო ჭელიძემ ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ციმციმა“ დააარსა.

„ჩემი შვილი ნიკაც შევიყვანე იქ ცეკვაზე. ნიკასაც „ციმციმას“ ეძახდა გენო, როგორც ჩანს, უყვარდა ეს სახელი“, - ამბობს ეკა.

დავით და ეკა ცინცაძეები, ფოტო ეკა ცინცაძის არქივიდან
დავით და ეკა ცინცაძეები, ფოტო ეკა ცინცაძის არქივიდან

იური ცინცაძე განდაგანას უბადლო შემსრულებლად ითვლებოდა, მაგრამ სხვა ცეკვებსაც ცეკვავდა. ძველი ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ბევრმა მისი სახელი პირველად გაიგო, თუმცა გენო ჭელიძე ამბობს, რომ ციმციმა თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო, მთელ საქართველოში იცნობდნენ და პატივს სცემდნენ.

„მაშინ 16-17 წლის ვიყავი, იური ცინცაძე ღმერთივით იყო ჩემთვის. მერე ისე მოხდა, ერთმანეთი გავიცანით. კონცერტებზე გვეხმარებოდა ხოლმე. ცოტა წავბაძე ჩემთვის.

ეს შეამჩნიეს ქორეოგრაფებმა რეზო ჭანიშვილმა და თემურ ბიბილეიშვილმა და შემაგულიანეს, მიდი, მიდიო, - იხსენებს გენო ჭელიძე, - ავტონომიების დღე ჩატარდა თბილისში. ჩვენ აჭარიდან ვიყავით მიწვეულები.

თბილისში რომ ჩავედით, ციმციმა მოგვტაცეს, ბიჭებმა წაიყვანეს სადღაც. გამოსვლის დროა უკვე და სადაა ციმციმა?! მოვიდნენ ბატონი თემური და ბატონი რეზო ჩემთან, გენო, მასიდან მოიხსენი, ციმციმას ცეკვა უნდა იცეკვოო. მე რა უნდა ვიცეკვო, არ მიცეკვია ჯერ ეს ცეკვა, ჩემთვის რაღაცას დავცინი თავს-მეთქი.

ამ ამბავში ვართ და მოვიდა ციმციმა, დაესივნენ, ვინ ქუდს ახურავდა, ვინ ფეხზე აცმევდა. ჩამოიარა ამ კაცმა და იცეკვა. რომ დამთავრდა კონცერტი, მაყურებლებით გაივსო სცენა, იძახდნენ, ციმციმაა, ისევ ის ციმციმააო. ძალიან დიდი მოცეკვავე იყო“.

ციმციმა 1984 წლის შემოდგომას, ავადმყოფობით გარდაიცვალა. მაშინ ის 46 წლის იყო.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG