„რით ვერ დაატრიალეს ეს ბედის ბორბალი? რატომ ბღავიან ასე შეუბრალებლად? სიამოვნებით ჩავარტყამ გიტარას თავში!!!“
ეს ერთ-ერთი პოსტია ფეისბუკის შიდა ჯგუფიდან. ჯგუფი თბილისის ახალაშენებულ კვარტალშია, ის ამ კვარტალის ადმინისტრაციამ გახსნა და შიგ ყველა მობინადრე გააერთიანა, ვინც ინტერნეტით სარგებლობს - ერთგვარი პლატფორმაა საერთო საჭირბოროტო საქმეების გადასაჭრელად. ამ მეთოდს ახლა ბევრი მიმართავს და საკმაოდ ეფექტურადაც. თუმცა, თუ მიმოწერას დავუკვირდებით, მალევე აღმოვაჩენთ, რომ თბილისის ფენომენმა - იტალიურმა ეზომ - წარმატებით გადაინაცვლა ინტერნეტსივრცეში.
უკვე გავიგეთ, რომ ერთ-ერთ მეზობელს ძალიან სურს მეორეს თავზე გიტარა გადაამტვრიოს და იქვე ვარკვევთ, რომ ნერვები არც სხვებს ჰყოფნით. კვარტალი მჭიდროდაა დასახლებული და ყველაზე მეტი ნერვებმოშლილი ადამიანი ხმაურთან დაკავშირებით წერს.
„რუსულების კასეტას“ ვინ აღრიალებს?“
„რუსელები არ ვიცი, მაგრამ „ბუძილნიკს“ რომ დააყენებთ დილის 6-ზე და 9-მდე რეკავს, ან გაიღვიძე, ან პირდაპირ 9-ზე დააყენე!“
„აუ, ძაან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს კვირა განსაკუთრებით შემაწუხა აივნიდან ბავშვის მონოტონურმა ძახილმა. ერთი და იგივეს იძახის სულ საათობით. ახლა მღერის უკვე ნახევარი საათია აჭარულის განდაგანას“...
„გუშინწინ ღამის 3 საათზე ვიღაც უსმენდა ძალიან გემოვნებიან სიმღერებს. იქნებ, ალბომი გამომიგზავნოს, მართლა კარგი იყო“.
ამას მოსდევს გრძელი განხილვა, თუ რა მოუხერხონ „ღამის ეკონომიკას“ მათ უბანში. არის ტრადიციული „დაველაპარაკოთ“, „პოლიცია დავაყენოთ თავზე“ და არატრადიციული „დავრგოთ აივანზე მცენარეები, მწვანე საფარი აკავებს ხმას“, რასაც ერთვის სწრაფად მზარდი მცენარეების რეკლამის ბმული. საბოლოოდ, მიდიან დასკვნამდე: „ჩვენნაირი მენტალობის ხალხისთვის ახლოსაა აშენებული კორპუსები. ეს რომ შვეიცარია იყოს, ყველაზე ხმაურიანი მეზობლის მაცივარი იქნებოდა“.
ზოგადად, მენტალობასთან დაკავშირებით ყველგან ბევრს ლაპარაკობენ და არც ელექტრონული ბირჟაა გამონაკლისი.
„მოვაწყოთ საფერფლეების ჩუქების დღე, ზოგიერთი ვიგინდარა ანთებულ სიგარეტს მე-9 სართულიდან ნაძვებში რომ არ ისროდეს“...
„კორპუსიდან ვინც ეს გადმოყარე, შენ ხარ შეუგნებელი ღორი!!!“
„სკვერში სახალხოდ მოზასავეები მაგრად არ მომწონს“.
„გამარჯობა, თუ შეიძლება რომ გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება ან სხვა სახით მივიტანით მცხოვრებლებთან ინფორმაცია, რომ აივანზე მწვადის მომზადება ღია ცეცხლზე ხანძარსაშიშია და არც დამწვარი ნახშირის ან სხვა საწვავის სუნია მისაღები“.
კორპუსში მცხოვრებლებისთვის ხმაურის შემდეგ რიგით მეორე პრობლემა ლიფტია, რომელიც ხან დასაზეთია, ხან საეჭვოდ რახრახებს და ხანაც: „ლიფტი სართულებზე ჩერდება იატაკის დონიდან 10-15 სანტიმეტრით მაღლა, რაც ხშირად იწვევს ფეხის წამოკვრით და ასკინკილით შესვლა-გამოსვლას“.
დანარჩენი პრობლემები სხვადასხვა სახისაა, ასე მაგალითად:
„გამარჯობა, სადარბაზოში შემოაღწია აფერისტების ჯგუფმა, ვითომ დეზინფექციას ატარებენ. არადა, წყალს ასხამენ და თან ფულს ითხოვენ“.
„ვინმემ ხომ არ იცის, წყალი როდის მოვა?“
„კონდიციონერის მონტაჟის ხელოსანი ხომ არ იცით?“
„გამარჯობა, კეთილო ადამიანებო, ხვალამდე აიფონ 6-ის დამტენი ხომ არ გაქვთ ვინმეს, რომ მათხოვოთ?“
ვიღაცას კი, როგორც ჩანს, სახლში ხვლიკმა მიაკითხა და ახლა მის ფოტოს აქვეყნებს: „ამან შემომძახა დილას, ესპანეთის ერთიანი ხომ არ დავდო, დღეს კაი კუში აქვსო“.
მეორემ თუთიყუში დაკარგა.
„მოგესალმებით, მეზობლებო, ისევ ჩემს თუთიყუშთან დაკავშირებით გაწუხებთ, რომელიც 5 დღის წინ დავკარგე. შემთხვევით ხომ არ შემოფრენილა რომელიმე თქვენგანთან?“
„დილით თუთიყუშის წივილი იყო ჩემს აივანზე და მეგონა, რომელიღაც მეზობელი კაიფობს-მეთქი“.
შიდა ჯგუფში ყველაზე საწყალი ადმინისტრაციის თანამშრომელია, ერთი ათასის წინააღმდეგ. მას უწევს მობინადრეების პრეტენზიებისთვის პასუხის გაცემა, სიახლეების განთავსება და საყოველთაო ჯაჯღანის არშემჩნევაც. შესაბამისად, შიდა ჯგუფი ხშირად ასე გამოიყურება:
„ადმინისტრაცია: გატყობინებთ, რომ დღის განმავლობაში 1 საათით გაითიშება ელექტრომომარაგება. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
მობინადრე: არ იდარდოთ, არ ვარ სახლში.
მობინადრე: 2 000 ოჯახი ვცხოვრობთ ერთმანეთისგან ხელის ჩამორთმევის მანძილზე.
ადმინისტრაცია: ხელის ჩამორთმევის მანძილზე რომელი კორპუსი გაქვთ?
მობინადრე: თუ ვინმემ „ჰონდას“ გასაღები იპოვეთ, შემეხმიანეთ.
ადმინისტრაცია: ციყვი გადასარევად გრძნობს თავს ჩვენს ეზოში (თან ერთვის ფოტო: ციყვი ხიდან იყურება).
მობინადრე: დღეს აივანზე მომაკითხა კატამ, ვინმემ თუ იცის ვინ არის მეპატრონე? იქნებ, გააგებინოთ, რომ ჩემთანაა. მარტო დავტოვე სახლში და, ალბათ, ნერვიულობს ფისოც და პატრონიც (ფოტო: თეთრი კნუტი ფარდასთან ზის).
ადმინისტრაცია: ჩვენს ეზოში ჟღურტულებენ ჩიტები (თან ერთვის ეზოში დილთ გადაღებული ვიდეო. ისმის ჟღურტულის ხმა)“.