“ზამბიაში სკოლებში გამოალოცინეს ვალუტის კურსი. რა თქმა უნდა, ამან ვერც ზამბიის ეკონომიკას უშველა და ვერც ვალუტის კურსს. ჩვენ შედარებით მაღალ დონეზე ვართ და გვაჯერებენ, რომ თურქეთი და საგარეო შოკები მოქმედებს. ჩვენთვის ეს „გამოლოცვაა“ შემოთავაზებული, უფრო მაღალი ტერმინოლოგიაა გამოყენებული. ახლა თურქეთის გავლენა ჩაიხსნა? განვითარდა მათი ეკონომიკა და აღარ მოქმედებს? ახლა უცებ "კარგი" თემა გამოჩნდა - რუსეთის ემბარგოს მოლოდინი, ტურისტების შემცირება. უფრო ადვილად გაყიდვადია, ვიდრე თურქეთის თემა.
რეალურად ყველაფერი არის მარტივი - ფულის მასებს შორის თანაფარდობა“, - ამბობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი მაკალათია რადიო თავისუფლების ეთერში.
ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მისი საინვესტიციოდ მიმზიდველობის ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიმდინარე მოვლენები. „ტიბისი“-ს საქმეზე ირაკლი მაკალათია ამბობს:
„„თეთრი“ ფული აიღეს და გადაათამაშეს ისე, რომ არც აქციონერები დაზარალებულან, არც ბანკი, არც უკმაყოფილოა ვინმე და ეროვნული ბანკი და მარეგულირებლები დარდობენ, რომ აქციონერებს ზარალი მიადგათო, 11 წლის მერე იწყებენ ამაზე ზრუნვას…“.
რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს:
„რაც უფრო შესულია ეკონომიკაში სახელმწიფო, მით უფრო დიდია პოლიტიკური გავლენები. ანალოგიურია - ანაკლიის პორტი მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაა და შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკა ტარდება აქ: რუსეთს არ აწყობს, არ გაკეთდება, აწყობს - გაკეთდება. ეს რომ ყოფილიყო კერძო სააქციო საზოგადოება კერძო მესაკუთრეებით, ეყოლებოდა უცხოელი ინვესტორები, ქართველი ინვესტორები, გაკეთდებოდა მშვენივრად რუსეთის გავლენის გარეშე“.
რამდენად აბათილებს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, როცა ისინი ირწმუნებიან თავიანთ გულშემატკივრობას ანაკლიის პროექტის მიმართ, იმ ეჭვებითა და ნეგატიური მოლოდინით გაპირობებულ ზიანს, რასაც მიმდინარე პროცესები ქმნის:
„ცხადია, მათ განცხადებებს რაც შეეხება, ასეთი უნდა იყოს, სხვანაირი ვერ იქნება. არ განხორციელდებაო, ხომ არ იტყვიან? ვფიქრობ, შეიძლება ძალიან ბევრ მათგანსაც სურს, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს და ეკონომიკა განვითარდეს, მაგრამ ვერ ხდება პოლიტიკის გამო, ზეწოლის გამო. როგორც ჩანს, ეს რუსეთის თემა არ დასრულდა. რუსეთს ვყავართ 20% ტერიტორიით ოკუპირებული და 100%-ით ეკონომიკურად და აზროვნებით ოკუპირებული“.
ირაკლი მაკალათია არ თვლის მართებულად რუსეთის რუბლის საქართველოში ბრუნვის შემზღუდავ რეგულაციებს:
„რუბლის მოცულობა კი არ უნდა შევზღუდოთ, დოლარის მოცულობა უნდა გავზარდოთ, რომ იმ შეფარდებითი პროცენტული მაჩვენებლით რუბლი შემცირდეს და დიდ გავლენას ვერ ახდენდეს, ანუ სხვა ვალუტების შემოდინება უნდა გაიზარდოს, რომ პროცენტული წილით რუბლი შემცირდეს“.
იმის მიზეზად, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე მკვეთრ და მყისიერ ზეგავლენას ახდენს ესა თუ ის მოვლენა, ეკონომისტი საქართველოს ეკონომიკის სიმცირეს ასახელებს. ამასთან, თვლის, რომ მცირე ეკონომიკა არ არის მცირე ქვეყნის ბედისწერა:
„საუბარია ხოლმე იმაზე, რომ პატარა ეკონომიკა გვაქვს, მცირე ეკონომიკა გვაქვს. ამას უკავშირებენ იმას, რომ მცირე ტერიტორიის, პატარა ქვეყანა. მაგრამ, ლუქსემბურგი, რომელიც 27-ჯერ ნაკლებია ტერიტორიულად ჩვენზე, დაახლოებით 4-ჯერ დიდი ეკონომიკა აქვს აბსოლუტურ მაჩვენებლებში და 1 სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით მსოფლიო რეიტინგში მეორეზეა. ასე რომ, ტერიტორია არ განსაზღვრავს შენს ეკონომიკას და ეკონომიკა მცირე იმიტომ კი არ გვაქვს, რომ ტერიტორია გვაქვს მცირე, არამედ იმიტომ, რომ კერძო სექტორია მცირე და სახელმწიფო სექტორია დიდი“.
ირაკლი მაკალათია კვლავაც კრიტიკულად აფასებს სახელმწიფოს მონაწილეობას ეკონომიკაში:
“რეალურად თავისუფლება რომ გვინდა და გვიყვარს თავისუფლება, ეს თავისუფლება არ გამოდის, თუ ეკონომიკური თავისუფლება არ გვექნება, თუ ჩვენი ფინანსებით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, თუ ეკონომიკურად არ ვიქნებით დამოუკიდებლები (იქნება ეს მოქალაქე სახელმწიფოზე, თუ ჩვენი სახელმწიფო რუსეთზე). ეკონომიკური თავისუფლებით უნდა დავიწყოთ, რომ რეალურ თავისუფლებაზე გავიდეთ”.
„დილის საუბრების“ სტუმარი ლაპარაკობს აგრეთვე ეროვნული ბანკის კონკრეტულ როლზეც ლარის კურსის ცვლილებაში, მათ შორის - ფულის მასის ბეჭდვასა და სავალუტო ინტერვენციას.