ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" და მისი განშტოებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ახერხებენ ფეხის მოკიდებას. ის თავის ტაქტიკას არგებს ახალ ვითარებას და აფართოებს თავისი გავლენის სფეროს მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა ტერიტორიების ნაწილები, რომლებსაც ერთ დროს სირიასა და ერაყში მართავდა.
მისი მოქმედებიდან ჩანს, რომ მაშინ, როცა მისი შეიარაღებული რაზმების თავდასხმების რიცხვი შესაძლოა, მცირდება, ისინი სულ უფრო სისხლიანია.
2019 წელს შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც აშშ უმაგრებს ზურგს, განაცხადეს, რომ “ისლამური სახელმწიფო” (IS) განადგურებულია. მაგრამ, როგორც ბოლო რამდენიმე წელიწადმა აჩვენა, ეს მხოლოდ მისი კვაზისახელმწიფოს დასასრულის აღმნიშვნელი იყო, რომელიც აკონტროლებდა ტერიტორიას ერაყსა და სირიაში, და არა იმ საფრთხისა, რომელსაც ის კვლავაც წარმოადგენს.
ექსტრემისტული დაჯგუფება ავლენს სიმტკიცეს, ხდება მისი აღორძინება მსოფლიოს არაერთ კუთხეში და სამოქმედო შესაძლებლობები ვითარდება.
2024 წლის იანვრიდან, ისლამურმა სახელმწიფომ ბევრი თავდასხმისთვის იკისრა პასუხისმგებლობა მთელს მსოფლიოში - ირანიდან რუსეთამდე, გერმანიასა და აშშ-მდე.
“IS რჩება გლობალური უსაფრთხოებისთვის მუდმივ მუქარად და ყველაზე სისხლიან ტერორისტულ ორგანიზაციად მსოფლიოში", - უთხრა რადიო თავისუფლებას ადრიან შტუნიმ, უსაფრთხოების სპეციალისტმა და ვაშინგტონში მოქმედი საკონსულტაციო კომპანიის, Shtuni Consulting-ის ხელმძღვანელმა.
ახლა ორგანიზაცია ძირითადად ეყრდნობა რეგიონული ფილიალების დინამიკურ ქსელს, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ", - დასძინა მან.
როგორია IS-ის ამჟამინდელი მდგომარეობა?
IS-ის ხედვა და მისწრაფებები არ შეცვლილა, მაგრამ 2019 წელს მისი “ტერიტორიული” მარცხის შემდეგ ანალიტიკოსების თქმით, ექსტრემისტული დაჯგუფება რადიკალურად გარდაიქმნა სტრუქტურულად და ოპერატიულად.
ბოლო წლებში, მთელს მსოფლიოში გაჩნდა IS-ის სხვადასხვაგვარი განშტოება განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ექსტრემიზმთან დაპირისპირება რთულია.
კოლინ კლარკმა, ნიუ-იორკში მოქმედი კომპანია Soufan Group-ის დირექტორმა პოლიტიკისა და კვლევის სფეროში, განაცხადა, რომ IS-ი იქცა დაჯგუფებად, რომლის ნაწილების ჯამი უფრო დიდია, ვიდრე ის მთლიანობაში.
“IS-ი, როგორც დეცენტრალიზებული ორგანიზაცია, შეიძლება უფრო დიდი გამოწვევა იყოს, ვიდრე როგორც კვაზისახელმწიფო. როცა ის დე ფაქტო ერთეულს - კვაზისახელმწიფოს მართავდა, ის ერთი დიდი სამიზნე იყო", - განუცხადა კლარკმა რადიო თავისუფლებას.
"ისლამურმა სახელმწიფომ" და მისმა ფილიალებმა თავიანთი არსებობა გვაგრძნობინეს შარშან, როცა სისხლიანი თავდასხმები მოაწყვეს მთელს მსოფლიოში.
2024 წლის იანვარში სამხრეთ ირანის ქალაქ ქირმანში ორი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა.
ორი თვის შემდეგ ოთხმა თავდამსხმელმა მიზანში ამოიღო "კროკუს სიტი ჰოლის" საკონცერტო სივრცე მოსკოვის მახლობლად. მასობრივი სროლის, დანით თავდასხმისა და ხანძრის შედეგად დაიღუპა 145 ადამიანი.
აგვისტოში სომალის დედაქალაქ მოგადიშოში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო აფეთქება, რომელსაც, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე დღის შემდეგ, IS-ის წევრმა დანით დაჭრა რამდენიმე და მოკლა სამი ადამიანი ფესტივალზე ზოლინგენში, გერმანიაში.
დაჯგუფების ქმედება აშშ-საც მისწვდა. 1 იანვარს IS-ით შთაგონებული თავდამსხმელი, სატვირთო მანქანით შევარდა ხალხის ჯგუფში, რომელიც ახალ წელს ზეიმობდა ახალ ორლეანში. დაიღუპა 14 და დაშავდა ათობით ადამიანი. თავდასხმა მოაწყო აშშ-ის არმიის ვეტერანმა, ტეხასში დაბადებულმა, შამსუდ დინ-ჯაბარმა, რომელიც პოლიციამ მოკლა.
უსაფრთხოების ვაშინგტონელი ექსპერტის - შტუნის თქმით, ეს თავდასხმები მეტყველებს არა მხოლოდ [IS-ისთვის] დამახასიათებელ ტერორისტული მოქმედებისკენ მუდმივ სწრაფვაზე, არამედ ასევე ორგანიზაციის სიმტკიცეზე, უნარზე, ალღო აუღოს ვითარებას და, ამასთან, იმაზე, რომ მსოფლიოშია მოდებული”.
ლონდონში დაფუძნებული გლობალური უსაფრთხოების დაზვერვის საკონსულტაციო კომპანია Dragonfly-ის მიერ შეგროვებული მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში “ისლამურმა სახელმწიფომ” და მისმა განშტოებებმა წელიწადში საშუალოდ 600-მდე თავდასხმა განახორციელეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ნაკლებია წინა სამ წელთან შედარებით, როცა IS-მა წელიწადში საშუალოდ 770 თავდასხმა მოაწყო, ბოლო თავდასხმები სულ უფრო სისხლიანი გახდა და Dragonfly-ის TerrorismTracker-ის მონაცემთა ბაზის თანახმად, თითოეული თავდასხმის მსხვერპლის საშუალო რაოდენობა 40 პროცენტით გაიზარდა.
არსებული მონაცემები "არ მიუთითებს აუცილებლად IS-ის საერთო განვითარებას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ის უფრო სიმტკიცის ხარისხზე მეტყველებს,” - უთხრა Dragonfly-მ რადიო თავისუფლებას.
“თუმცა, საერთაშორისო მედიაში შეშფოთება გამოითქვა “ისლამური სახელმწიფოს” სწრაფვის გამოც, გაზარდოს მასობრივი თავდასხმების რიცხვი მთელს მსოფლიოში", აცხადებს კომპანია.
სად აქტიურობენ “ისლამური სახელმწიფოს” ექსტრემისტები და როგორ ხდება ხალხის გადაბირება?
თავისი ფილიალების მეშვეობით “ისლამური სახელმწიფო” ძლიერ ყოფნას ინარჩუნებს და აქტიურობს კონკრეტულ ცხელ წერტილებში აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
IS-ის ფილიალებიდან ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ დაჯგუფებას წარმოადგენს IS-Khorasan Province-ი (ISKP), რომელმაც გააფართოვა თავისი მოქმედება ავღანეთის ფარგლებს გარეთ და მებრძოლების გადაბირებას ახდენს შუა აზიის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან.
ამასობაში სომალი გახდა დაჯგუფების გლობალური ექსპანსიის უმნიშვნელოვანესი ცენტრი აფრიკაში. ის სარგებლობს სომალის არასტაბილურობით, ქმნის დასაყრდენ პუნქტებს და ქსელებს, რომლებიც იზიდავს მებრძოლებს ეთიოპიიდან, სუდანიდან და ტანზანიიდან, აფართოებს იდეოლოგიურ პროპაგანდას რამდენიმე ენაზე, როგორებიცაა ამჰარული და სუაჰილი.
მაგრამ დაჯგუფება ასევე სწრაფად იზრდება საჰელის რეგიონში, სადაც "ისლამური სახელმწიფო-დასავლეთი აფრიკა" (ISWA) რჩება ერთ-ერთ დომინანტურ ტერორისტულ ორგანიზაციად ჩადის ტბის აუზში.
გადაბირება ხდება არა მხოლოდ ადგილზე, არამედ ასევე ინტერნეტით.
“ისლამური სახელმწიფო” ციფრულ სივრცეშიც აგრძელებს სოციალური მედიის პლატფორმების და დაშიფრული შეტყობინებების საშუალებების ძალიან ეფექტიანად გამოყენებას თავისი იდეოლოგიის გასავრცელებლად, რადიკალიზაციისთვის, გადაბირების, სახსრების მოზიდვისა და თავდასხმების განსახორციელებლად“, - თქვა შტუნიმ.
ის მიუთითებს ევროპაში “ისლამური სახელმწიფოს” მიერ შთაგონებული თავდასხმების ბოლოდროინდელ სერიაზე, რომელმაც, მისი თქმით, აჩვენა სამი შემაშფოთებელი ტენდენცია: რადიკალიზაცია ძირითადად ხდება ინტერნეტით, დაჩქარებული ტემპით და სულ უფრო მეტად მოიცავს არასრულწლოვანებსა და ახალგაზრდებს.
„ონლაინ სივრცე დიდ ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ სამხედრო ოპერაციები გარკვეულწილად შემცირებულია... ტერორიზმთან გლობალურ ომთან შედარებით“, - განუმარტა რადიო თავისუფლებას Tech Against Terrorism-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ლუკას ვებერმა.
როგორ აფინანსებს IS თავის ოპერაციებს?
IS-ი ფინანსურ მდგრადობას შემოსავლის სხვადასხვა წყაროებისა და სხვადასხვა ტაქტიკით ინარჩუნებს.
ხელმძღვანელობაში დანაკარგების მიუხედავად, მისი ბირთვი ერაყსა და სირიაში ინარჩუნებს 10-20 მილიონი დოლარის რეზერვებს, რომელსაც ემატება რეგიონული ფილიალები, რომლებიც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შარშანდელი ანგარიშების თანახმად, სახსრებს გამოიმუშავებენ გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცების, გამოძალვის, გადასახადებისა და ძარცვის გზით.
თავისი ძლევამოსილების ზენიტში, როდესაც დაჯგუფების თვითგამოცხადებული “ხალიფატი” აკონტროლებდა უზარმაზარ ტერიტორიებს ერაყსა და სირიაში, ნავთობის გაყიდვები მისი შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა. ახლა კი, შემოსავლის მისაღებად IS-ი ეყრდნობა დანაშაულებრივ ქმედებებს და ადგილობრივი მოსახლეობის ექსპლუატაციას.
აფრიკაში ფილიალები, როგორიცაა IS-სომალი (ISS) მილიონებს სძალავენ ბიზნესებსა და ფინანსურ ჯგუფებს.
აზიაში, “ისლამური სახელმწიფო - ხორასანი” (ISKP) თავდაპირველად დაზარალდა, როცა მისი ფინანსური ქსელი შეარყია მისი წამყვანი მეთაურების დაპატიმრებებმა და მკვლელობებმა ახლო აღმოსავლეთში. თუმცა ის აღდგა ვირტუალურ აქტივებზე გადასვლით გარე ოპერაციების დასაფინანსებლად - “კროკუს სიტი ჰოლზე” თავდასხმის ჩათვლით.
გლობალური კავშირები კვლავ მნიშვნელოვანია, IS-ი სულ უფრო ხშირად იყენებს კრიპტოვალუტას რეზერვებისა და შემოწირულებების გადასარიცხად. ჯგუფის ფინანსური მდგრადობა დამოკიდებულია უსაფრთხო თავშესაფრების შენარჩუნებაზე, ფინანსური კონტროლისთვის თავის არიდებაზე და გლობალური ქსელების შენარჩუნებაზე.
კონტრტერორისტული ძალისხმევა
ტერორიზმის გლობალურად დასაძლევად აუცილებელია მრავალმხრივი თანამშრომლობა კონტრტერორიზმის სფეროში, რაც ქვეყნებისგან მოითხოვს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, სტრატეგიების შეთანხმებას და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებას ექსტრემისტული მოქმედებების მიმართ ყველაზე მგრძნობიარე რეგიონებში.
რომელიმე მათგანის შემცირება გამოიწვევს იმას, რომ ექსტრემისტული დაჯგუფებები, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო”, იპოვიან განვითარების გზებს, როგორც ეს მოხდა ავღანეთში აშშ-ის ჯარების გაყვანის შემდეგ და საჰელში, აფრიკაში - რეგიონიდან საფრანგეთის ეტაპობრივი გასვლის შემდეგ.
ფრანგული ძალების გაყვანამ საჰელის რეგიონში ასევე გამოიწვია ცვლილებები რეგიონულ ალიანსებში.
„სამხედრო ხუნტები ბურკინა ფასოში, ნიგერსა და მალიში, რომლებიც ბოლოდროინდელი სამხედრო გადატრიალებების შემდეგ გაბატონდნენ, კონტრტერორისტული ვაკუუმის ამოვსებას ცდილობდნენ რუსეთისკენ მიბრუნებით, [რამაც] მნიშვნელოვნად გააღრმავა მისი კვალი რეგიონში“, - თქვა შტუნიმ.
აშშ კვლავ მეთაურობს გლობალურ კონტრტერორისტულ ძალისხმევას რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, რაზეც მოწმობს ბოლოდროინდელი დარტყმები “ისლამური სახელმწიფოს” ობიექტებზე ერაყში, სირიასა და სომალიში.
ამ თვეში კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, დაეხმარა ერაყის ძალებს აბდულა მაკი მუსლეჰ ალ-რიფაის მოკვლაში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც აბუ ხადიჯა. ერაყის მთავრობა აბუ ხადიჯას უწოდებდა "ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტს ერაყში და მსოფლიოში", ის IS-ის ლიდერი იყო ერაყში და სირიაში.
მაგრამ იზრდება შეშფოთება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონში პრიორიტეტების შეცვლამ შეიძლება შეაფერხოს ექსტრემიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლა, „რადგან ცხადი ხდება, რომ აშშ-ს ყურადღება გადააქვს [ქვეყნის] შიგნით და მსოფლიო არენაზე თავისი როლის გადაფასებას ახდენს", - გაფრთხილებას გამოთქვამს შტუნი.
აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა მაიკლ ე. კურილამ, განაცხადა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ათასობით მებრძოლი, რომლებიც სირიაში იმყოფებიან ქურთული, სირიის დემოკრატიული ძალების, მიერ დაცულ ობიექტებში, წარმოადგენს „პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ["ისლამური სახელმწიფოს"] არმიას პატიმრობაში“ და გაფრთხილება გამოთქვა საფრთხეების შესახებ „რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, თუ მათი დიდი ნაწილი გაიქცევა.
კურილამ იანვარში სირიაში ვიზიტის დროს - სირიის დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდებიდან ერთი თვის შემდეგ - თქვა, რომ აშშ-ს არმია „ერთგული რჩება ჩვენი მისიის, ჩვენი ხალხის, ["ისლამური სახელმწიფოს"] საბოლოო დამარცხებისა და მთელს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ სტაბილურობისა".
The Washington Institute for Near East Policy-ის უფროსმა მკვლევარმა, დევორა მარგოლინმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ “ისლამური სახელმწიფო” სირიაში "მოლოდინის თამაშს თამაშობს".
”ის იმედოვნებს, რომ გამოიყენებს ახალი სირიის გაურკვევლობას დესტაბილიზაციისა და თავისი დღის წესრიგის დასამტკიცებლად,” - თქვა მარგოლინმა.
ამასობაში კლარკმა Soufan Group-იდან თქვა, რომ ავღანეთში აშშ-ის არყოფნამ, 2021 წელს მისი გასვლის შემდეგ, "დიდი სადაზვერვო სიცარიელე" დატოვა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში.
”აშშ იძულებული გახდა დაჰყრდნობოდა შორიდან მოპოვებულ დაზვერვის მონაცემებს და მას უკიდურესად შეზღუდული აქვს ადამიანური რესურსით დაზვერვა ავღანეთში,” - თქვა მან.
კლარკმა IS-ს უწოდა "დღეს ბევრად განსხვავებული ორგანიზაცია, ვიდრე ის იყო შვიდი წლის წინ, როცა მას ჯერ კიდევ ჰქონდა “ხალიფატი" და თქვა, რომ ის "ბევრად უფრო დამოკიდებულია გარე ოპერაციებზე და თავდასხმებზე იმისთვის, რომ ყურადღება მიიპყროს".
”მათ განზრახ შეცვალეს თავიანთი სტრატეგია, რათა ყურადღება გადაიტანონ მაღალი დონის თავდასხმებზე დასავლეთში" - თქვა მან. "ისინი არიან აგრესიულები და დაუნდობლები თავიანთი ზრახვებით და უდრეკნი გადაწყვეტილებით, განახორციელონ დიდი თავდასხმა ევროპაში ან აშშ-ში.”