Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პოლიტიკურმა პარტიებმაც თავისი როლი უნდა ითამაშონ იმის განსაზღვრაში, თუ რა იქნება ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ"


ირაკლი სირბილაზე, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) ანალიტიკოსი
ირაკლი სირბილაზე, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) ანალიტიკოსი

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) ანალიტიკოსი, ირაკლი სირბილაძე თვლის, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია არის როგორც საქართველოს ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის, ასევე სხვა პოლიტიკური აქტორების, უპირველესად კი ოპოზიციის საქმეც, რაზეც უნდა არსებობდეს პოლიტიკური თანხმობა ქვეყნის შიგნით.

ირაკლი სირბილაძე „დილის საუბრებში“ ლაპარაკობს ევროპარლამენტის არჩევნების (23-26 მაისი) შედეგების მნიშვნელობაზე ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის:

„ევროპარლამენტის არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რა პოლიტიკური პარტიები არიან წამოსული წინა პლანზე, ამას მნიშვნელობა აქვს იმისთვის, თუ რა პოლიტიკური განწყობები იქნება ევროპის შიგნით. როგორც ვიცით, ევროკავშირში ბევრი გამოწვევაა ბევრი მიმართულებით, რაც ხშირად ევროკავშირს აყენებს იმ მდგომარეობაში, რომ კონცეტრირება მოახდინოს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე და ნაკლებად იზრუნოს საგარეო პოლიტიკაზე და გაფართოებაზე, რომელიც ჩვენი - საქართველოს ინტერესში შეიძლება შედიოდეს“.

GIP-ის ანალიტიკოსი ბოლო ათწლეულში ევროპაში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების აღმასვლას ხედავს ამომრჩევლის გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად:

„ევროპარლამენტის არჩევნები, როგორც წესი, აქამდე მიიჩნეოდა მეორეხარისხოვან არჩევნებად, რომელსაც ისეთივე მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, როგორიც აქვს ეროვნულ არჩევნებს ევროკავშირის წევრ თითოეულ სახელმწიფოში. ამომრჩევლის გადასახედიდან არის ასე. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, როგორია ამომრჩევლის აქტივობა ევროპულ არჩევნებში, 1999 წლიდან იწყება კლება და დაახლოებით 40-43%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც საკმად დაბალი მაჩვენებლია

ამ არჩევნებში აქტივობამ შეადგინა 51% და ამითაც არის გამორჩეული, რამაც საფუძველი მისცა იმას, რომ ევროპარლამენტი როგორც ინსტიტუტი, როგორც დემოკრატიული და ერთადერთი ინსტიტუტი, რომლის წევრებსაც პირდაპირი წესით ირჩევენ მოქალაქეები, ცდილობს გაზარდოს თავისი როლი“.

ირაკლი სირბილაძე ყურადღებას ამახვილებს ახლო მომავალში ევროკავშირის აღმასრულებელი ინსტიტუტის - ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის პროცესის გააქტიურებაზე და ამ პროცესში ევროპარლამენტის როლზე:

„ახლა უნდა დაიწყოს პროცესი, როცა უნდა მოხდეს ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევა. 1 ნოემბრიდან ევროკომისიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ევროპარლამენტის არჩევნების ფორმალურად დასრულების შემდეგ, დაიწყება კონსულტაციები როგორც წევრ სახელმწიფოებს შორის, ისე ინსტიტუციებს შორის ევროკომისიის პრეზიდენტის შესარჩევად.

ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგენს თავის პროგრამას და ამ ხედვას დაეფუძნება ევროკომისიის პოლიტიკა მომდევნო 5 წლის მანძილზე. ამ მხრივაც მნიშვნელოვანია რა ძალთა ბალანსი იქნება ევროპარლამენტში“.

ამ კონტექსტში პოლიტიკის ანალიტიკოსი ხაზს უსვამს საქართველოს პარტიების (საპარლამენტო და არასაპარლამენტო) აქტიურობას თავიანთ ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში:

„პოლიტიკურმა პარტიებმაც ასევე თავისი როლი უნდა ითამაშონ იმის განსაზღვრაში, თუ რა იქნება ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შესთვაზონ თავიანთი ხედვა. აი, მაგალითად, თუ გავიხსენებთ 2014 წელს, როცა კომისიის ახლანდელმა პრეზიდენტმა თავისი პროგრამა წარადგინა ევროპარლამენტში, მაგალითად, გაფართოებასთან დაკავშირებით, პირდაპირ განაცხადა, რომ ახლანდელ ვადაში ის არ არის გაფართოების კომისია, ანუ ევროკავშირი არ გაფართოვდება, ახალ წევრს აღარ დაიმატებს, თუმცა გაღრმავდება პარტნიორობა სხვა სახელმწიფოებთან დადასავლეთ ბალკანეთის მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. აქ აღსანიშნავია ის, რომ ამ პროგრამაში საქართველო არ არის ნახსენები. ნახსენებია, მაგალითად, უკრაინა და მოლდოვა, მაგრამ არ არის ნახსენები საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორი“.

სწორედ ამ მომენტის, ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის ფონის გამოყენებას თვლის ახლა მართებულად ირაკლი სირბილაძე:

„ამ კუთხით შეიძლება მოხდეს კონსენსუსის მიღწევა ქვეყნის შიგნით და ეს არ არის მარტო ბიუროკრატიის და დიპლომატიის გასაკეთებელი საქმე, არამედ პოლიტიკურმა პარტიებმაც ევროპის პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ უფრო მეტად საქართველო იყოს წარმოდგენილი იმ პროგრამულ დოკუმენტებში, რომლებსაც ევროკომისია წარადგენს ევროპარლამენტის წინაშე, ამიტომ ვფიქრობ, ეს ასათვისებელი მომენტია პოლიტიკური პარტიების მხრიდან“.

რაც შეეხება ძალთა ბალანსს ევროპარლამენტში 2019 წლის არჩევნების შემდეგ, 6 ივნისის მონაცემებით, 751 წევრიან პარლამენტში ყველაზე მეტი - 179 წევრი ჰყავს ევროპის სახალხო პარტიას (EPP), მეორე შედეგი (153) აჩვენა სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმა (S&D), მესამე პოზიციაზეა (106) ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE&R), მეოთხეზე (74) - მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი (Greens/European Free Alianse), მეხუთეზე (64) - ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR), მეექვსეზე (58) - ევროპის ერებისა და თავისუფლების ჯგუფი (ENF), მეშვიდეზე (54) - ევროპის თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ჯგუფი (EFDD).

“რეალურად თუ გადავხედავთ ძალთა ბალანსს ევროპარლამენტში, ორი ძირითადი ტრენდი შეიმჩნევა. პირველი არის ის, რომ მეინსტრიმული პარტიები, რომლებიც იყვნენ ევროპარლამენტის შიგნით - ეს არის ევროპის სახალხო პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომლებსაც 2014 წლის არჩევნების შედეგად საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა ჰქონდათ და ამ ორ პოლიტიკურ ძალას ერთად შეეძლო უმრავლესობით მიეღო გადაწყვეტილება, რადგან ამისთვის საჭიროა 751-ის ნახევარი, ახლა ვხედავთ, რომ ეს აღარ შეუძლიათ. ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა, რომ ამ ძალებმა ითანამშრომლონ, მათ შორის ლიბერალ-დემოკრატებთან და მწვანეებთან. ეს კრიზისი და სირთულეები ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით უკვე გამოიხატება. ანუ ევროპის სახალხო პარტია, რომელმაც აიღო ყველაზე მეტი ხმა, წესით მას უნდა მიეცეს უფლება, რომ თავისი კანდიდატი წარადგინოს და ამას შემდეგ უყრიან კენჭს ევროპარლამენტის წევრები, თუმცა, მაგალითად, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია არ ემხრობა ამ კანდიდატს. უფრო ფრაგმენტირებული გახდა ევროპარლამენტი. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდა ვთქვათ, რომ ეს ორი ძალა რჩება წამყვან, დომინანტ ძალად, რომელთა გარეშეც ვერც სხვა მიიღებს გადაწყვეტილებას“, - ამბობს ირაკლი სირბილაძე.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG